Interviewsახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

პატიმრების გაცვლის პროცესი დიალოგისთვის მზაობას აჩვენებს – ინტერვიუ აფხაზ მინისტრთან

22 დეკემბერი, 2017 • 3801
პატიმრების გაცვლის პროცესი დიალოგისთვის მზაობას აჩვენებს – ინტერვიუ აფხაზ მინისტრთან

შენიშვნა: აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, დაურ კოვეს კითხვები წერილობით, 7 დეკემბერს, ჟენევის მოლაპარაკებათა მორიგ რაუნდამდე გავუგზავნეთ, რაზეც უწყებიდან 22 დეკემბერს ასევე წერილობით გვიპასუხეს. შესაბამისად, გარკვეული პასუხებიის დაზუსტების შესაძლებლობა არ გვქონდა.


რამდენიმე დღის წინ აფხაზური მხარის თხოვნით ცხინვალის ციხიდან პატიმარი გამოუშვეს და აფხაზურ მხარეს გადასცეს, რომელმაც თავის მხრივ ქართულ მხარეს გადასცა. საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ ეს არის მოლაპარაკებათა პროცესის შედეგი და უარყოფს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ საქართველომ სანაცვლოდუნდა გაათავისუფლოს აფხაზი პატიმარი. იქნებ გვითხრათ, რეალურად რა პროცესია ეს?

დიახ, აფხაზეთის პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას თხოვნით სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში ბოლო ვიზიტის დროს ქართულ მხარეს გადაეცა პატიმარი, რომელიც სამხრეთ ოსეთში იყო დაპატიმრებული. მიუხედავად არსებული დაურეგულირებელი კონფლიქტისა, მსგავსი ტიპის გაცვლა პერიოდულად ხორციელდება ჩვენს ქვეყნებს შორის. ეს ნორმალური პროცესია, რომელიც ჰუმანიტარული საკითხების გადაჭრის საშუალებას იძლევა და კომპრომისისა და დიალოგის მზაობას აჩვენებს.

შოტლანდიის ქალაქ კილმარნოკში აფხაზური მემორიალის დემონტაჟმა ნეგატიური რეზონანსი გამოიწვია არა მხოლოდ აფხაზეთში, ასევე, ქართულ საექსპერტო წრეებში. ასეთი რეაქციების გამო ქართულმა ოფიციალურმა პირებმა პოზიცია შეცვალეს. როგორ ფიქრობთ, ეს ფაქტი არსებულ კონფლიქტზე რაიმენაირად აისახება?

ნამდვილად, დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩის, თამარ ბერუჩაშვილის ინიციატივით შოტლანდიის ქალაქ კილმარნოკის მმართველობამ 1992-1993 წლებში საქართველოსთან ომის შედეგად დაღუპულ აფხაზ მებრძოლთა ძეგლის დემონტაჟზე გადაწყვეტილება მიიღო.

საქართველოს დიპლომატიის წარმომადგენელთა ამ შეურაცხმყოფელმა ქმედებებმა აფხაზეთში სერიოზული საზოგადოებრივ-პოლიტიკური რეზონანსი გამოიწვია. სოციალურ ქსელებში აღნიშნული მემორიალის პირველადი სახის შენარჩუნების მიზნით ხელმოწერების შეგროვების კამპანია დაიწყო. გარდა ამისა, რიგი პოლიტიკური პარტიები და აფხაზეთის რესპუბლიკის საზოგადოებრივი ორგანიზაციები გამოვიდნენ ოფიციალური განცხადებებით, სადაც საუბარი იყო საქართველოსა და მისი მოკავშირეების მხრიდან მსგავსი ქმედებების მიუღებლობაზე, რომელიც მიმართული იყო აფხაზი ხალხის ისტორიული მემკვიდრეობისა და ისტორიული მეხსიერების განადგურებისკენ.

