ახალი ამბები

ილიას უნივერსიტეტში მოკლული ლექტორის საქმეზე შსს-ს მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა

25 დეკემბერი, 2017 • 3316
ილიას უნივერსიტეტში მოკლული ლექტორის საქმეზე შსს-ს მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა

ილიას უნივერსიტეტში მოკლული ლექტორის, მარიკა წივწივაძის საქმეზე  საქალაქო სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” ადვოკატმა სოფო გოგიშვილმა განუცხადა. სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა. სოფო გოგიშვილი განმარტავს, რომ შსს-ს სარჩოს სახით  გარდაცვლილის შვილისთვის ყოველთვიურად იმ ხელფასის ნახევარის გადახდა დაეკისრა, რასაც მარიკა წივწივაძე იღებდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ თანხის გადახდა მანამდე მოუწევს, სანამ ბავშვი სრულწლოვანი არ გახდება.

“საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა მარიკა წივწივაძის დედის თალიკო თხელიძის სარჩელი, რომლითაც ითხოვდა მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას, რადგან პოლიციელებმა ოჯახში ძალადობის ქმედებებზე არაჯეროვანი რეაგირება განახორციელეს. არ იყო გამოწერილი არც შემაკავებელი ორდერი, არ დაწყებულა სისხლის სამართლებრივი დევნა იმ საქმეებზე, რომლებზეც მარიკა მიმართავდა, და აქედან გამომდინარე ჩვენ ვითხოვდით ზიანის ანაზღაურებას,”-აცხადებს სოფო გოგიშვილი.

ადვოკატის თქმით,  მოსამართლის დასაბუთება ჯერ ცნობილი არ არის. 2014 წლის 17 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის C კორპუსის მეორე სართულზე ყოფილმა ქმარმა  ლექტორი მარიამ წივწივაძე ლექციიდან გამოიყვანა და ესროლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.

მძიმედ დაჭრილი მარიამ წივწივაძე სასწრაფო დახმარების ჯგუფმა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩევნა ექიმებმა ვერ შეძლეს. მკვლელობამდე მან რამდენჯერმე მიმართა პოლიციას მისი ყოფილი მეუღლის მხრიდან ძალადობისa და მუქარის შესახებ, თუმცა პოლიცია მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი