ახალი ამბები

შსს ტელეკომპანია იბერიაში მომხდარ ინციდენტს იძიებს

22 დეკემბერი, 2017 • 2149
შსს ტელეკომპანია იბერიაში მომხდარ ინციდენტს იძიებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 21 დეკემბერს ტელეკომპანია იბერიაში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ძველი თბილისის სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ მიმდინარე წლის 21 დეკემბერს თბილისში, ჩუბინაშვილის ქუჩაზე, ტელეკომპანია „იბერიის“ გადაცემაში “ცენზურის გარეშე“, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საბჭოს წევრს, ეკა წამალაშვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

სიტყვიერი დაპირისპირება გადაცემის მსვლელობისას ეკა წამალაშვილსა და დავით ოქიტაშვილს შორის დაიწყო. კადრებში ჩანს, რომ ოქიტაშვილმა წამალაშვილს წყალი შეასხა, რის შემდეგაც გადაცემის წამყვანმა ეთერი შეწყვიტა.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის ინციდენტში მონაწილე პირების გამოკითხვა. გამოძიება ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით.

მასალების გადაბეჭდვის წესი