ახალი ამბები

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა ჩაშლის პირას – მანანა ბერიკაშვილის მმართველობა კულისებიდან

22 დეკემბერი, 2017 • 6580
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა ჩაშლის პირას – მანანა ბერიკაშვილის მმართველობა კულისებიდან

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ვებგვერდის მიხედვით, პროექტ “საპატიო სტუმრის” დირექტორი საქართველოდან დეა მეტრეველია, თუმცა კულტურის მინისტრი აცხადებს, რომ ყველაფერს კოორდინირებას უწევს მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი.

წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი დეა მეტრეველი აცხადებს, რომ კულტურის სამინისტრო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე მონაწილეობისთვის მუშაობაში ხელს უშლის. იმ შემთხვევაში, თუ კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე მის პირობებს არ დააკმაყოფილებს, გუნდთან ერთად სამსახურს დატოვებს.

სამინისტროზე განაწყენებულია გამომცემლებისა და ავტორების ნაწილი, რომლებიც დღეს, 22 დეკემბერს მინისტრს უნდა შეხვდნენ. თუ მინისტრი გაგებით არ მოეკიდება მეტრეველის მოთხოვნას, ცალკეული ავტორები ფიქრობენ, რომ ფესტივალში მონაწილეობას ბოიკოტი გამოუცხადონ.

“ჩვენ არ გვინდა ჩავარდნილი და გაფუჭებული საქმის მონაწილეები ვიყოთ,” –  ამბობს გვანცა ჯობავა, წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის დირექტორის მოადგილე.

ავტორები და გამომცემლები მხარს უჭერენ დეა მეტრეველის მოთხოვნას, რომ ფესტივალის მოსამზადებელ სამუშაოებში წიგნის ცენტრს მხოლოდ ის ვალდებულებები დარჩეს, რაც მთარგმნელობით და საგამომცემლო საქმიანობას უკავშირდება, ხოლო ტექნიკური საკითხები კულტურის სამინისტრომ მოაგვაროს.  

“პროექტის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე სამუშაო ჯგუფის მენეჯმენტში განხორციელდა ცვლილებები. შეიცვალა პროექტის ხელმძღვანელს და ცენტრს აღარ გააჩნია გადაწყვეტილებების მიღების უფლება მთლიანი პროექტის ადმინისტრირებაზე, ხარისხიან და დროულ შესრულებაზე”, – დაწერა 20 დეკემბერს დეა მეტრეველმა თავის “ფეისბუკის” გვერდზე.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის დაწყებამდე 9 თვე დარჩა. ფესტივალზე საქართველოს მონაწილეობას ელიან. “შემოგვიერთდი, რათა ერთად ვუმასპინძლოთ ჩვენს საპატიო სტუმარს – საქართველოს”, – ეს სიტყვები ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ვებგვერდზე შესვლისას შეგვხდებათ.

საქართველოში კი ახლა გაირკვა, რომ წიგნის ბაზრობაში მონაწილეობისთვის 2014 წელს შექმნილ წიგნის ცენტრს მანანა ბერიკაშვილი ჩაანაცვლებს, ოღონდ ისე, რომ პასუხისმგებელი პირი ისევ წიგნის ცენტრი და მისი დირექტორი დეა მეტრეველი იქნება.

მეტრეველი ამბობს, რომ საქართველოს პავილიონი 12 დეკემბერს უნდა ყოფილიყო მზად, თუმცა მაისის ბოლომდე გადაწევას სთხოვენ.

“ძალიან ბევრი უპასუხო მეილები გვაქვს, ვერაფერს ვაკეთებთ. ჩვენ განვახორციელებთ კომუნიკაციას და გაგაგებინებთ, მერე რა უნდა გააკეთოთო”, – უთხრა დეა მეტრეველმა “რუსთავი 2”–ს .

კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ამბობს, რომ 16-მილიონიანი ბიუჯეტის მქონე პროექტს ამჟამად მანანა ბერიკაშვილი “უშუალოდ ყველა სამუშაო პროცესს კოორდინირებს”. ეს ყველაფერი კი საზოგადოებისთვის უცნობი დარჩებოდა, დეა მეტრეველს რომ არ გამოეთქვა უკმაყოფილება და საკითხი საჯაროდ არ გამოეტანა.

მანანა ბერიკაშვილი კი ამბობს, რომ “განსაკუთრებული არაფერი ხდება” და მთარგმნელობითი საქმიანობა წიგნის ეროვნული ცენტრის შექმნამდეც მიმდინარეობდა.

“სახელმწიფომ საკმაო თანხა გამოყო ამ ფორუმში მონაწილეობისთვის. გაიშალა სპექტრი, ვერტიკალში მოხდა სწორედ დალაგება ხელმძღვანელობის. შემოგვიერთდა ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტიდან, რიგი ფუნქციები კულტურის სამინისტრომ აიღო თავის თავზე”, – ამბობს ბერიკაშვილი.

კითხვაზე, თუ რა ტიპის ფუნქციები აიღო თავის თავზე კულტურის სამინისტრომ, მანანა ბერიკაშვილი პასუხობს, რომ “განსაკუთრებული არაფერი, ასეც ვიყავით ჩვენ, კურაციას ვუწევდით.”

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, მინისტრის მოადგილის თქმით, იგი ერთგვარი კურატორი იქნება პარლამენტიდან, რომელიც ამავე დროს მთარგმნელი და ლიტერატორია. “მგონი, არავისთვის გასაკვირი არაა, რომ ქალბატონი სალომე იყოს ჩვენთან ერთად.”

“უბრალოდ, რაც უფრო მეტად ახლოვდება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა, უფრო მეტად ვღელავთ, ყველას გვაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ვფიქრობთ, რომ სწორი ნაბიჯები გადავდგათ მომავლისკენ. ეს არის თემა”, – ამბობს ბერიკაშვილი.

ბერიკაშვილი 2014 წელს იმედოვნებდა, რომ ახლად შექმნილი წიგნის ცენტრი დეა მეტრეველის ხელმძღვანელობით ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაში მონაწილეობისთვის სათანადოდ მომზადებას შეძლებდა.

“საჯარო სამართლის იურიდიულ პირს [წიგნის ეროვნულ ცენტრს] უფლება აქვს, დამოუკიდებლად მოიძიოს თანხები. გარდა ამისა, ყველა წიგნის ბაზრობის მოთხოვნაა, რომ მთარგმნელობითი კუთხით ცალკე ორგანიზაცია მუშაობდეს. ამიტომ მთელი წელი ვამზადებდით ამ პროექტს,’- განუცხადა 2014 წლის 21 იანვარს მანანა ბერიკაშვილმა “ნეტგაზეთს”.

წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის დირექტორის მოადგილე გვანცა ჯობავა, რომელიც ასოციაციასთან ერთად ჩართულია ამ პროექტში, ამბობს, რომ გაუგებარია რამ გამოიწვია ცვლილებების საჭიროება, რადგანაც წლების განმავლობაში ეს პროექტი ძალიან წარმატებით ხორციელდებოდა.

გვანცა ჯობავა ამბობს, რომ თუ დეა მეტრეველი და მისი გუნდი დატოვებს წიგნის ეროვნულ ცენტრს, გერმანულ მხარესთანაც შეიქმნება უხერხულობა, რადგან მათ დიდი ინვესტიცია ჩადეს ამ გუნდის პროფესიული ზრდისთვის.

გვანცა ჯობავას მიაჩნია, რომ დარჩენილ 10 თვეში ახალი გუნდი ვერ მოასწრებს საკმარისად მომზადებას, რადგან პროექტს უამრავი ნიუანსი აქვს და შეუძლებელი იქნება ასეთ შემთხვევაში ამ პროექტის წარმატებით განხორციელება.

“ოქტომბერში ფრანკფურტში პროექტის პრეზენტაცია მოაწყვეს, იმდენად წარმატებული იყო პროექტის პრეზენტაცია, მთელი პრესა წერდა. ჩვენთვის ძალიან გაურკვეველი იყო, როდესაც წარმატებულ ბრუნდებს საქართველოში ასეთი შედეგი გაქვს, რატომ შეიძლება იცვლებოდეს წარმატებული პროექტის მენეჯერი?” – ამბობს ჯობავა.

მთარგმნელ ხათუნა ცხადაძეს მიაჩნია, რომ პროექტს დეა მეტრეველი და წიგნის ეროვნული ცენტრის გუნდი უნდა ხელმძღვანელობდეს, რადგან მათ შეძლეს გერმანელი კოლეგებისა და ქართველი ავტორების და გამომცემლების მრავალფეროვანი ჯგუფის ნდობის მოპოვება.

ხათუნა ცხადაძის თქმით, მათი ჩამოცილების მცდელობით, ასევე გაჩნდა შთაბეჭდილება, რომ წიგნის ბაზრობის ლიტერატურული მასშტაბი მცირდება და წინა პლანზე მეორეხარისხოვანი – ტურისტული ნაწილი წამოიწევს.

ამავე საკითხზე გვესაუბრა ლიტერატურათმცოდნე ზაალ ანდრონიკაშვილი. მისი თქმით, საუბარია იმაზე, რომ ფრანკფურტის წიგნის ფესტივალის დამატებითი პროგრამა გახდეს უფრო მნიშვნელოვანი და უპირატესობა მიანიჭონ თეატრალურ წარმოდგენებს მაშინ, როდესაც წიგნის ბაზრობის პრიორიტეტი მთარგმნელობითი და ლიტერატურული ნაწილია.

ანდრონიკაშვილის თქმით, ამიტომ შეარჩია ბერიკაშვილმა რეჟისორი დავით დოიაშვილი პროექტის სამხატვრო ხელმძღვანელად.

“მიაჩნიათ, რომ ეს თანამდევი პროგრამა უნდა იყოს მთავარი და არა მთარგმნელობითი ნაწილი. ეს იყო უთანხმოების ერთ-ერთი საკითხი. ყველა თავის ამბიციებს სწირავს საქმეს. საქმე არის ქართული ლიტერატურის წარმოდგენა ფრანკფურტში, რომელსაც მოჰყვება შედარებით მცირე მასშტაბის კულტურული ღონისძიება”, – ამბობს ანდრონიკაშვილი.

ლიტერატურათმცოდნის თქმით, ბერიკაშვილის ამბიციაა, რომ “უზარმაზარი საგარეო კულტურულ-პოლიტიკური ღონისძიება მისი წარმოდგენებით წარიმართოს.”

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის შესახებ

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა 2018 წლის 10–14 ოქტომბერს გაიმართება, მასში მონაწილეობას ქართველი მწერლები და გამომცემლობები მიიღებენ.

ფესტივლის ფარგლებში ფრანკფურტის გარდა დაგეგმილია ღონისძიებები ბონში, უნაში, ვენაში, ცოფინგენში, ციურიხში, ბერნსა და ბაზელში.

2010 წლიდან წიგნის ეროვნულმა ცენტრმა 65 წიგნი თარგმნა გერმანულად და ელიან, რომ 2018 წელს ეს რიცხვი გაორმაგდება.

მთავარი – ლიტერატურული და მთარგმნელობითი პროგრამის გარდა, წიგნის ბაზრობა მოიცავს კულტურულ და საგამოფენო პროგრამებსაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი