ახალი ამბები

მმართველი გუნდის მესიჯბოქსი პრემიერის გინებაზე

21 დეკემბერი, 2017 • 3155
მმართველი გუნდის მესიჯბოქსი პრემიერის გინებაზე

გთავაზობთ მმართველი გუნდის წარმომადგენლების გამოხმაურებებს მათი პარტიის ლიდერისა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრის გინებაზე პარლამენტში. სიტყვიერი დაპირისპირება პარლამენტში ნიკა მელიასა და პრემიერს შორის მოხდა, რის შემდეგაც  პრემიერმა ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს აგინა.


პარლამენტში მომხდარ ინციდენტს ერთ-ერთი პირველი გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა გაბუნია.

“სრული მორალური, კაცური და ადამიანური მხარდაჭერა გიორგი კვირიკაშვილს”, – ასეთი სტატუსი გამოაქვეყნა გაბუნიამ ფეისბუკზე, რომელიც ამჟამად მის საჯარო პოსტებში აღარ იძებნება.

კვირიკაშვილმა ცნობილი ფრანგი ფეხბურთელი ზინედინ ზიდანი გაახსენა საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთ წევრ ენძელა მაჭავარიანს. 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ზინედინ ზიდანმა იტალიელ მარკო მატერაცის მკერდში თავი ჩაარტყა, რის შემდეგაც ის მსაჯმა მოედნიდან გააძევა. იმ დროისთვის ანგარიში 1-1 იყო, 10-კაციანი საფრნაგეთი კი საბოლოოდბდამარცხდა იტალიასთან. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მატერაციმ ზიდანს ოჯახის წევრებზე უთხრა შეურაცხმყოფელი სიტყვები და ამის გამო დაარტყა თავი.

„უხ, შენ გენაცვალე!!! პირდაპირ ზიდანი გამახსენეთ, ბატონო პრემიერო!!!”, – დაწერა მაჭავარიანმა ფეისბუკზე. ამჟამად მის საჯარო სტატუსებში ეს პოსტი აღარ იძებნება.

“ჩვეულებრივი კრიმინალური მენტალიტეტის ხალხია, ამათგან პოლიტიკოსები არასდროს დადგება”, – თქვა მინისტრთა კაბინეტის წევრმა სოზარ სუბარმა ნაციონალურ მოძრაობაზე.

“კვირიკა, დავი! არ აცდეს, არც ერთი”, – ეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ოთარ ჩრდილელის გამოხმაურებაა.

“მინდა გამოვეხმაურო იმ პროვოკაციას, რომელიც განხორციელდა დღეს ჩვენი კოლეგების, პარლამენტის კონკრეტული ოპოზიციონერი წევრების მხრიდან. ეს ნამდვილად იყო ძალიან მძიმე პროვოკაცია, რომელიც არ შეშვენის საპარლამენტო ცხოვრებას. ასეთი ქმედებებით საპარლამენტო, პოლიტიკურ კულტურას წინ ვერ წავწევთ. ასეთ პროვოკაციებს შესაბამისი რეაგირება უნდა ჰქონდეს”, – თქვა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

“რასაც 9 წლის განმავლობაში აკეთებდნენ, იგივეს ცდილობენ დღესაც, მაგრამ ჩვენ მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს, რომ ამას მეტი მოთმინებით შევხვდეთ, თუმცა ძალიან რთული მოსათმენია, როდესაც უზრდელობის, პროვოკაციების ფონზე აპირებენ პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას”, – თქვა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.


“შენ ხარ კორუმპირებული და კრიმინალების მფარველი,” – მიაძახა ნიკა მელიამ გიორგი კვირიკაშვილს, რის შემდეგაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნაციონალური მოძრაობის ლიდერს პარლამენტში ჟურნალისტების თანდასწრებით  აგინა. პრემიერ – მინისტრმა ნიკა მელიას აგინა დედა,  “კეთილები” და უწოდა “ნაბიჭვარი”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი