ახალი ამბებისაზოგადოება

რატომ არ მორთეს საახალწლოდ წინა ხელისუფლების დროს განახლებული აღმაშენებლის გამზირი

22 დეკემბერი, 2017 • 42102
რატომ არ მორთეს საახალწლოდ წინა ხელისუფლების დროს განახლებული აღმაშენებლის გამზირი

საახალწლოდ თბილისის მერიამ ქალაქის ქუჩები სპეციალური დეკორაციებითა და ილუმინაციებით მორთო, თუმცა მათ შორის არ არის აღმაშენებლის გამზირის ის ნაწილი, რომლის რეაბილიტაცია წინა ხელისუფლების დროს განხორციელდა.

ამ ქუჩაზე, სადაც არაერთი ტურისტი მოძრაობს, თბილისის მერიას არცერთი საახალწლო დეკორაცია არ დაუმონტაჟებია. თუ რატომ დარჩა აღმაშენებლის გამზირის ეს ნაწილი უყურადღებოდ, “ნეტგაზეთმა” შეკითხვით თბილისის მერიას მიმართა.

მერიის ინფორმაციით, 2018 წლის დასახვედრად ქალაქის ბიუჯეტიდან 3 მილიონი ლარი გამოიყო, რომელიც არა მხოლოდ დეკორაციებში, არამედ სხვადასხვა ღონისძიებებში (მაგალითად, საახალწლო ბაზრობები) დაიხარჯა. თუმცა, მათივე განმარტებით, ბიუჯეტი ყველა ქუჩის მორთვას ვერ გასწვდა, სწორედ ამიტომ, 2012 წლამდე რეაბილიტირებული აღმაშენებლის გამზირი ახალ წელს მოურთავად დახვდება მაშინ, როდესაც “ახალი ტფილისისა” და დედაენის ბაღი საახალწლო ბაზრობას უმასპინძლებს.

“სამწუხაროდ, ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა არ ეყო ყველა ქუჩის განათებას, მაგრამ მომავალ წელს არის დაპირება, რომ აუცილებლად მოხდება აღმაშენებლის გამზირის მორთვაც,”- განმარტავს თბილისის მერია. თუმცა კითხვაზე, თუ რა წესით გადანაწილდა გამოყოფილი თანხა განათებებზე და რა პრინციპით შეირჩა ის ქუჩები, სადაც განთავსდებოდა დეკორაციები, მერიას პასუხი არ აქვს.

რაც შეეხება მარჯანიშვილის მოედანს, აქ საახალწლო ნაძვისხე დადგა არა მერიამ, არამედ კერძო კომპანია “კოკა-კოლამ”. მარჯანიშვილის მოედანი სწორედ ის ადგილია, სადაც 2011 წელს, თავისუფლების მოედნის ნაცვლად, საახალწლო გალა კონცეტრი გაიმართა.

ახალი წლის გალა კონცერტი მარჯანიშვილზე. 31 დეკემბერი 2011 წელი. ფოტო : ARTFORUM-ის ოფიციალური ვებ გვერდი

 წითელი ნაძვისხის, თეთრი დათვებისა და მინიატურული სახლების მარჯანიშვილის მოედნის ცენტრში დადგმის ნებართვისთვის “კოკა-კოლამ” მერიას მიმართა, რაზეც თანხმობა მიიღო. მერიაში ამ ფაქტს იმით ხსნიან, რომ წლევანდელი ახალი წლის ორგანიზებაში ბიზნესსექტორიც აქტიურად ჩაერთო. გარდა “კოკა-კოლისა”, აღმაშენებლის გამზირზე “სოკარისა” და “საქართველოს ბანკის” დეკორაციებიცაა დამონტაჟებული.

რაც შეეხება თბილისის სხვა ცენტრალურ ქუჩებს, საახალწლო ილუმინაციები და დეკორაციები წელს ასე გამოიყურება:

 

მასალების გადაბეჭდვის წესი