ახალი ამბები

პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანთან შეხვედრაზე საქართველოში რუსეთის უკანონო ქმედებებზე ისაუბრა

25 დეკემბერი, 2017 • 1656
პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანთან შეხვედრაზე საქართველოში რუსეთის უკანონო ქმედებებზე ისაუბრა

25 დეკემბერს საქართველოს სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი ეწვია.

სომხეთის პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტებმა ორმხრივი პოლიტიკური თანამშრომლობისა და ურთიერთობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.

გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრისას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და რუსეთის უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით ისაუბრა. საკითხი შეეხო, როგორც საქართველოს მიერ წარმოებულ არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერის მნიშვნელოვან ასპექტებს, ასევე, რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის პოლიტიკას, რომელიც რუსეთის ფედერაციის ფაქტობრივი ინტეგრაციით ხორციელდება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სერჟ სარგსიანს რუსეთის უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება ნოემბერში სოხუმში რუსეთის ფედერაციის საბაჟო სამსახურის წარმომადგენლობის გახსნას. ასევე, გაკეთდა განცხადება ახალგორის რაიონში .. საბაჟო პოსტის გახსნის შესახებ.

პრეზიდენტებმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს და აღნიშნეს, რომ დღეს საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობა წარმოადგენს მისაბაძ მაგალითს განსხვავებული გეოპოლიტიკური ვექტორის სახელმწიფოების თანამშრომლობისათვის.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში სომხეთის პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესა და კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი