ახალი ამბები

გახარია: არსებული ნარკოპოლიტიკა გარკვეულ ნაწილში რეპრესიულია

24 დეკემბერი, 2017 • 2514
გახარია: არსებული ნარკოპოლიტიკა გარკვეულ ნაწილში რეპრესიულია

დღეს არსებული კანონი გარკვეულ ნაწილში არის რეპრესიული და ჩვენ ამაზე შეთანხმებულები ვართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ უნდა მოხდეს სრული დეკრიმინალიზაცია, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ტელეიმედში სტუმრობისას განაცხადა, სადაც თეთრი ხმაურის მოძრაობის მოთხოვნებთან დაკავშირებით დაუსვეს შეკითხვა.

გიორგი გახარიას თქმით, დღეის მდგომარეობით რამდენიმე ახალი მდგენელი არსებობს და მაგალითად საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ბოლო პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებები მოჰყავს, რამაც ახალ სტატუსკვო შექმნა მარიხუანასთან დაკავშირებით.

შს მინისტრის თქმით, ნარკოპოლიტიკის შეცვლის ინიციატორებთან თანხმდება ნარკომომხმარებლის შემოწმებისა და ნარკოდანაშაულის სასჯელის უფრო ჰუმანურად გარდაქმნის ნაწილში: “რა თქმა უნდა, აქ შესაძლებლობები არსებობს – ერთმანეთთან უფრო ახლოს უნდა მივიდეთ და პროგრესი გვჭირდება.”

გიორგი გახარიას თქმით, მთავრობას აქვს რამდენიმე შეკითხვა, რაზეც მხარეებმა ურთიერთობით და კომუნიკაციით უნდა გამონახონ საერთო ენა, ხოლო იგნორზე საერთოდ არ არის საუბარი.

“საუბარია იმაზე, რომ მივიღოთ სწრაფი გადაწყვეტილებები, თუ მივიღოთ გააზრებული გადაწყვეტილებები; გამოვიკვლიოთ თუ არა საზოგადოებრივი აზრი, რასაც ჩვენ ოფიციალურად ვაცხადებთ დღეს, რომ ვაპირებთ – გამოვიკვლევთ ამ ნაწილში საზოგადოებრივ აზრს, რამეთუ შსს-ს ძირითადი ამოცანა ამ მიმართულბით გახლავთ ნარკოდანაშაულთან ბრძოლა. რა თქმა უნდა, ჩვენი კოლეგებიც გვეთანხმებიან იმაში, რომ ისეთი მძიმე დანაშაულები, როგორიც არის ნარკოტრაფიკი და გავრცელება, ეს ის დანაშაულებია განსაკუთრებით მძიმე ნარკოტიკების ნაწილში, რომელთან უნდა იყოს აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვნი მკაცრი ბრძოლა, მაგრამ ჩვენ გვაქვს რამდენიმე შეკითხვა:

  • სად გადის ზღვარი მძიმე ნარკოტიკების კონტექტში მოხმარებასა და მოხმარების წახალისებას შორის?
  • როგორ შეგვიძლია დღეს ჩვენ ვიმსჯელოთ აქ გამიჯვნაზე?
  • არის თუ არა ეკონომიკურად ჩვენი საზოგადოება დღეს მზად იმისთვის, რომ მსგავსი რადიკალური ცვლილებები მიიღოს?

ეს ის საკითხებია, რომლებზეც მზად ვართ საუბრისთვის და აბსოლუტურად ღია ვართ ამ საუბრისთვის. თუ რამე შეფერხება იყო ამ საუბრის კონტექსტში, მხოლოდ და მხოლოდ გარკვეული აქტიური ქმედებების გამო, რომელიც ბოლო ერთი თვის განმავლობაში მოგვიწია,” – აცხადებს შინაგან საქმეთა მინისტრი ტელეიმედთან მიცემულ ინტერვიუში.

გიორგი გახარიას თქმით, ყველანაირი საკანონმდებლო ცვლილება და შინაარსობრივი რეფორმა, რაც ეხება შსს-ს ან საკანონმდებლო ჩარჩოს, რომელიც შემდგომ უნდა აღასრულოს ამ უწყებამ, საზოგადოებასთან ახლო ურთიერთობის გარეშე ვერ განხორციელდება. მინისტრის თქმით, საზოგადოების ჩართულობის გარეშე, სასურველი შედეგი არ მიიღწევა:

“ამიტომ ვამბობ, რომ ვართ აბსოლუტურად ღია და ვგრძნობთ საზოგადოების მხარდაჭერას, პირველ რიგში, იმ რეფორმების გატარებაში, რომელიც დაგეგმილი გვაქვს, რამეთუ სხვანაირად ხარისხობრივ გაუმჯობესებას ვერ შევძლებთ.”

[red_box]ახალი კანონის მოლოდონში[/red_box]

21 დეკემბერს შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მას არ მოუსმენია ისეთი არგუმენტები, რის გამოც მძიმე ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციაზე დაიწყებოდა საუბარი. თუმცა, როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, სადაც ადამიანის ღირსებასა და შეუსაბამო სასჯელს ეხება საკითხი, იქ შესაძლებელია თანამშრომლობა. შს მინისტრის განცხადებას პრემიერ-მინისტრიც დაეთანხმა – გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ის აბსოლუტურად იზიარებს გახარიას სულისკვეთებას.

22 დეკემბერს მთავრობის კანცელარიასთან თეთრი ხმაურის მოძრაობის აქტივისტებმა აქცია გამართეს, რითიც შინაგან საქმეთა მინისტრისა და პრემიერ-მინისტრის უარყოფით პოზიციებს უპასუხეს ჰუმანური ნარკოპოლიტიკის მისაღებად პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით. ისინი აღმასრულებელ ხელისუფლებასთან შეხვედრას ითხოვენ იმისთვის, რომ წარუდგინონ საფუძვლიანი და მეცნიერული არგუმენტები, თუ რატომ არის მოქმედი ნარკოპოლიტიკა შესაცვლელი.

შს მინისტრმა და პრემიერმა პარლამენტში განაცხადეს, რომ არ ჰყოფნით არგუმენტები მოქმედი ნარკოპოლიტიკის ცვლილებებისთვის და ლიბერალიზაციისთვის, ხოლო თეთრი ხმაურის მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ პირიქით – აღარ არსებობს არგუმენტი მოქმედი ნარკოპოლიტიკის სასარგებლოდ. ახალი კანონპროექტის მიღების მომხრეები აცხადებენ, რომ 12 წლის განმავლობაში უფრო გაზრდილია ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობა, ინფექციებით დაავადებულთა რაოდენობა და ზედოზირებით დაღუპულთა შემთხვევებიც.

პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში არაერთ ადგილას, არაერთ ფორმატში განიხილეს. ცვლილებებს ემხრობიან მმართველი გუნდის დეპუტატთა ნაწილი და თითქმის მთელი კვალიფიციური ოპოზიცია. მიუხედავად ამისა, ხელისუფლება ჯერჯერობით არ აპირებს ახალი კანონპროექტის მიღებას, რაც იყო 10 დეკემბერს გამართული მასშტაბური აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა.

კანონპროექტის სამომავლო შედეგებზე, ასევე, არსებობს სპეციალური კვლევა, რომელიც სხვადასხვა ორგანიზაციების დახმარებით პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის აპარატმა მოამზადა. პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მისი კოლეგები მხარს დაუჭერენ პარლამენტში შეტანილ კანონპროექტს ნარკოპოლიტიკის შესახებ, მომდევნო 10 წლის განმავლობაში გადაარჩენენ ათიათასობით ადამიანის სიცოცხლეს და მილიარდი ლარის სარგებელს მოუტანენ ქვეყანას.

მასალების გადაბეჭდვის წესი