ახალი ამბები

ისლანდიაში 2017 წელს თავშესაფარს ყველაზე ხშირად საქართველოს მოქალაქეები ითხოვენ

21 დეკემბერი, 2017 • 4527
ისლანდიაში 2017 წელს თავშესაფარს ყველაზე ხშირად საქართველოს მოქალაქეები ითხოვენ

2017 წლის 11 თვის განმავლობაში ისლანდიაში თავშესაფრის მინიჭების თხოვნით მიმართვების რაოდენობის თვალსაზრით საქართველოს მოქალაქეები ლიდერობენ.

2017 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს მოქალაქეებმა ისლანდიაში თავშესაფარი 286-ჯერ ითხოვეს. მეორე ადგილზე ამ თვალსაზრისით შედგენილ რეიტინგში ალბანეთია, მესამეზე – ერაყი.

თავშესაფრის მომთხოვნი საქართველოს მოქალაქეებიდან 198 კაცია, 50 ქალი და  38 ბავშვი.

როგორც ზემოთ მოყვანილი ცხრილიდან ჩანს, საქართველოს მოქალაქეების მხრიდან თავშესაფრის მოთხოვნის ფაქტები ივნისიდან იზრდება.

ევროპის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ მარტის ბოლოდან დაფრინავენ. 2016 წელს საქართველოს მოქალაქეებმა ისლანდიას თავშესაფრის თხოვნით სულ 46-ჯერ მიმართეს. ეს ნიშნავს იმას, რომ 2017- ში 2016-თან შედარებით ისლანდიაში საქართველოს მოქალაქეების მიმართვიანობა თავშესაფარზე მინიმუმ 6.2-ჯერ გაიზარდა.

რაც შეეხება შედეგების სტატისტიკას, 2017 წლის 11 თვის განმავლობაში ისლანდიამ საქართველოს 234 მოქალაქის განაცხადი განიხილა: თავშესაფარი არცერთს მიანიჭა, თუმცა სუბსიდიით დაეხმარა 3 ადამიანს, განცხადების განხილვაზე უარი თქვა 53 შემთხვევაში, 12 დუბლინის რეგულაციას დაექვემდებარა, 166 აპლიკაციის განხილვა კი სხვა მიზეზით შეწყდა.

დუბლინის რეგულაცია ნიშნავს, როდესაც თავშესაფრის მოთხოვნაზე პასუხი სხვა ქვეყანამ უნდა გასცეს და არა იმან, რომელსაც ემიგრანტი მიმართავს:

სხვა ქვეყანა შეიძლება იყოს, თუ, მაგალითად:

  • სხვა ქვეყანამ გასცა პირადობის საბუთი ან ვიზა;
  • თუ დადგინდა, რომ ემიგრანტმა უკანონოდ გადაკვეთა, ჰაერით, ზღვით, ხმელეთით, სხვა ქვეყნის საზღვარი;
  • თუ ემიგრანტი ევროკავშირის ტერიტორიაზე იმ ქვეყნის საზღვრის გადაკვეთით მოხვდება, რომელთანაც უვიზო მიმოსვლა აქვს;
  • თუ ემიგრნატს უკვე მოთხოვნილი აქვს თავშესაფარი რომელიმე სხვა ევროკავშირის ქვეყანაში

უცნობია, რამ გამოიწვია უშუალოდ ისლანდიაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდა. ნეტგაზეთი ევროპის სხვა ქვეყნებში ამ თვალსაზრისით დაჯამებულ სტატისტიკას ახლო მომავალში გამოაქვეყნებს, მანამდე კი შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში არაერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ისლანდია “სიძეებს ეძებდა” და ემიგრანტს, რომელიც ისლანდიის მოქალაქეზე იქორწინებდა, ფინანსურ სარგებელსაც ჰპირდებოდა, თუმცა ეს ინფორმაცია On.ge-ს ცნობით, ტყუილი აღმოჩნდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი