ახალი ამბები

ბიუროკრატიული სისტემის გამოწვევები საქართველოში – IDFI-მ ბოლო 6 წლის მონაცემები გააანალიზა

21 დეკემბერი, 2017 • 2189
ბიუროკრატიული სისტემის გამოწვევები საქართველოში – IDFI-მ ბოლო 6 წლის მონაცემები გააანალიზა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) სახელმწიფო უწყებებში დასაქმებულების, შრომის ანაზღაურების, სამივლინებო, ავტოპარკისა და სატელეკომუნიკაციო ხარჯები შეისწავლა.

კვლევაში – “ბიუროკრატიული სისტემის გამოწვევები საქართველოში”, რომელიც 2011-2016 წლებს მოიცავს, წერია, რომ მიუხედავად იმისა, ბოლო წლებში ხელისუფლებამ ბიუროკრატიული ხარჯების (ავტოპარკი, საწვავის მოხმარება, დასაქმებულთა ოდენობა ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებში) მნიშვნელოვანი ოპტიმიზაცია განახორციელა, სახელმწიფო სსიპ-ებისა და ააიპ-ებში დასაქმებულთა რაოდენობა და შტატგარეშე თანამშრომელთა დასაქმების და ანაზღაურების წესები კვლავ გამოწვევაა სახელმწიფოსთვის. კვლევაში პრობლემატურ საკითხებად შტატგარეშე თანამშრომლები, სსიპ-ები და ა(ა)იპ-ები, სამივლინებო და წარმომადგენლობითი ხარჯებია დასახელებული.

საქსტატის მონაცემებით, 2011-2016 წლებში სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 245 ათასიდან 275 ათასამდე მერყეობს. განვლილი 6 წლის განმავლობაში სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა ყველაზე დიდი მაჩვენებელი 2015 წელს დაფიქსირდა. 2015 წელს სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობამ 274,9 ათასს მიაღწია.

წყარო: IDFI

კვლევის თანახმად, ბოლო 6 წლის განმავლობაში ბიუროკრატიული ხარჯი დაახლოებით 800 მილიონი ლარით გაიზარდა, თუმცა მისი წილი ბიუჯეტის საერთო ხარჯების მიმართ დაახლოებით 6%-ით, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ დაახლოებით 0,3%-ით შემცირდა.

რაც შეეხება სსიპ-ების და ა(ა)იპებს, IDFI-ის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ-ების თანამშრომელთა რიცხვი, 2015 წლის მდგომარეობით, 2011 წელთან შედარებით, დაახლოებით გაორმაგებულია და 51 828 თანამშრომელს შეადგენს. 2015 წელს ააიპ-ებში დასაქმებული თანამშრომლების შრომის ანაზღაურებაზე 179 მილიონი ლარი დაიხარჯა.

წყარო: სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ბიუროკრატიული ხარჯების მნიშვნელოვანი კომპონენტი სახელმწიფო სექტორში მომუშავე შტატგარეშე თანამშრომლები არიან. კვლევის მიხედვით, ყოველწლიურად იზრდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან შტატგარეშე თანამშრომლების შრომის ანაზღაურება. 2016 წელს კი შტატგარეშე თანამშრომელთა ანაზღაურებაზე დაახლოებით 170 მლნ ლარი დაიხარჯა. შტატგარეშე თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებაზე 2011 წელს დაახლოებით 68 მლნ ლარი დაიხარჯა.

წყარო: IDFI

რაც შეეხება სამივლინებო და წარმომადგენლობით ხარჯებს, IDFI-ში მიაჩნიათ, რომ ამ მიმართულებით მთავრობამ უნდა შეიმუშაოს წარმომადგენლობითი ხარჯების განკარგვის ერთიანი წესი. კვლევის მიხედვით, 2011-2016 წლებში სამივლინებო ხარჯები არ გაზრდილა.

წყარო: IDFI

კვლევაში დადებთად არის შეფასებული მთავრობის მიერ შრომის ანაზღაურების შესახებ ახალი კანონპროექტის მომზადება, საწვავის მოხმარებაზე კონტროლი, რაც საწვავის დადგენილი ლიმიტის ფარგლებში, ე.წ. ჩიპების საშუალებით ათვისებას გულისხმობს.

ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით, ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ვალდებულებები აიღო, როგორიცაა საქართველოს შრომის ანაზღაურების შესახებ ახალი კანონის შემუშავება და სახელმწიფო ავტოპარკის ოპტიმიზაცია.

რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ ბიუროკრატიული ხარჯების შესამცირებლად

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მთავრობას უფრო ეფექტური ბიუროკრატიული აპარატის შექმნის მიზნით რეკომენდაციებით მიმართავს:

  • საქართველოს კანონმდებლობით მკაფიოდ უნდა განისაზღვროს სახელმწიფო სსიპ-ების და ა(ა)იპ-ები დაფუძნების კრიტერიუმები, რაც მაქსიმალურად გამორიცხავს დუბლირებული უფლებამოსილების მქონე უწყებების არსებობას.
  • უნდა განისაზღვროს ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ოდენობის დადგენილ ლიმიტზე გადაჭარბების კრიტერიუმები, დასაქმების პირობები და ხანგრძლივობა.
  • სახელმწიფო ავტომობილების გამოყენება მინიმუმამდე უნდა იქნეს დაყვანილი. საქართველოს მთავრობამ უნდა განიხილოს სახელმწიფო ავტოპარკის ცენტრალიზებული სერვისის ჩამოყალიბების საკითხი, რომლის მართვაში მოექცევა ყველა სახელმწიფო ავტომანქანა.
  • შრომის ანაზღაურების შესახებ ახალი კანონის მოქმედება უნდა გავრცელდეს ყველა საბიუჯეტო დაწესებულებაზე. ამასთან, კანონის პროექტს უნდა დაემატოს ცალკე ჩანაწერი სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების ხელმძღვანელთა ანაზღაურების შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი