ახალი ამბები

ინაშვილი კვირიკაშვილს: იმ საქართველოს რა ვუთხარი, ნიკა მელია რომ გაგიბლატავდებათ

20 დეკემბერი, 2017 • 5931
ინაშვილი კვირიკაშვილს: იმ საქართველოს რა ვუთხარი, ნიკა მელია რომ გაგიბლატავდებათ

ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების” თავმჯდომარემ, ირმა ინაშვილმა პარლამენტში მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების განხილვაზე განაცხადა, რომ კვირიკაშვილის მიერ დეპუტატ ნიკა მელიას გინება “ნაციონალური მოძრაობის” “დაუსჯელობის” ბრალია.

მისივე თქმით, “ქართულ ოცნებას” დამნაშავეები თავის დროზე უნდა დაესაჯა.

“შედეგი არის ის გონორი, ის ამბიცია, ის თავხედობა, რასაც ადგილი ჰქონდა ამ დარბაზში ცოტა ხნის წინ. პასუხისმგებლობის მთელი ტვირთი არის თქვენზე, ქართული ოცნების ხელისუფლებაზე, რომლებმაც გააცოცხლეთ ეს ხალხი, დატოვეთ პოლიტიკურ ლიდერებად და ფიგურებად, დღეს აღიარებთ სტრატეგიულ პარტნიორებად და გსიამოვნებთ, ეტყობა, მათთან ასეთ სტილში მუშაობა და სტრატეგიული პარტნიორობა. ჰოდა, ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ ბოკერიაც და ნიკა მელიაც. იმ საქართველოს რა ვუთხარი, ნიკა მელია რომ გაგიბლატავდებათ,”- მიმართა კვირიკაშვილს ინაშვილმა.

“შენ ხარ კორუმპირებული და კრიმინალების მფარველი,” – მიაძახა ნიკა მელიამ გიორგი კვირიკაშვილს, რის შემდეგაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნაციონალური მოძრაობის ლიდერს ჟურნალისტების თანდასწრებით აგინა.

ნიკა მელიამ კიდევ ერთხელ უწოდა პრემიერს სამარცხვინო და გიორგი კვირიკაშვილს მიაძახა: “შე უნამუსო, შენა. ლანძღვა-გინებაზე გადასული პრემიერ-მინისტრი. პარლამენტში ხარ, თუ ქუთაისში ხარ მოზრდილი, შე მართლა…”

ეს ყველაფერი დღეს, 20 დეკემბერს, თბილისში, საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში მოხდა, სადაც მთავრობის ლიდერები “ნაციონალური მოძრაობის” კითხვებს პასუხობდნენ.

იმავე დღეს, მოგვიანებით, კვირიკაშვილმა საზოგადოებას ბოდიში მოუხადა და განაცხადა, რომ მისთვის ღირსება არის უპირველესი.

მასალების გადაბეჭდვის წესი