რაც შეეხება რეაქციებს თავად საქართველოში, ის საკმაოდ თავშეკავებული იყო. ჩვენ ყურადღება მივაქციეთ იმას, რომ სამოქალაქო საზოგადოების ზოგიერთმა ქართველმა წარმომადგენელმა საქართველოს ხელისუფლების მსგავს ქმედებებთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვა, თუმცა მათი პოზიცია საქართველოს საზოგადოების საერთო განწყობას არ ასახავდა. მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში საზოგადოებრივი სულისკვეთება ან ეთანხმებოდა ამ აქციას, ან მის მიმართ ინდიფერენტული იყო.

როგორც ჩანს, ფართო საზოგადოებრივი რეზონანსი, რომელიც კილმარნოკში ძეგლის დემონტაჟით იყო გამოწვეული, იქამდე მივიდა, რომ საქართველოს ოფიციალური პირების პოზიცია უფრო საღი და მოქნილი გახდა.

ჩვენ ამ პრობლემის გადაჭრას სხვადასხვა რესურსის გამოყენებით, როგორც სამოქალაქო საზოგადოების ხაზით, ასევე დიპლომატიური არხებით ვცდილობდით. კერძოდ, აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადებები და კომენტარები გააკეთა ამ თემაზე. ჩვენ ასევე გამოვთქვით სერიოზული შეშფოთება სოხუმში ჟენევის მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეების ვიზიტის დროს, სადაც აღნიშნული იყო, რომ ამ პრობლემის ნებისმიერი ტიპის გადადება საქართველოსთან კონფლიქტის დარეგულირების პოლიტიკურ პროცესს სერიოზულ ზიანს მიაყენებდა.

ამგვარად, ქართული დიპლომატიის ეს პროვოკაციული და გაუაზრებელი ნაბიჯები არავისთვის საჭირო დიპლომატიური სკანდალის პროვოცირებას მოახდენდა, რომელსაც შესაძლოა კონფლიქტის მხარეებს შორის დამატებითი დაძაბულობა გამოეწვია.

ამავე საკითხს რომ დავუბრუნდეთ. რამდენად იყო ეს მემორიალი აფხაზეთში ცნობილი, რამდენად ხშირად სტუმრობდნენ მას აფხაზები? [მაგალითად, ქართულ საზოგადოებაში მისი არსებობის შესახებ ცოტამ თუ იცოდა].

აფხაზეთში ეს მემორიალი საკმაოდ იყო ცნობილი არა მხოლოდ პოლიტიკოსებს, ასევე, რიგით მოქალაქეებს შორის. დარწმუნებული ვარ, ბევრი ჩვენს თანამოქალაქეს აქვს გაგონილი, რომ ეს მემორიალი ქალაქ კილმარნოკში 1995 წელს იყო დადგმული.

კილმარნოკში სხვადასხვა წელს აფხაზეთის რესპუბლიკის რამდენიმე არაოფიციალური დელეგაცია ჩავიდა, იქ მუნიციპალურ ხელმძღვანელობასთან იყო შეხვედრები და, რა თქმა უნდა, აღნიშნული მემორიალიც მოინახულეს და დაღუპულ მებრძოლებს პატივი მიაგეს.

აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში 1 დეკემბერს გაეროს განვითარების პროგრამის [UNDP] მუდმივ კოორდინატორთან, ნილ სკოტთან იყო შეხვედრა. ჩვენ ვიცით, რომ აფხაზეთში იუნისეფსაც აქვს პროექტები. ამ ეტაპზე რა პროექტები ხორციელდება მათი დახმარებით?

აფხაზეთში გაეროს ოთხი სააგენტო მუშაობს და ათი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია. ეს საერთაშორისო ორგანიზაციები აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე სხვადასხვა პროექტს ახორციელებენ განათლების, ჯანდაცვის სფეროებში ასევე, დანგრეული ობიექტების აღდგენაში. არსებობს პროექტები, რომლებიც სოფლის მეურნეობის განვითარებას უწყობს ხელს და ა.შ.

თუ შევაჯამებთ საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობას აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, უნდა აღვნიშნოთ, რომ მათ მუშაობას პოზიტიური შედეგები მოაქვს და მოსახლეობის სოციალური და ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრისკენ არის მიმართული. ამ სფეროებში საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას კვლავაც ვაპირებთ.

ბოლო დროს აფხაზეთისთვის აქტუალური გახდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხი. თქვენ ამ საკითხში ევროპელ დეპუტატებსაც მოუწოდეთ ყურადღების გამახვილება. როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი?

ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის პრობლემა ჩვენთვის აქტუალური რჩება. თავის დროზე საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებს მივმართავდით, მათ შორის საექსპერტო დონეზე, ამ საკითხების გადაჭრაში დაგვხმარებოდნენ.

ჩვენთან ჩამოდიოდნენ ევროპელი ექსპერტები, რომლებიც  ამ საკითხში ძეგლთა მდგომარეობას აფასებდნენ და საჭირო რეკომენდაციებს გვაძლევდნენ. სამწუხაროდ, საერთაშორისო სტრუქტურების დახმარება ამით შემოიფარგლა და საკითხი ღიად რჩება.

ქართულმა მხარემ არაერთხელ განაცხადა, რომ მზადაა აფხაზეთს ექსპერტებით დაეხმაროს. აფხაზეთისთვის პრინციპული საკითხია, ამ საქმეში ქართული მხარე არ ჩარიოს?

ამ ეტაპზე ჩვენ ვერ ვხედავთ ამ პროცესში ქართველი ექსპერტების ჩართვის აუცილებლობას. თუ ჩვენ კულტურული მემკვიდრეობის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო სტრუქტურები დაგვეხმარებიან, ეს სავსებით საკმარისი იქნება.

მალე ჟენევის მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდია. რა მოლოდინი გაქვთ ევროკავშირიდან თანათავმჯდომარის შეცვლის შემდეგ? რამენაირად აისახება ეს მოლაპარაკებებზე?

ჩვენ არ გვაქვს რაიმე განსაკუთრებული მოლოდინი ამ ცვლილებით. საქმე ის არის, რომ ევროკავშირს არსებითი საკითხების დღის წესრიგთან დაკავშირებით ურყევი პოზიცია აქვს და მიდგომებში რაიმე კარდინალურ ცვლილებებს ჯერ არ უნდა ველოდოთ.

ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ევროკავშირის პოზიცია, ისევე როგორც სხვა თანათავმჯდომარეებისა, პრაგმატული და დაბალანსებული დარჩება.

დღესდღეობით რა ტიპის ჰუმანიტარული საკითხები დგას ჟენევის დისკუსიების დღის წესრიგში თქვენი მხრიდან?

აღნიშნულ ეტაპზე ჩვენთვის აქტუალურ საკითხებად რჩება ეკოლოგიური ხასიათის საკითხები. კერძოდ, საუბარი შეეხება მავნებელ მწერებს, რომლებიც სოფლის მეურნეობის კულტურებს კვლავაც ანადგურებენ.

გარკვეული შეფასებებით, ამ მავნებელმა ციტრუსისა და თხილის მოსავლის 60% გაანადგურა. ეს ეკოლოგიური კატასტროფა სერიოზულად აისახა სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებული ჩვენი ბევრი მოქალაქის ფინანსურ მდგომარეობაზე.

სწორედ ამიტომ, აქტიურად ვაყენებთ ამ საკითხს ჟენევის დისკუსიების ბოლო რაუნდებზე და საერთაშორისო საზოგადოებას მოვუწოდებთ, აქტიურად ჩაერთონ ამ მავნებლის განადგურების საქმეში.

ზოგადად, ჰუმანიტარულ საკითხებში მოლაპარაკებების დროს არსებობს პოზიტიური მომენტები? მაგალითად, რა?

რასაკვირველია, ჩვენ გვაქვს ამ მიმართულებით გარკვეული წარმატებები. საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან გარკვეული დახმარებების აღმოჩენა ხდება, რომელიც მიმართულია ეკოლოგიური პრობლემების დაძლევაში. თუმცა ეს ძალისხმევა არ არის საკმარისი, საჭიროა, ჩვენთვის ამ მნიშვნელოვან სამუშაოებში უფრო მეტად ჩაერთონ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი