ახალი ამბები

თბილისის მერია: კუს ტბის ტერიტორიაზე არ მიმდინარეობს და არც იგეგმება ხეების გაჩეხვა

31 ივლისი, 2013 • • 1218
თბილისის მერია: კუს ტბის ტერიტორიაზე არ მიმდინარეობს და არც იგეგმება ხეების გაჩეხვა

როგორც მერიაში აცხადებენ, აღნიშნულ ტერიტორიაზე არ მიმდინარეობს და არც იგეგმება ხეების გაჩეხვა.

 

“კუს ტბის ტერიტორიაზე ბავშვთა მოსასვენებელი ცენტრის მშენებლობასთნ დაკავშირებით, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებთან არაფრისმომცემი დავის ნაცვლად, გვინდა საზოგადოებას მივაწოდოთ ობიექტური ინფორმაცია მიმდინარე პროექტის შესახებ. განვმარტავთ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე არ მიმდინარეობს და არც იგეგმება ხეების გაჩეხვა, ხდება მხოლოდ ბუჩქოვანი ნარგავების გადარგვა(ტერიტორიაზე განთავსებულია ძირითადად ბუჩქოვანი ნარგავები და რამოდენიმე ფოთლოვანი ხე) და პროექტის დასრულების შემდეგ მოხდება ტერიტორიის დამატებითი ნარგავებით გამწვანება. კუს ტბის მიმდებარედ არსებული 2500 კვ.მ მიწის ნაკვეთი სარეკრეაციო ზონა (რზ-3) 2011 წელს, აუქციონის წესით 650 000 ლარად შპს „ემ ჯგუფი ინფო“-ზე გასხვისდა, რომელსაც შემდეგ შპს „კოლორიტი“ ჩაენაცვლა. ინვესტორს ეკისრება ვალდებულება, აღნიშნულ ტერიტორიაზე მოაწყოს ბავშვთა გასართობი და საოჯახო ტიპის მოსასვენებელი რეკრეაციული ზონა. ასევე გაარემონტოს ე.წ „ციყვების“ ატრაქციონი და უზრუნველყოს ტერიტორიის შემდგომი მოვლა-პატრონობა. შესაბამისად, აღნიშნულ ტერიტორიაზე პროექტი ხორციელდება კანონის სრული დაცვით, არსებული გარემოსთვის ზიანის მიუყენებლად, ხოლო პროექტის დასრულების შემდეგ ქალაქს შეემატება კიდევ ერთი კეთილმოწყობილი რეკრეაციული ზონა”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც მერია ავრცელებს.

 

კუს ტბის ფერდობზე, ე.წ. “ციყვების” ტერიტორიაზე შპს კოლორიტი რესტორანს აშენებს. მოსახლეობა უკვე სამი დღეა ადგილზე საპროტესტო ღონისძიებას მართავს და აცხადებს, რომ კომპანიას მშენებლობისთვის ნერგების ამოღების უფლებას არ ამისცემს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი