ახალი ამბები

ივანიშვილის კოალიციის შემწირველები

31 ივლისი, 2013 • 1501
ივანიშვილის კოალიციის შემწირველები

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსური სამსახურის მონიტორინგისთვის მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2013 წლის 19 აპრილიდან 11 ივნისის ჩათვლით პერიოდში, კოალიცია “ქართულმა ოცნებამ” 31 ფიზიკური პირის შემოწირულობა მიიღო, ჯამში, 488 570 ლარი.

 

ყველაზე სოლიდური შემოწირულობა 50 ათასი ლარის ოდენობით უჩა მამაცაშვილმა გაიღო, რომელიც, გარდა იმისა, რომ პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” პოლიტსაბჭოს წევრია, არის “სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის” ერთადერთი დამფუძნებელი და გამგეობის წევრი. აღნიშნულმა ფონდმა წელს სამთავრობო პროგრამები, როგორიცაა “მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი” და “შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი”, 11 მილიონი ლარით დააფინანსა.

 

კოალიცია “ქართული ოცნების” მსხვილი შემწირველები არიან “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის” ხელმძღვანელები. ამ კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა დავით თვალაბეიშვილმა და დირექტორმა ფინანსურ საკითხებში ირაკლი ჩხაიძემ 35-35 ათასი ლარი შეწირეს კოალიციას. აღნიშული კორპორაციის აქციების 100%-ს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული “საპარტნიორო ფონდი“ ფლობს. კორპორაციის მართვის უფლება მინიჭებული აქვს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს, რომელსაც ვიცე-პრემიერი კახა კალაძე ხელმძღვანელობს.  

 

20-20 ათას ლარის შემოწირულობები გაიღეს კოალიცია “ქართული ოცნებისთვის” “საქართველოს ფოსტის” გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ, მისმა მოადგილეებმა – გრიგოლ მატუაშვილმა (ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსი) და ვიქტორ წილოსანმა (კომერციული დირექტორი), ხოლო კიდევ ორ მოადგილეს – ირაკლი მენთეშაშვილსა (სატრანსპორტო და საორგანიზაციო დეპარტამენტის დირექტორი) და გიორგი სურმავას (საფოსტო დეპარტამენტის დირექტორი) 10-10 ათასი ლარი აქვთ შეწირული.

 

ასევე, 10 ათასი ლარის შემოწირულობა გაიღო “ქართული ოცნებისთვის” “საქართველოს ფოსტის” გადაზიდვების სამსახურის უფროსმა მამუკა ნოზაძემ.

 

“საქართველოს ფოსტა” – სახელმწიფოს დანიშნული საფოსტო ოპერატორია, რომელიც ახალი ხელისუფლების პირობებში (შესაბამისი ბრძანება ფინანსთა მინისტრმა 2013 წლის იანვარში გამოსცა, ხოლო შემოსავლების სამსახურის უფროსმა – თებერვალში) კომერციული ტვირთების ბაზარზე ერთადერთი მოთამაშეა, მონოპოლისიტია, რასაც უკვე რამდენიმე თვეა უშედეგოდ ასაჩივრებენ (მათ შორის სასამართლოში მოიგეს პროცესი) მცირე და საშუალო გადამზიდავი კომპანიები.

 

ბიძინა ივანიშვილის კოალიციის მსხვილ შემწირველებს შორის არიან საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების წევრები – ლაშა მალაღურაძე და დავით კაჭარავა, რომლებმაც “ქართული ოცნებისთვის” 30-30 ათასი ლარი გაიღეს.

 

კოალიცია “ქართულ ოცნებაში” არაფულადი შემოწირულობა 3000 ლარის ოდენობით 2013 წლის 3 ივნისს გაიღო შს მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრმა თამაზ თამაზაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი