ახალი ამბები

“ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაცია” შსს–ს თანამშრომლებს პროკურატურაში უჩივის

31 ივლისი, 2013 • • 1274
“ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაცია” შსს–ს თანამშრომლებს პროკურატურაში უჩივის

როგორც “ნეტგაზეთს” ასოციაციის წარმომადგენელმა ალექსანდრე კობაიძემ განუცხადა, 29 ივლისს, ყოფილი მე–13 სკოლის შენობიდან სოციალურად დაუცვლების გამოსახლების დროს, მათ ერთ–ერთ უფლებადამცველს შსს–ს თანამშრომლებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

 

“29 ივლისს ყოფილ მე–13 სკოლაში, სადაც სოციალურად დაუცველების გამოსახლების პროცესი მიმდინარეობდა, ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენელს დაახლოებით 10–მა პოლიციელმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ძალის გამოყენებით, ყოველგვარი ახსნა–განმარტების გარეშე შენობა დაატოვებინა. მას არ მისცეს იმის საშუალება, რომ თავისი უფლებამოსილება განეხორციელებინა. ჩვენ აუცილებლად მივმართავთ პროკურატურას განცხადებით და ამასთან, მივმართავთ ომბუდსმენსაც. მოვითხოვთ, რომ დაწესდეს სანქციები იმ პირების წინააღმდეგ, ვინც ეს ბრძანება გასცა და ვინც აღნიშნული ქმედება აღასრულა და ასე ყოველგვარი ახსნა–განმარტების გარეშე, უკანონოდ მოექცა ჩვენს წარმომადგენელ ნიკა მემანიშვილს”, – განაცხადა კობაიძემ.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში არ აკონკრეტებენ, არის თუ არა შსს საქმის კურსში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და მიმდინარეობს თუ არა რაიმე სახის მოკვლევა.

 

“თუ მათ აქვთ რაიმე პრეტენზია, შეიტანონ განცხადება პროკურატურაში, მიმართონ სახალხო დამცველს და დასკვნები შემდეგ გაკეთდება”, – უთხრა “ნეტგაზეთს” შსს–ს პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი