ახალი ამბები

პრემიერის გინება არის ცუდი მაგალითი მომავალი თაობებისთვის – ნადირაშვილი

20 დეკემბერი, 2017 • 3196
პრემიერის გინება არის ცუდი მაგალითი მომავალი თაობებისთვის – ნადირაშვილი

საპარალემტნო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, ირმა ნადირაშვილის განცხადებით, დღეს პარლამენტში პრემიერის მიერ ატეხილი ლანძღვა-გინება არის ცუდი მაგალითი მომავალი თაობებისთვის.

“საერთოდ, თუ იგრძნობ შეცდომას და ბოდიშს მოიხდი, ეს კარგი საქციელია, მაგრამ ეჭვი მაქვს, მან ბოდიში მოიხადა იმიტომ, რომ პოლიტიკურად ძალიან დაზარალდა და არა იმიტომ, რომ გულწრფელად ნანობს თავის საქციელს. გულწრფელად რომ ნანობდეს, ბოდიშის მოხდის დროს არ იტყოდა იმ სიტყვებს, რომ “რა თანამდებობაზეც არ უნდა ვიყოთ, ჯერ ჩვენი ღირსების დაცვა გვავალია და მერე ყველაფერი დანარჩენიო”. ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენს პრემიერ-მინისტრს ღირსების დაცვა ჰგონია კეთილების ტრიალი და ბილწსიტყვაობა პარლამენტში,” – განუცხადა ნეტგაზეთს ირმა ნადირაშვილმა.

მისი თქმით, პრემიერი არის პასუხისმგებელი მისი ქვეყნის მოქალაქეების ბედზე, საქართველოს მართვაზე, და რა ვითარებაშიც არ უნდა მოხდეს, უფრო მეტი პასუხისმგებლობა აქვს და მეტი თავშეკავება სჭირდება:

“გარდა ამისა, ვთვლი, რომ მან დაკარგა სახე იმ წუთებში, როდესაც ბილწსიტყვაობდა. ეს არის ძალიან ცუდი მაგალითი მომავალი თაობებისთვის, როდესაც ბავშვები ხედავენ, რომ ქვეყნის მმართველი პირი ასეთი ფორმით არჩევს საქმეებს პარლამენტში. ამის შემდეგ სხვებს რა უნდა მოვთხოვოთ?!”

ირმა ნადირაშვილის თქმით, ხელისუფლების წევრების მიერ გამოთქმული პრემიერის გამამრთლებელი განცხადებები კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მთავრობის მეთაურის ბოდიში არ არის გულწრფელი.

“მათ მიაჩნიათ, რომ პრემიერი კარგად მოიქცა, ან ფიქრობენ. მხარდაჭერა კი არ არის საჭირო, არამედ უნდა მიუთითონ, რომ პარლამენტში და საერთოდ არსად შეიძლება, ქვეყნის პირველი პირი ასე იქცეოდეს. თუმცა არ გამკვირვებია ეს, რადგან ჩვენთან შეხვედრისასაც ცდილობდნენ ძველბიჭობას. საგარეო საქმეთა მინისტრიც ძველბიჭობდა, მაგრამ ამდენი ვერ გაბედა, ცხადია. ეს არის ნორმა მათთვის, როგორც იქცევიან,” – აცხადებს საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი.

მოკლედ:

20 დეკემბერს, თბილისში, საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში ინციდენტი მოხდა, მთავრობის ლიდერები ოპოზიციონერი პარლამენტარების კითხვებს პასუხობდნენ. ყველაზე მეტად სიტუაცია ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებთან შეხვედრისას გამწვავდა. ნიკა მელიამ გიორგი კვირიკაშვილს სამარცხვინო უწოდა, ასევე, კორუფციულ გარიგებებში და კრიმინალების მფარველობაში დაადანაშაულა, რის შემდეგაც მთავრობის წევრებმა დარბაზის დატოვება დაიწყეს, გიორგი კვირიკაშვილმა კი ჟურნალისტების თანდასწრებით ნიკა მელიას აგინა. მალევე პრემიერმა ბოდიში მოუხადა საზოგადოებას ზედმეტი ემოციებისთვის და განაცხადა, რომ “რა თანამდებობაზეც არ უნდა იყოს, ჯერ ღირსების დაცვა ავალია და მერე ყველაფერი დანარჩენი.”

მასალების გადაბეჭდვის წესი