ახალი ამბები

დონალდ ტრამპი გაეროს რეზოლუციის მხარდამჭერებს დაფინანსების შეწყვეტით ემუქრება

21 დეკემბერი, 2017 • 1666
დონალდ ტრამპი გაეროს რეზოლუციის მხარდამჭერებს დაფინანსების შეწყვეტით ემუქრება

ამერიკის პრეზიდენტი დაფინანსების შეწყვეტით ემუქრება ყველა იმ ქვეყანას, რომელიც იერუსალიმის საკითხზე  გაეროს რეზოლუციას მხარს დაუჭერს. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

საქმე გაეროს იმ რეზოლუციას ეხება, რომელიც ტრამპის გადაწყვეტილებას ისრაელის დედაქალად იერუსალიმის აღიარების შესახებ ეწინააღმდეგება. გაერო დღევანდელ სხდომაზე აპირებს რეზოლუციის მიღებას.

თეთრ სახლში შეხვედრისას, ტრამპმა აღნიშნა, რომ აღარ მისცემს საშუალებას ქვეყნებს, აშშ-ის დახმარებით ისარგებლონ მაშინ, როდესაც ისინი აშშ-ის  წინააღმდეგ აძლევენ ხმას. მან ასევე დაადასტურა ამერიკის ელჩის გაეროში, ნიკი ჰეილის სიტყვები, რომელმაც გუშინ განაცხადა, რომ აშშ ხმის მიცემის პროცესს თვალყურს ადევენებს და “სახელებს ინიშნავს”.

“ისინი იღებენ მილიონობით და ზოგჯერ მილიარდობით დოლარსაც კი და შემდეგ ჩვენ წინააღმდეგ აძლევენ ხმას. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ხმის მიცემას. დაე, მისცენ ხმა ჩვენს წინააღმდეგ. ჩვენ ამით ბევრს დავზოგავთ, ჩვენ ეს არ გვადარდებს. აშშ-ის მოსახლეობა, რომელსაც ძალიან უყვარს ეს ქვეყანა,  უკვე დაიღალა იმით, რომ აშშ-ის კეთილგანწყობით სარგებლობენ. მე ამას აღარ დავუშვებ “ -განუცხადა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს.

გუშინ გაეროში აშშ-ის ელჩმა ნიკ ჰეილიმ განაცხადა, რომ ყველა იმ ქვეყნის სახელს გადასცემს პრეზიდენტს, რომლებიც ხმას აშშ-ის წინააღმდეგ მისცემენ. გარდა ამისა, გუშინვე გახდა ცნობილი, რომ  რამდენიმე პარტნიორ ქვეყანას აშშ-მა გაუგზავნა წერილი, სადაც ნიკი ჰეილიმ კიდევ ერთხელ გააფრთხილა ისინი, რომ “პრეზიდენტი ტრამპი კენჭისყრას ყურადღებით დააკვირდება. მან დამავალა, დეტალური ანგარიში წარვადგინო იმ ქვეყნებზე, რომლებიც ჩვენ წინააღმდეგ მისცემენ ხმას. ჩვენ ამ საკითხზე თითოეული ქვეყნის გადაწყვეტილებას გავითვალისწინებთ მომავალში,” – აღნიშნულია წერილში.

ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 6 დეკემბერს იერუსალიმის დედაქალაქად ისრაელი აღიარა და საელჩოს თელავივიდან იერუსალიმში გადატანის განკარგულება გასცა. ტრამპის განცხადებას  არაერთი ქვეყნიდან კრიტიკა მოჰყვა, მათ შორის, ბრიტანეთის, გერმანიის პალესტინისა და საუდის არაბეთის მხრიდან. თუმცა თავად ისრაეილის პრემიერ- მინისტრი, ნეთანიაჰუ გადაწყვეტილებას ისტორიულს უწოდებს და აშშ-ის პრეზიდენტის მადლიერია.

რაც შეეხება გაერთიანებული ერების გამოხმაურებას, უშიშროების საბჭოს სხდომაზე აშშ-ის განცხადების განხილვის შემდეგ გაეროს 14-მა წევრმა მხარი დაუჭირა ეგვიპტის მიერ შემუშავებულ რეზოულციას, რომელიც პირდაპირ არ ახსენებდა აშშ-ს, თუმცა გამოხატავდა “ღრმა მწუხარებას იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებასთან ”, აშშ-მა კი რეზოლუციას ვეტო დაადო. სხდომაზე ნიკი ჰეილიმ განაცხადა: “ ის, რაც ჩვენ უსაფრთოხების საბჭოზე ვიხილეთ, არის შეურაცხყოფა აშშ-ის მიმართ. ამას ჩვენ არ დავივიწყებთ.”

საქართველოს კონკრეტული პოზიცია საკითხის მიმართ ჯერჯერობით უცნობია. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, იერუსალიმის საკითხზე, პარტნიორებთან კონსულტაციები მიმდინარეობს.

აშშ-ის მიერ დაფინანსებაზე საუბრისას აღსანიშნავია შეერთებული შტატების 2018 წლისთვის ბიუჯეტის პირველი პროექტი, რომლის  მიხედვით აშშ ხარჯების შემცირებას ითვალისწინებს არაერთი მიმართულებით, სამაგიეროდ კი ზრდის თავდაცვის ბიუჯეტს. ამ  პროექტის მიხედვით, სახელმწიფო დეპარტამენტისა და USAID-ის პროგრამების დაფინანსება დაახლოეით 30%-ით უნდა შემცირდეს.

ამ პროგრამებიდან დახმარებას საქართველოც იღებს. თუ 2016 წელს საქართველომ აშშ-დან $80.6 მილიონის დახმარება მიიღო, ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მომზადებული პროექტით ეს თანხა $34.1 მილიონამდე ანუ, ჯამში, 2.3-ჯერ მცირდება. მნიშვნელოვანია, რომ ბიუჯეტის პროექტით, 2016 წლისაგან განსხავებით, 2018-ში საქართველო ვეღარ მიიღებს უსაფრთხოების მიმართულებაზე გამოყოფილ 30 მლნ დოლარს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი