ახალი ამბები

სასტუმროს სადავო პროექტი მტკვარზე – კომპანია VS მერია

23 დეკემბერი, 2017 • 2901
სასტუმროს სადავო პროექტი მტკვარზე – კომპანია VS მერია

კომპანია “რივერ ჰოტელი” თბილისის მერიას მტკვარზე კონსტრუქციის მონტაჟის უკანონო ხელშეშლაში ადანაშაულებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ მდინარეზე გემის ფორმის სასტუმროს მოწყობა სურთ, რომელიც კანონმდებლობასთან წინააღმდეგობაში არ მოდის, თუმცა ქალაქის მთავრობამ პროექტის განხორციელება  დაუსაბუთებელი არგუმენტებით შეაჩერა. თბილისის მერიაში კი მშენებლობის ნებართვის არარსებობაზე საუბრობენ.

“რივერ ჰოტელის” თანადამფუძნებლის გუჯა პატაშურის თქმით, მდინარეზე სამუშაოები რამდენიმე თვის დაწყებული ჰქონდათ, როცა 28 ნოემბერს ადგილზე ქალაქის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები მივიდნენ და კონსტრუქციის მოწყობის შეჩერება მოსთხოვეს. კომპანიამ შეზღუდვის მიზეზების შესახებ ზედამხედველობის სამსახურისგან დამატებითი განმარტება მოითხოვა, რომელიც 1 კვირის შემდეგ მიიღო. დოკუმენტში, რომელსაც ხელს სამსახურის უფროსის მოადგილე მამუკა ჯაყელი აწერს, ვკითხულობთ:

“ქ. თბილისში, რიყის პარკის მიმდენარე ტერიტორიაზე, მდინარე მტკვარზე შ. პ. ს “რივერ ჰოტელის” მიერ ხორციელდება დროებითი შენობა-ნაგებობის მშენებლობა შესაბამისი ნებართვის გარეშე”.

გემის ფორმის სასტუმროს მშენებლობა მტკვარზე. ფოტო: "რივერ ჰოტელის" ადმინისტრაცია

გემის ფორმის სასტუმროს მშენებლობა მტკვარზე. ფოტო: “რივერ ჰოტელის” ადმინისტრაცია

გუჯა პატაშურისთვის ბრალდება გაუგებარია, ვინაიდან, მისი თქმით, ჯერ კიდევ ქალაქის წინა ხელმძღვანელობის დროს, მერიის არქიტექტურის სამსახურმა კომპანიას აუწყა, რომ კონსტრუქცია არ განეკუთვნებოდა შენობა-ნაგებობის კატეგორიას, შესაბამისად, მშენებლობის ნებართვის გაცემა მათი პრეროგატივა არ იყო.

“მივმართეთ არქიტექტურის სამსახურს კონკრეტული კონსტრუქციის(გემის) განთავსების შესახებ და მივიღეთ პასუხი, რომ აღნიშნული საქმიანობა არ საჭიროებს მშენებლობის ნებართვას; რომ ეს არ არის შენობა-ნაგებობა, არც დროებითი შენობა-ნაგებობა, შესაბამისად, ის არქიტექტურის სამსახურის კონპეტენციის ფარგლებს სცდება”, – განუცხადა “რივერ ჰოტელის” თანადამფუძნებელმა “ნეტგაზეთს”. მისივე თქმით, კომუნიკაცია ზედამხედველობის სამსახურის მაშინდელ უფროსთანაც ჰქონდათ, რომელმაც განუცხადა, რომ მშენებლობის რაიმე ფორმით შეჩერების საფუძველი და ბერკეტი არ გააჩნდა.

კომპანიაში მტკვარზე გემის ფორმის სასტუმროს მოწყობის იდეა რამდენიმე წლის წინ გაუჩნდათ, შესაბამისი სამუშაოები კი მდინარეზე მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყო. გუჯა პატაშურის თქმით, მანამდე მათ ყველა საჭირო დოკუმენტაცია შეაგროვეს, რათა პროცესი კანონის ფარგლებში წარმართულიყო. მათ შორისაა დადებითი რეკომენდაციები გარემოს დაცვის სამინისტროდან, გზების დეპარტამენტიდან და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან.

სასტუმროს პროექტი

სასტუმროს პროექტი

მშენებლობის ნებართვის მიღების გზამკვლევის მიხედვით, დროებითი შენობა-ნაგებობა კონკრეტული საჭიროებისთვის(ბაზრობა-გამოფენები, სანახაობითი ღონისძიებები…) აგებულ კონსტრუქციას წარმოადგენს, რომელსაც არ გააჩნია საძირკველი. გზამკვლევში მართლაც არის მითითებული, რომ მათი მოწყობის შესახებ საჭიროა ნებართვა საქართველოს მთავრობის ან შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის მხრიდან. ჩვეულებრივ, დედაქალაქის მასშტაბით მშენებლობების ნებართვას მერიის არქიტექტურის სამსახური გასცემს.

“ნეტგაზეთს” სურდა თბილისის მერიაში გაერკვია, რატომ შეჩერდა კონსტრუქციის მონტაჟი და თუ წინა ხელმძღვანელობის დროს არქიტექტურის სამსახურმა ნებართვის გაცემა თავის კომპეტენციად არ მიიჩნია, რომელ ერთეულს უნდა გაეკეთებინა ეს.

მერიის პრესსამსახურში აღნიშნეს, რომ სამუშაოები მტკვარზე უკანონოდ, უნებართვოდ მიმდინარეობს და კომპანიას ჩაბარდა ოქმი, რომელშიც დეტალურადაა გაწერილი, თუ რატომ მიიღო არქიტექტურის სამსახურმა პროცესის შეჩერების გადაწყვეტილება.

“თუ კომპანია მიიჩნევს, რომ მისი უფლებები დაირღვა, შეუძლია მიმართოს სასამართლოს და იდავოს. ჩვენი მხრივ, წარმოვადგენთ ყველა იმ მტკიცებულებას, რითაც ვამყარებთ ჩვენს გადაწყვეტილებას”, – აღნიშნეს უწყებაში.

თავად ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გიორგი ბაგრატიონმა “ნეტგაზეთთან” დამატებითი განმარტებების გაკეთება არ ისურვა.

“რივერ ჰოტელში” აცხადებენ, რომ სასამართლო დავისთვის უკვე ემზადებიან.

მტკვარზე მიმდინარე მშენებლობებთან დაკავშირებით თბილისის მერმა, კახა კალაძემაც ისაუბრა. დედაქალაქის მთავრობის 13 დეკემბრის სხდომაზე კალაძემ აღნიშნა, რომ თუ უკანონო მშენებლობები არ შეჩერდება, მერია კანონის ფარგლებში იმოქმედებს.

“ყოველგვარი კანონის დარღვევით მიმდინარეობს გარკვეული გაუგებარი მშენებლობები. მე ვიცი, რომ ზედამხედველობის სამსახური იყო ერთ კონკრეტულ ობიექტზე მისული, რომელიც უნებართვოდ ახორციელებს მშენებლობას. მიეცით გარკვეული ვადები, დრო, რომ თვითონვე განახორციელონ ეს უსახური შენობა-ნაგებობა, თუ არადა იმოქმედეთ კანონის ფარგლებში”, – აღნიშნა მაშინ თბილისის მერმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი