ახალი ამბებისამართალი

“ნარინჯისფერი თუ გაცვიათ, პოლიციის სამიზნე ხართ” – რატომ დააკავეს პოეტი ზვიად რატიანი

24 დეკემბერი, 2017 • 11791
“ნარინჯისფერი თუ გაცვიათ, პოლიციის სამიზნე ხართ” – რატომ დააკავეს პოეტი ზვიად რატიანი

საპოლიციო კონტროლის დროს ზვიად რატიანი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს, ხოლო თვითონ პოეტი სამართალდამცველებს ცემაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ სამოქალაქო ფორმებში გადაცმულმა პირებმა ნარჯინჯისფერი ქურთუკის გამო გამოიწვიეს კონფლიქტი. ადვოკატის ინფორმაციით, ზვიად რატიანს ნამდვილად აღენიშნება სხეულზე დაზიანებები.

ზვიად რატიანის უფლებებს “ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” (EMC) იცავს. ორგანიზაციის იურისტი ამ დრომდე ზვიად რატიანთან ერთად იმყოფება, რის გამოც ნეტგაზეთი მას ვერ უკავშირდება. ადვოკატმა პოეტის მონათხრობი დაკავების შესახებ ლიბერალს მოუყვა.

რატიანი ამბობს, რომ ბანკომატთან რამდენიმე ადამიანი მიუახლოვდა, რომლებიც არ იყვნენ პატრულის თანამშრომლები, რადგან არ ეცვათ პოლიციის ფორმა. როგორც პოეტი ამბობს, თავდაპირველად ვერც აღიქვა, რომ ეს პირები შსს-ს თანამშრომლები იყვნენ. ზვიად რატიანის მონათხრობით, თავად მას ნარინჯისფერი ქურთუკი ეცვა, ხოლო მასთან მისულმა პიროვნებებმა დამცინავად ჰკითხეს, თუ რატომ იყო ასეთი ფერის ტანსაცმლით შემოსილი, რაზეც პოეტმა  უპასუხა, რომ ეს მათი საქმე არ იყო.

როგორც ლიბერალი პოეტის მონათხრობის მიხედვით წერს, ეს საუბარი გამწვავდა და შსს-ს თანამსრომლებმა რატიანი მანქანაში ჩასვეს, რა დროსაც სცემეს კიდეც. ზვიად რატიანი ამბობს, რომ ფიზიკურად მანქანაშიც გაუსწორდნენ, ხოლო შემდეგ პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, თუმცა, როგორც იხსენებს,  გზაში, სანაპიროზე, მოფარებულ ადგილზეც ჩამოსვეს და იქაც სცემეს. მისი თქმით, ხელებზე და ფეხებზეც ბორკილები დაადეს და ბოლოს, ტელეფონზე ერთსაათიანი ლაპარაკის შემდეგ დიღომში, იზოლატორში გადაიყვანეს.

პოეტ ზვიად რატიანის მხარდასაჭერად პოლიციასთან მისი კოლეგები და მეგობრები შეიკრიბნენ. 24.12.2017. ფოტო: ნინო ბექიშვილი

“ქართველო კაცებო, იცოდეთ, ქურთუკი უნდა იყოს შავი ან ნაცრისფერი. ნარინჯისფერი თუ გაცვიათ, პოლიციის სამიზნე ხართ,” – აცხადებს ზვიად რატიანის მეგობარი, ნინო ბექიშვილი.

როგორც ნინო ბექიშვილმა ნეტგაზეთს განუცხადა, გენერალური ინსპექციის წარმომადგენელმა მას უთხრა, რომ ზვიად რატიანს დღეს გაათავისუფლებენ.

ამ დროისთვის ზვიად რატიანს გენერალურ ინსპქციაში ჰკითხავენ, ხოლო შენობისთან პოეტის მხარდასაჭერად მისი კოლეგები და მეგობრები იმყოფებიან. როგორც ზვიადის მეგობრები აცხადებენ, სამაგალითოდ უნდა დაისაჯონ ის პოლიციელები, რომლებმაც ზვიად რატიანი სცემეს.

ნეტგაზეთი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს, რომ ზვიად რატიანი 173-ე მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციელის კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობას გულისხმობს. შსს-ს განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება, პოლიციელების მიმართ აუცილებლად გატარდება კანონით გათვალისწინებული ზომები.

პირველადი შესწავლის შედეგად, იკვეთება ორივე მხარის პასუხისმგებლობა. ამავე დროს, წინასწარი მოკვლევით იკვეთება ერთ-ერთი პოლიციელის შესაძლო სამსახურებრივი გადაცდომა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტის საბოლოო გამოძიებამდე უფლებამოსილებას შეუჩერებს ზემოაღნიშნულ პოლიციელს. რაც შეეხება მოქალაქე ზ.რ-ს, იგი ამჟამად გათავისუფლებულია დროებითი მოთავსების იზოლატორიდან. ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება,” – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

[red_box]საპოლიციო კონტროლი[/red_box]

პოეტ ზვიად რატიანის გარდა, გენერალური ინსპექცია კიდევ რამდენიმე მსგავს ფაქტზე იკვლევს პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას, მათ შორის არის 31 წლის თინათინ შენგელიას საქმეც. ახალგაზრდა ქალი ავად იმ დროს გახდა, როცა 22 დეკემბერს, გამთენიისას, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, შეიარაღებული სამართალდამცავები შევიდნენ და ჩხრეკა დაიწყეს. თინათინ შენგელიას მდგომარეობა მძიმეა და ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მთელი ქვეყნის მასშტაბით სპეციალურ საპოლიციო კონტროლი 22 დეკემბერს დაიწყო და 24 დეკემბერს დასრულდა. საპოლიციო კონტროლის დროს სულ 127 პირი დააკავეს.

შსს-ს აღნიშნული ბრძანება “ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა” საერთო სასამართლოებში გაასაჩივრა. EMC-ში აცხადებენ, რომ ღონისძიების ჩატარების საფუძვლად მხოლოდ ზოგადი სამსართლებრივი საფუძვლებია მითითებული და აბსტრაქტული საფუძვლებით მთელი ქვეყნის მასშტაბით საპოლიციო კონტროლის განხორციელება არაპროპორციული და არათანაზომიერი ჩარევაა მოქალაქეთა უფლებებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი