ხარაგაულის პოლიციის უფროსი შეიცვალა

ხარაგაულის პოლიციის უფროსი შეიცვალა. შსს-ს პრესსამსამსახურის ინფორმაციით, უწყებაში საკადრო როტაცია იყო და ხარაგაულის პოლიციის უკვე ყოფილი უფროსი, ბეჟან აფხაზავა ხონის პოლიციის უფროსის მოადგილედ გადაიყვანეს.

უკავშირდება თუ არა ამირან კვირიკაშვილის საქმეს ხარაგაულის პოლიციის უფროსის სხვა ადგილზე გადაყვენა, ამის შესახებ შსს-ს პრესსამსახურიდან პასუხი ვერ მივიღეთ.

ხარაგაულში მცხოვრებმა ამირან კვირიკაშვილმა მიმდინარე წლის ოქტომბერში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები სუიციდის მიზეზად პოლიციის მხრიდან მუქარას ასახელებდნენ.

“ეუბნებოდნენ, რომ, ალბათ, რა ვიცი, ჩემი აზრია, რომ ან ითანამშრომლე ჩვენთან, ან დაგიჭერთ. ალბათ, ეს იყო მუქარა, რომელიც მაგან ვერ აიტანა და პირადად მე მითხრა, რომ ან თავი უნდა მოვიკლა, ან მაგენი უნდა მოვკლაო. ეგ ისეთი იყო, იმგენს ვერაფერს დაუშავებდა და ისევ დაუშავა მის თავს. ჩემმა ძმამ, რომელმაც წერა-კითხვა არ იცის, აწერინებენ რაღაც საბუთზე ხელს, უმშობლოდ. გამოიღონ ის საბუთი და მანახონ, რაზე მოაწერინეს მას ხელი. როგორც მე მივხვდი მისი საუბრიდან, მასზე იყო ფსიქოლოგიური ზეწოლა, რომელსაც ვერ გაუძლო,”-აცხადებს ტელეიმედთან საუბარში ნინო კვირიკაშვილი, გარდაცვლილის და.

4 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხარაგაულის რაიონულ სამმართველოში  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო , თუმცა 9 ნოემბერს საქმე გამოსაძიებლად ქუთაისის საოლქო პროკურატურას გადაეცა. ამ დროსითვის ამირან კვირიკაშვილის საქმეზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) და 1443-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) მიმდინარეობს.

ამირან კვირიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა. NGO-ები დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურას მოუწოდებენ, გამოძიება წარიმართოს სწრაფად და დადგეს ხარაგაულის შინაგან საქმეთა რაიონული სამმართველოს პოლიციელთა პასუხისმგებლობის საკითხი. განცხადებაზე ხელს აწერენ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC); საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო; საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI); ადამიანის უფლებათა ცენტრი; დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD); კონსტიტუციის 42-ე მუხლი; “თეთრი ხმაურის მოძრაობა”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.