ახალი ამბები

სოზარ სუბარი: ციხე კემპინსკის სასტუმრო არ არის

30 ივლისი, 2013 • • 1438
სოზარ სუბარი: ციხე კემპინსკის სასტუმრო არ არის

როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ციხე კემპინსკის სასტუმრო არ არის:

 

“ვანო მერაბიშვილიც და ნებისმიერი სხვა პატიმარიც დღეს იმყოფება ბევრად უკეთეს პირობებში, ვიდრე ნაციონალები ამყოფებდნენ ადამიანებს. იქ არ ხდება ადამიანის უფლებების დარღვევა, ადამიანის უფლებები არის დაცული, წამება არ ხდება, კვებასთან, ჯანდაცვასთან დაკავშირებული პრობლემები არის მოგვარებული ისე, როგორც არასდროს და რამე განსაკუთრებული პირობები… ციხე ზოგადად არ არის კემპინსკის სასტუმრო და ის პირობები, რაც კემპინსკშია, არც მე–9 დაწესებულებაში იქნება და არც მე–17–ში და არც სხვაგან, სადმე”, – განაცხადა სუბარმა.

 

დღეს პოლონელმა პოლიტიკოსმა იაროსლავ კაჩინსკიმ, რომელიც პოლონეთის გარდაცვლილი პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის ძმაა, ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი ციხეში მოინახულა. 

“ძალიან გვაშფოთებს ის პირობები, რომელშიც ის [მერაბიშვილი] იმყოფება. ქალბატონი იულია ტიმოშენკო ბევრად კარგ პირობებშია, ამიტომ არასწორია, როცა უკრაინასთან შედარებას აკეთებენ. ვანო მერაბიშვილს არ აქვს საშუალება, რომ თავისი ოჯახის წევრებს შეხვდეს. ცივილიზებულ ქვეყანაში ასეთი ფაქტები მხოლოდ მაშინ ხდება, როცა საქმე ეხება დიდ კრიმინალს, ამ შემთხვევაში კი ასე არ არის,`- განაცხადა კაჩინსკიმ რუსთავი 2–თან საუბარში, მერაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ.

მასალების გადაბეჭდვის წესი