ახალი ამბები

გახარია: შეუძლებელია, ერთ დღეში პოლიციის 40 000 თანამშრომელი გახდეს სრულიად ახალი ადამიანი

24 დეკემბერი, 2017 • 3761
გახარია: შეუძლებელია, ერთ დღეში პოლიციის 40 000 თანამშრომელი გახდეს სრულიად ახალი ადამიანი

შეუძლებელია, ერთ დღეში პოლიციის 40 000 თანამშრომელი გახდეს სრულიად ახალი ადამიანი, – ეს განცხადება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა Birja Mafia-ს რეპერების საქმესთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე ტელეიმედში სტუმრობისას გააკეთა.

გიორგი გახარიას განცხადებით, გასათვალისწინებელია ის, რომ პოლიციელიც საზოგადოების ნაწილია, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმების ძირითადი შინაარსობრივი ნაწილი სწორედ ამაში მდგომარეობს.

“ჩვენ ვამბობთ ასეთ რამეს – შეუძლებელია, ერთ დღეში პოლიციის 40 000 თანამშრომელი გახდეს სრულიად ახალი ადამიანი. რეფორმების გარეშე და რეფორმების შინაარსობრივი რეფორმის გარეშე ჩვენ სახეცვლილ პოლიციას ვერ მივიღებთ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს რაიმე ინდულგენციას ვაძლევთ ისევე, როგორც სამოქალაქო საზოგადოების ცნობად სახეებსაც ასეთ ინდულგენციას ვერ მივცემთ. შესაბამისად, საზოგადოებასთან ერთად გვესმის, რომ გვჭირდება შინაარსობრივი რეფორმები. ამ შინაარსობრივი რეფორმების არსი უნდა მდგომარეობდეს როგორც საკადრო პოლიტიკის, საგანმანათლებლო ნაწილის, ასევე მკაფიო და აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვანი კონტროლის მექანიზმებში, რათა ნელ-ნელა ეს გაუცხოების მექანიზმი გადავლახოთ. ჩვენ ხომ ყველას კარგად გვესმის ერთი რამ – გამართული, პოლიტიკურად ნეიტრალური საპოლიციო სისტემა ჩვენი საზოგადოების, ყველას ინტერესშია,” – განუცხადა ტელეიმედს შს მინისტრმა.

როგორც გიორგი გახარია აცხადებს, ესმის, რომ საზოგადოებას არ აქვს ვალდებულება, ითმინოს პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება. თუმცა, შს მინისტრი ასევე ამბობს, რომ ერთ დღეში მსგავსი შედეგის დადგომა შეუძლებელია:

“ამიტომ, ვთხოვთ საზოგადოებას, რეფორმირების კონტექტსში იყოს ჩვენთან ერთად. ჩვენ ამ პირობას და მოთხოვნის უფლებას გვაძლევს ის გახსნილობა, მაქსიმალური ტრანსპარენტობა, როგორსაც ვაპირებთ და ვამბობთ ერთ რამეს – ჩვენი მიდგომა იქნება ღია და ტრანსპარენტული. მზად ვართ, თითოეული მსგავსი შემთხვევა დეტალურად განვიხილოთ როგორც საზოგადოებასთან, ასევე უფლებამოსილ უწყებებთან ერთად და რა შედეგიც დადგება, ის შედეგი იყოს აღსრულებითი, უკლებლივ, პოლიციის ფორმით იქნება ეს ადამიანი თუ საზოგადოების ცნობადი სახე. ეს არის ერთადერთი გამოსავალი, რომ ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივიდეთ იმ შედეგამდე, რომ შევძლოთ ურთიერთნდობის ამაღლება. სხვანაირად, ის შედეგი, რასაც ჰქვია უსაფრთხო საზოგადოება და კრიმინალის დამარცხება, იქნება შეუძლებელი.”

[red_box]რეპერების საქმე[/red_box]

გიორგი ქებურია და მიშკა მგალობლიშვილი 6 ივნისს სხვადასხვა ადგილებზე დააკავეს. მათ ბრალად მათ ნარკოტიკული ნივთიერების ქონა ედებოდათ, რაც სასჯელის სახით 8-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს. ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლომ 9 ივნისს შეუფარდა. 12 ივნისს კი, სააპელაციო სასამართლომ Birja Mafia-ს ორი წევრი, რომელთაც ნარკოდანაშაულში ედებოდათ ბრალი, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა წინასწარი პატიმრობიდან. ამ გათავისუფლებას წინ უძღოდა Birja Mafia-ს წევრების მხარდასაჭერად და ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მოთხოვნით თბილისის ცენტრში გამართული აქცია, რომელშიც ათასობით ადამიანი მონაწილეობდა.

აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასაც და აცხადებენ, რომ Birja Mafia-ს წევრებს ნარკოტიკი ვიდეოკლიპში პოლიციელის გაშარჟების გამო “ჩაუდეს”. ამ საკითხის შესახებ განცხადებები გაავრცელეს პრემიერმაენერგეტიკის მინისტრმა კალაძემ და ბერა ივანიშვილმა.

18 დეკემბერს, თითქმის ექვსთვიანი გამოძიების შემდეგ, თბილისის პროკურატურამ ჯგუფ Birja Mafia-ს წევრების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა, რითიც დადასტურდა, რომ გიორგი ქებურიასა და მიშკა მგალობლიშვილს არანაირი ნარკოტიკული საშუალება ჰქონიათ დაკავების დროს.

მასალების გადაბეჭდვის წესი