გაზრდილი ინვესტიციების თავსატეხი – საქსტატმა ბოლო 15 წლის მონაცემები შეცვალა

იმის გამო, რომ საქსტატმა 2002 წლიდან დღემდე ქვეყანაში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) მაჩვენებლები შეასწორა, აღმოჩნდა, რომ 2012 წლამდე პერიოდში ეს მონაცემები მნიშვნელოვნად შემცირდა და გაიზარდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში ქართული ოცნება მოვიდა.

ქვეყანაში უცხოური ვალუტის ძირითად წყაროს ექსპორტი, ფულადი გზავნილები, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წარმოადგენს. შესაბამისად, სწორედ ეს მაჩვენებლები დიდწილად განაპირობებს ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილურობას.

მაჩვენებლების შესწორებამდე, საქსტატის მონაცემებით, ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია – 2 მლრდ 15 მლნ დოლარი საქართველოში 2007 წელს განხორციელდა, თუმცა 2017 წლის დეკემბერში საქსტატმა ეს მონაცემი შეცვალა, კერძოდ, ჩამოაკლო 265 მლნ დოლარი და შედეგად, ირკვევა, რომ ქვეყანაში ყველაზე მეტი ინვესტიცია 2017 წელს განხორციელდა. მხოლოდ წლევანდელი სამი კვარტლის მონაცემებით, 1 მლრდ 346 მლნ 500 ათასი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. ამის თაობაზე ზედიზედ გააკეთეს საჯარო განცხადებები და მთავრობის მიღწევად შეაფასეს ხელისუფლების ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებმა, მათ შორის, პრემიერ-მინისტრმა.

“იმის შედარება, რომ გადათვალეს და, აბა, გავასწარით 2007 წელს, არის, ჩემი აზრით, არასერიოზული დამოკიდებულება. არ შეიძლება, რომ 10 წლის შემდეგ ვამაყობდეთ, რომ 2007 წლის ნიშნულს ვაჯობეთ, რადგან მსოფლიოში რომ ვნახოთ, ინვესტიციების მოცულობა რამოდენიმეჯერ არის გაზრდილი და გაცილებით უფრო სწრაფი ტემპით, ვიდრე ეს საქართველოში ხდება,”- აცხადებს ეკონომისტი გიორგი პაპავა.

რატომ შეიცვალა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლები?

“ნეტგაზეთს” საქსტატში განუცხადეს, რომ ამის მიზეზი საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) რეკომენდაცია გახდა.

“ერთ-ერთი რეკომენდაციის თანახმად, პრიორიტეტულ ქმედებად განისაზღვრა საქსტატის და ეროვნული ბანკის მონაცემების შესაბამისობაში მოყვანა”, – უთხრეს “ნეტგაზეთს” საქსტატში.

მათვე მოგვაწოდეს ამონარიდი ზემოაღნიშნული რეკომენდაციიდან:

„საქსტატისა და ეროვნული ბანკის მიერ წარმოებული პირდაპირი ინვესტიციების მონაცემთა დინამიკური მწკრივების გადახედვა და აუცილებელი ცვლილებების განსაზღვრა მათი შესაბამისობის უზრუნველსაყოფად (2017 წლის დეკემბრისთვის). აღნიშნული ხელს შეუწყობს, აღმოიფხვრას შეუსაბამობები საგარეო სექტორის სტატისტიკის მონაცემთა მწკრივებს შორის და მომხმარებლებს მიაწოდოს სანდო ინფორმაცია სხვადასხვა უწყებების მიერ წარმოებული ერთი და იმავე მაკროეკონომიკური მაჩვენებლების შესახებ.“

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საგარეო ვაჭრობის და უცხოური ინვესტიციების სტატისტიკის უფროსმა ლიკა დებისაურმა “ნეტგაზეთთან” საუბარში განმარტა, რომ რეკომენდაციის მიხედვით, საქსტატს საშუალება მიეცა, ნებისმიერ პერიოდში მონაცემებში ცვლილება შეიტანოს.

“ჩვენი მონაცემთა გავრცელების პოლიტიკა იყო სხვანაირი. როცა ვდებდით მონაცემებს, მას შემდეგ, წლიური დაზუსტებების გარდა, ცვლილებების შეტანას ვერ ვახერხებდით, რადგან ასეთი მონაცემთა გადასინჯვის პოლიტიკა გვქონდა. ეროვნული ბანკი კონკრეტულ კვარტალს რომ ავრცელებდა, წინა პერიოდის ყველა კვარტლის შეცვლა შეეძლო მიღებული დამატებითი წყაროს საფუძველზე. ამიტომ არსებობდა განსხვავებები ჩვენსა და ეროვნული ბანკის მონაცემებს შორის”, – უთხრა ნეტგაზეთს დებისაურმა.

რა შეცვალა საქსტატმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დათვლის კუთხით

“ყველაზე დიდი თანხა, რაც არის, 2007 წელს მოაკლეს. დათვლის მეთოდოლოგია არ შეცვლილა, უბრალოდ აღმოჩნდა, რომ 10 წელი ეწერა თანხა ინვესტიციად, რაც არ იყო ინვესტიცია. ეს არის კონკრეტული პროექტი, რომელიც ახლა აღარ ჩაითვალა FDI-ში. ამას საერთოდ რად უნდოდა სავალუტო ფონდის რეკომენდაცია, თუ იცი, რომ ასეთი არასწორი რიცხვები გიწერია?!”- აცხადებს ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე “ნეტგაზეთთან” საუბარში.

საქსტატის წარმომადგენელს ჩვენც ვკითხეთ, თუ რატომ დასჭირდა ამდენი წელი 2007 წლის მონაცემების შეცვლას. პასუხად განგვიმარტეს, რომ სავალუტო ფონდის მისია საქსტატში 2016 წლის ნოემბერში იმყოფებოდა და სწორედ მაშინ გასცეს რეკომენდაცია, რომ საქსტატის და ეროვნული ბანკის FDI ერთმანეთს დამთხვეოდა.

“ახლა ამ რეკომენდაციის საფუძველზე შეიცვალა მონაცემთა გადასინჯვის პოლიტიკა და როცა ვაქვეყნებთ მიმდინარე კვარტალს, ჩვენც შეგვიძლია წინა პერიოდები დავაზუსტოთ. მეთოდოლოგიაში არანაირი ცვლილება არ ყოფილა. მონაცემთა გადასინჯვის პოლიტიკა შეიცვალა და შეგვიძლია ნებისმიერ დროს შევცვალოთ ნებისმიერი მწკრივი, თუკი შესაბამისი წყაროდან გვექნება ინფორმაცია. როცა გამოვაქვეყნეთ 2017 წლის მესამე კვარტალი, ნახავდით, რომ მეორე და პირველი კვარტალიც შეიცვალა,”- აცხადებს ლიკა დებისაური.

საქსტატის ცნობით, “მონაცემების კორექტირება განხორციელდა საქსტატის მიერ შემუშავებული სტატისტიკური ინფორმაციის გადასინჯვის პოლიტიკის შესაბამისად, (რეგულარული გადასინჯვის პრინციპის საფუძველზე) რესპონდენტების/ადმინისტრაციული წყაროების მიერ მონაცემების დაზუსტების შედეგად”.

“რეგულარული გადასინჯვა ეწოდება ცვლილებებს გამოქვეყნებულ მონაცემებში, რომლებიც უკავშირდება მონაცემთა წარმოების სტანდარტულ პროცესს (მაგალითად, როდესაც შეფასებით მიღებული მონაცემები ჩანაცვლდება რესპონდენტების მიერ მოწოდებული ფაქტობრივი მონაცემებით, ან გამოქვეყნებული მონაცემები წინასწარია, მონაცემთა შემდგომ გამოქვეყნებამდე ისინი გადაისინჯება და განახლდება დადგენილ ვადებში)”, – განმარტებულია სტატისტიკურ მონაცემთა გადასინჯვის პოლიტიკის დოკუმენტში.

“გასაგებია, რომ სავალუტო ფონდმა უთხრა საქსტატს, რომ არ უნდა იყოს ცდომილება ეროვნული ბანკის მონაცემთან. საქსტატი არ ამბობს, კონკრეტულად თანხების ჩამოკლების ან მომატების მიზეზი რა გახდა”, – აცხადებს ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე.

მონაცემების შეცვლის შედეგად მიღებული სხვაობა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლებში

რატომ არის მნიშვნელოვანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლები

“ამას ყურადღება დიდად არ მიექცეოდა, რომ არა მთავრობის წევრების გამოსვლები, სადაც იძახდნენ, რომ ისტორიულად ბევრი ინვესტიცია შემოვიდა 2017 წლის სამ კვარტალში”, – აცხადებს ბესო ნამჩავაძე.

ეკონომისტი გიორგი პაპავა აცხადებს, რომ უცხოური ინვესტიციების ქვეყანაში შემოსვლა ხელს უწყობს ეკონომიკურ განვითარებასა და დასაქმებას, თუმცა, მისი თქმით, საქართველოს არ აქვს  FDI-ის ისეთი ზრდა, რომელიც ქვეყანას მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზრდას მოუტანს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანახმად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განვითარებადი ქვეყნებისთვის დამატებითი ფინანსური რესურსია. ფინანსური რესურსის გარდა, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან ერთად ასეთ ქვეყნებში ტექნოლოგიები, სამუშაო უნარები, ინოვაციური მიდგომები, ორგანიზაციული და მენეჯერული პრაქტიკაც შედის.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, თავისუფალი და საბაზრო ეკონომიკური პოლიტიკით, ადმინისტრაციული პროცედურების სიმარტივით, თანაბარი პირობებით საქართველო მიმზიდველია უცხოელი ინვესტორებისთვის. 2011 წელს მთავრობამ ინვესტიციების წახალისების, საინვესტიციო პროექტების განვითარების საწყის ეტაპზე თანამონაწილეობის გზით (კაპიტალში თანაინვესტირება, სუბორდინირებული სესხი და ა.შ.) საპარტნიორო ფონდი შექმნა.

ამის მიუხედავად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდის დინამიკა, თუნდაც კორექტირებული მაჩვენებლებით, მაინც დაბალია. მაგალითად, 2007 წლის კორექტირებულ მონაცემთან (1 მლრდ 750 მლნ 200 ათასი აშშ დოლარი) შედარებით, 2016 წელს მაინც უფრო ნაკლები FDI (1 მლრდ 583 მლნ 800 ათასი აშშ დოლარი) შემოვიდა ქვეყანაში.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობას წლების მიხედვით დეტალურად შეგიძლიათ გაეცნოთ ცხრილში, რომელშიც ასახულია საქსტატის მონაცემები შესწორებამდე და მის შემდეგ:

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.