ახალი ამბები

გიორგი კვირიკაშვილი: “ტავ ჯორჯიამ” შენიშვნები გადმოგვიგზავნა

30 ივლისი, 2013 • • 1086
გიორგი კვირიკაშვილი: “ტავ ჯორჯიამ” შენიშვნები გადმოგვიგზავნა

როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მთავრობა ამ შენიშვნებს განიხილავს.

 

“ტავმა გამოაგზავნა შენიშვნები. გუშინ მივიღეთ ეს შენიშვნები. რამდენიმე დღე ავიღეთ ჩვენ დასამუშავებლად და აგვისტოს დასაწყისში, 3–4 აგვისტოს შედგება შემდეგი რაუნდი”, – განაცხადა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და თავი შეიაკავა “ტავ ჯორჯიას’ შენიშვნების დასახელებისგან.

 

“ამ განცხადებას არ გავაკეთებ იმიტომ, რომ არ არის მიზანშეწონილი. მიმდინარეობს სამუშაო პროცესი. ჩვენ ავიღეთ რამოდენიმედღიანი ტაიმაუტი, მანამდე ჩვენ ჩამოვყალიბდებით შენიშვნებთან დაკავშირებით”.

 

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია “ტავ ჯორჯიასთან” საქართველოს მთავრობა განახლებული ხელშეკრულების გასაფორმებლად მოლაპარაკებებს მართავს. ახალი ხელშეკრულება, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაქირავებულმა იურიდიულმა კომპანიამ მოამზადა, “ტავ ჯორჯიამ” 2013 წლის 12 ივნისს მიიღო.

 

„ტავ ჯორჯიას“ გენერალური მენეჯერი მეთე ერქალი ამბობს, რომ მიმდინარეობს არსებული ხელშეკრულების გადახედვა და მასში გარკვეული ცვლილებები იგეგმება, თუმცა მოლაპარაკებების დასრულებამდე კონკრეტიკისგან თავს იკავებს:

 

“რაც შეეხება ჩვენი კომპანიის გასვლას თბილისის აეროპორტიდან, მსგავსი თემა არ გაჟღერებულა საერთო შეხვედრების დროს, ამიტომ ჩვენ არ ვადასტურებთ იმ ალბათობას, რომ 2027 წლამდე „ტავ ჯორჯიამ“ შეიძლება შეაჩეროს თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერირება.”

 

თურქული „ტავ და ურბანი“, რომელიც “ტავ ჯორჯიას” დამფუძნებელი კომპანიაა,  თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 15– წლიანი მართვის უფლებით 2005 წელს შევიდა. თბილისის ახალი აეროპორტის აშენებაზე კომპანიამ 62 მილიონი აშშ დოლარი დახარჯა. 2007 წელს ახალი აეროპორტი გაიხსნა. თურქულმა კომპანიამ 15 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია ბათუმის აეროპორტის რეკონსტრუქციისთვის გაიღო. როგორც ამ დრომდეა ცნობილი, „ტავ და ურბანმა“ საქართველოში სულ 95 მლნ დოლარის ოდენობის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი