ახალი ამბებისაზოგადოება

აღარ არსებობს არგუმენტი მოქმედი ნარკოპოლიტიკის სასარგებლოდ – თხმ მთავრობას მიმართავს

22 დეკემბერი, 2017 • 3233
აღარ არსებობს არგუმენტი მოქმედი ნარკოპოლიტიკის სასარგებლოდ – თხმ მთავრობას მიმართავს

დღეს, 22 დეკემბერს, მთავრობის კანცელარიასთან თეთრი ხმაურის მოძრაობის აქტივისტებმა აქცია გამართეს, რითიც შინაგან საქმეთა მინისტრისა და პრემიერ-მინისტრის უარყოფით პოზიციებს უპასუხეს ჰუმანური ნარკოპოლიტიკის მისაღებად პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით. ისინი აღმასრულებელ ხელისუფლებასთან შეხვედრას ითხოვენ იმისთვის, რომ წარუდგინონ საფუძვლიანი და მეცნიერული არგუმენტები, თუ რატომ არის მოქმედი ნარკოპოლიტიკა შესაცვლელი.

შს მინისტრმა და პრემიერმა პარლამენტში განაცხადეს, რომ არ ჰყოფნით არგუმენტები მოქმედი ნარკოპოლიტიკის ცვლილებებისთვის და ლიბერალიზაციისთვის, ხოლო თეთრი ხმაურის მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ პირიქით – აღარ არსებობს არგუმენტი მოქმედი ნარკოპოლიტიკის სასარგებლოდ.

მოძრაობის წევრის, ბექა წიქარიშვილი განცხადებით, 12 წლის განმავლობაში უფრო გაზრდილია ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობა, ინფექციებით დაავადებულთა რაოდენობა და ზედოზირებით დაღუპულთა შემთხვევებიც.

“არგუმენტები არსებობს რეფორმების სასარგებლოდ და მოვითხოვთ შეხვედრას აღმასრულებელ ხელისუფლებასთან. მზად ვართ, წარვდგეთ აბსოლუტურად დასაბუთებული, სამეცნიერო არგუმენტებით და იმედი გვაქვს, ისინი უზრუნველყოფენ ამ შეხვედრას. ამ 12 წლის განმავლობაში, როდესაც ყველაზე მკაცრ ნარკოპოლიტიკას ატარებდა ქვეყანა, არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიოში, პირიქით – გაგვეზარდა მომხმარებელთა რაოდენობა. გამოდის, რომ ეს პოლიტიკა არ მუშაობს. რა თქმა უნდა, ლიბერალიზაცია, რომელიც გატარდება ზიანის შემცირების სერვისების, მკურნალობა-რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის თანხლებით, ჩვენ გვაძლევს პროგნოზირების საშუალებას, რომ ვიფიქროთ. ასეთ პირობებში მომხმარებელთა რაოდენობა შემცირდება. თუკი არ დავიწყებთ ამ ნაბიჯების გადადგმას, ვერანაირ შედეგს დავინახავთ წინასწარ,” – განუცხადა ნეტგაზეთს ბექა წიქარიშვილმა.

როგორც ბექა ამბობს, სამოქალაქო პროტესტი არ შეწყდება, სანამ ადამიანის დასჯაზე ორიენტირებული ნარკოპოლიტიკა იარსებებს. თეთრი ხმაურის მოძრაობა გეგმავს, რომ კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს და ორგანიზებული გახდეს.

“პატიმრები და მათი ოჯახის წევრები არიან ისეთი აქტიურები, როგორც არასდროს. ვაპირებთ, რომ მათთან უფრო პირდაპირი კომუნიკაცია გვქონდეს, მათ შორის, ვაკეთებთ ჯგუფებს პატიმრების ოჯახის წევრებისთვის და წარსულში ნასამართლევი პირებისთვის. ჩვენი გეგმები იქნება ისეთი, როგორიც იყო მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. თუმცა ჯერ კიდევ ვიტოვებთ იმის იმედს, რომ შესაძლებელია, ეს კანონპროექტი მივიღოთ სწრაფად,” – ამბობს თეთრი ხმაურის მოძრაობის აქტივისტი.

პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში არაერთ ადგილას, არაერთ ფორმატში განიხილეს. ცვლილებებს ემხრობიან მმართველი გუნდის დეპუტატთა ნაწილი და თითქმის მთელი კვალიფიციური ოპოზიცია. მიუხედავად ამისა, ხელისუფლება ჯერჯერობით არ აპირებს ახალი კანონპროექტის მიღებას, რაც იყო 10 დეკემბერს გამართული მასშტაბური აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) იურისტი, გურო იმნაძე აცხადებს, რომ პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტს საკმარისი არგუმენტაცია აქვს და არის აბსოლუტურად დასაბუთებული.

კანონპროექტის სამომავლო შედეგებზე, ასევე, არსებობს სპეციალური კვლევა, რომელიც სხვადასხვა ორგანიზაციების დახმარებით პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის აპარატმა მოამზადა. პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მისი კოლეგები მხარს დაუჭერენ პარლამენტში შეტანილ კანონპროექტს ნარკოპოლიტიკის შესახებ, მომდევნო 10 წლის განმავლობაში გადაარჩენენ ათიათასობით ადამიანის სიცოცხლეს და მილიარდი ლარის სარგებელს მოუტანენ ქვეყანას.

გურო იმნაძის განცხადებით, კანონპროექტი ცალსახად გამიზნულია იმისკენ, რომ სახელმწიფომ ერთხელ და სამუდამოდ დანერგოს ზრუნვაზე ორიენტირებული პოლიტიკა.

“არავითარ შემთხვევაში ვისახავთ მიზნად, რომ ნარკოტიკების გავრცელება იყოს მაღალი საზოგადოებაში ან რაიმე ფორმით მოხდეს ნებისმიერი მსუბუქი თუ მძიმე ნარკოტიკის პოპულარიზაცია/პროპაგანდა. ჩვენი მთავარი მიზანია, ადამიანები დავაბრუნოთ საზოგადოებაში – ის მოქალაქეები, რომლებიც სხვადასხვა მიზეეზების გამო მოიხმარენ ამა თუ იმ ნარკოტიკებს. ზოგი დამოკიდებულია, ზოგი – არა. მათ რეალურად სახელმწიფოსგან სჭირდებათ არა იზოლაცია/გამიჯვნა, არამედ – დახმარება და ზრუნვა. ის კანონპროექტი, რომლის მიღებასაც ვითხოვთ პარლამენტისგან, ზუსტად ამ მიზნებს ემსახურება. იგივე ყველა ტიპის ნარკოტიკის დეკრიმინალიზაციის მიზანიც მხოლოდ ის არის, რომ მომხმარებლები დავაბრუნოთ საზოგადოებაში და მათზე მუდმივად რეპრესიის იარაღები არ მოქმედებდეს,” – განუცხადა ნეტგაზეთს EMC-ის იურისტმა.

გუშინ 21 დეკემბერს, შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მას არ მოუსმენია ისეთი არგუმენტები, რის გამოც მძიმე ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციაზე დაიწყებოდა საუბარი. თუმცა, როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, სადაც ადამიანის ღირსებასა და შეუსაბამო სასჯელს ეხება საკითხი, იქ შესაძლებელია თანამშრომლობა. შს მინისტრის განცხადებას პრემიერ-მინისტრიც დაეთანხმა – გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ის აბსოლუტურად იზიარებს გახარიას სულისკვეთებას.

თეთრი ხმაურის მოძრაობის აქცია მთავრობის კანცელარიასთან – 22.12.2017. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ნაჯა ორაშვილი, თეთრი ხმაურის მოძრაობის აქტივისტი – აქცია მთავრობის კანცელარიასთან – 22.12.2017. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

თეთრი ხმაურის მოძრაობის აქცია მთავრობის კანცელარიასთან – 22.12.2017. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

თეთრი ხმაურის მოძრაობის აქცია მთავრობის კანცელარიასთან – 22.12.2017. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

თეთრი ხმაურის მოძრაობის აქცია მთავრობის კანცელარიასთან – 22.12.2017. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი