ახალი ამბები

საბავშვო ბაღები შეძლებული ოჯახებისთვის შესაძლოა ფასიანი გახდეს – პრემიერი

22 დეკემბერი, 2017 • 5524
საბავშვო ბაღები შეძლებული ოჯახებისთვის შესაძლოა ფასიანი გახდეს – პრემიერი

საბავშვო ბაგა-ბაღები შეძლებული ოჯახებისთვის შესაძლოა ფასიანი გახდეს – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 22 დეკემბერს პარლამენტში განაცხადა.

დღეის მდგომარეობით, ყველა მუნიციპალური საბავშვო ბაგა-ბაღი უფასოა. ეს ცვლილება განხორციელდა 2013 წელს, როდესაც “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ საჯარო ბაღებში გადასახადი აკრძალა.

პრემიერ-მინისტრის 22 დეკემბრის განცხადებით კი, ამ სისტემის ცვლილებების აუცილებლობა დღის წესრიგში საბავშვო ბაგა-ბაღებზე მზარდმა მოთხოვნამ და ხარჯების ზრდამ დააყენა.

”მინდა გთხოვოთ, მაქსიმალურად ჩავერთოთ განხილვაში და რაღაცნაირად მოვიფიქროთ სქემა, როგორ ავუვიდეთ იმ კატასტროფული სისწრაფით … რა თქმა უნდა, კატასტროფას ვერ დავარქმევთ, კარგია, რომ ბევრი ბავშვია და ბევრ ბავშვს უნდა სწავლა, მაგრამ კატასტროფულად იზრდება მოთხოვნა ფინანსურ რესურსზე მუნიციპალიტეტებში. ბიუჯეტი ამ მზარდ დანახარჯებს ძალიან რთულად აუდის. არ ვიცი, არ მაქვს რეცეპტი. არის რამდენიმე ვერსია, რაც შეიძლება განვიხილოთ,” – განაცხადა კვირიკაშვილმა პარლამენტში.

კვირიკაშვილის განცხადებით, შესაძლოა ამ საკითხის მოგვარებას საკანონმდებლო ცვლლილებებიც დასჭირდეს. მან განაცხადა, რომ ოჯახებმა, ვისაც აქვს ამის შესაძლებლობა, საბავშო ბაღის გადასახდი უნდა გადაიხადონ, თუმცა, როგორ დაითვლიან ასეთი ოჯახებს, ამასთან დაკავშირებით მთავრობას ჯერ არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია:

“დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად გამოვნახავთ გზას, რომ ერთი მხრივ, დავაკმაყოფილოთ მზარდი მოთხოვნა საბავშვო ბაღებზე, მაგრამ, მეორე მხრივ, მოვნახოთ რაღაცნაირი მექანიზმები, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ თუნდაც ძალიან შეძლებული ადამიანებისთვის და ეს არ უნდა იყოს 70 ათასი ქულა, ეს უნდა იყოს, შესაძლოა, უფრო მაღალი ბარიერი – ორჯერ, სამჯერ მაღალი ბარიერი, მაგრამ გარკვეული ტიპის ოჯახებისათვის, რომელთაც ყველანაირი საშუალება გააჩნიათ, რომ ბაღის გადასახადი გადაიხადონ. ეს არის ჩემი ძალიან ნედლი აზრი, რომელსაც ჩვენ მთავრობაში ვიხილავთ, გარკვეული წინასწარი მსჯელობა გვქონდა,”- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, ეს ცვლილება მიზნად არ ისახავს თანხების დაზოგვას:

“უნდა შემოვიღოთ ის მექანიზმები, რომელიც გაცილებით მეტად შეჭირვებულ ადამიანებს დაეხმარება. არავითარ შემთხვევაში მე არ ვსაუბრობ თანხის დაზოგვაზე და სხვა მიმართულებით გაშვებაზე. ვსაუბრობ  უფრო გაჭირვებული ადამიანების, ან საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანებისთვის, რომლებიც ვერ იხდიან ბაღის გადასახადს, მათი უზრუნველყოფა გახდეს უფრო მაღალხარისხიანი, მათი დახმარება – უფრო მასშტაბური, მაგრამ შედარებით შეძლებულ ადამინებს მოუწიოთ გადასახადის გადახდა. ეს უფრო სამართლიანიც იქნება და ეს, ვფიქრობ, გააუმჯობესებს იმ ადამიანებისთვის მიღებულ სერვისებს, რომლებიც გაცილებით უფრო მეტად საჭიროებენ,”- განაცხადა კვირიკაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი