ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

კვირიკაშვილი ჟენევის დისკუსიებში პირადად ჩართვის სურვილს გამოთქვამს

21 დეკემბერი, 2017 • 2413
კვირიკაშვილი ჟენევის დისკუსიებში პირადად ჩართვის სურვილს გამოთქვამს

“ყველაფრის გასაჯაროება ალბათ რთული იქნება, მაგრამ ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, რათა არსებულ ჟენევის დისკუსიების ფარგლებში, პირველ რიგში, ავწიოთ დონე და მინისტრის მოადგილის დონიდან გადავიდეთ მინიმუმ მინისტრის დონეზე. მე მზად ვარ, პრემიერ-მინისტრის დონეზეც გადავიდეთ და პირადად ჩავერთვები აუცილებლად ამ ფორმატის საქმიანობაში”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში.

რაც შეეხება აფხაზებთან, ოსებთან, რუსებთან დიალოგს, მისი თქმით, ეს არის ურთულესი საკითხი.

„გეთანხმებით, რომ კონფლიქტურ რეგიონებთან პირდაპირი დიალოგის გარეშე არცერთი ასეთი კონფლიქტი არ გადაწყვეტილა. ეს, ალბათ, იქნება თანდათანობითი პროცესი. ჩვენ გვინდა საზოგადოების წარმომადგენლების დიალოგებით დავიწყოთ, ვნახოთ, ეს როგორ წარიმართება. ჩვენი განწყობა არის ის, რომ ჩვენ ქმედითი ნაბიჯები გადავდგათ ამ პრობლემების მოსაგვარებლად და არავითარ შემთხვევაში არ ჩავიკეტოთ იმ ბორკილებში, რომელიც არის წარმოდგენილი ამ პოლიტიკური ძალის მიერ, რომელმაც ეს უმძიმესი პრობლემა მემკვიდრეობად დატოვა“.

„არაერთი მოლაპარაკება, მათ შორის, 90-იან წლებში და ბოლო პერიოდშიც ფუჭი აღმოჩნდა და, სამწუხაროდ, არ შესრულდა ვალდებულებები რუსეთის მხრიდან. ამიტომ კიდევ ერთხელ რომ არ აღმოვჩნდეთ ასეთ სიტუაციაში, ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ.

ჩვენი მოთხოვნა და თხოვნაცაა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მიმართ, რომ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების მანდატიდან გავფართოვდეთ და კონფლიქტის პოლიტიკური გადაწყვეტის ფორმატის ფუნქციაც და მანდატიც მივანიჭოთ ამ ფორმატს. იმედი მაქვს, რომ ამ მიმართულებით შესაძლებელია განხორციელდეს გარკვეული ძვრები, თუმცა რუსეთის ქმედებები დღეს ამის იმედს არ იძლევა. მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ჩვენი მხრიდან უნდა იყოს კონსტრუქციული მიდგომა და ჩვენ ამ კონსტრუქციულ მიდგომას ნაბიჯ-ნაბიჯ ვახორციელებთ“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ჟენევის დისკუსიები 2008 წლიდან [აგვისტოს ომის შემდეგ] მიმდინარეობს. მასში მონაწილეობს ქართული, აფხაზური, ოსური და რუსული მხარეები. გარდა ამისა, წარმომადგენლები გაეროდან, ეუთოდან და ევროკავშირიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი