ახალი ამბები

უვიზო მიმოსვლა ბალკანეთსა და EAP ქვეყნებში – საქართველო ევროკომისიის ანგარიშში

20 დეკემბერი, 2017 • 2629
უვიზო მიმოსვლა ბალკანეთსა და EAP ქვეყნებში – საქართველო ევროკომისიის ანგარიშში

ევროკომისია სპეციალურ ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც ბალკანეთისა და აღმოსავლეთ ევროპის იმ ქვეყნებს ეხება, რომელთა მოქალაქეებს შენგენის ზონაში უვიზოდ გადაადგილება შეუძლიათ.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ წინა ანგარიშის მსგავსად, ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების ჩართულობა ევროკავშირის ქვეყნებში ჩადენილ დანაშაულებებში არაწევრ ქვეყნებს შორის კვლავაც ერთ-ერთი ყველაზე ხშირია.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ქართული დაჯგუფებები ძირითადად ძარცვასა და ქურდობაში არიან შემჩნეულნი. განსაკუთრებით აქტიურად კი საფრანგეთში, საბერძნეშთი, გერმანიაში იტალიასა და ესპანეთში მოქმედებენ.  ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველო კვლავ რჩება სატრანზიტო ქვეყნად, საიდანაც ევროკავშირის ქვეყნებში  ნარკოტიკული საშუალებები ხვდება.   

დოკუმენტში ასევე საუბარია იმ რეფორმებზე, რომლებსაც ქვეყანა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციისთვის ახორციელებს. ევროკომისიის განცხადებით, ქვეყნის ძალისხმევა ამ მიმართულებით უნდა გაიზარდოს.

“ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა რეგულარულად ახლდება. 2017-2020 წლის ეროვნული სტრატეგია ორგანიზებულ დანაშულთან ბრძოლაში და 2017-18 წლების სამოქმედო გეგმა ფოკუსირებულია შემდეგ სფეროებზე: ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები (ე.წ. კანონიერი ქურდები), ნარკოტიკული საშუალებები, კიბერდანაშაული, მოდერნიზებული საპოლიციო მოქმედებები და საერთაშორისო თანამშრომლობა” – ვკითხულობთ ანგარიშში.

ანგარიშში ყურადღებაა გამახვილებული სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებაზე, რომელიც ქართულმა მხარემ ევროპოლთან 2017 წლის აპრილში გააფორმა.  ევროკომისიის ანგარიშში ნათქვამია, რომ მთლიანობაში საქართველო ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მთავარი მოთხოვნების შესრულებას განაგრძობს. მუშაობა კი შემდეგი მიმართულებებით უნდა გაძლიერდეს:

[checklist]

  • კამპანიების გაგრძელება უვიზოდ მგზავრობის წესების შესახებ, მიგრაციის ანალიტიკური და რისკების ანალიზის სისტემების დასრულება და ძალიასხმევის გაძლიერება მიგრაციის  გამომწვევი ძირითადი მიზეზების გადასაჭრელად.
  • ევროპოლთან გაფორმებული თანამშრომლობის შეთანხმების ამოქმედების პრიორიტეტად ქცევა და ევროკავშირის სამართლებრივი თანამშრომლობის სააგენტოსთან შეანხმების მიღწევა.
  • ანალიზზე დაფუძნებული პოლიციის რეფორმის დასრულება და დანაშაულის  ანალიზის ერთიანი სისტემის შექმნის პრიორიტეტად ქცევა.
  • ტრანსსასაზღვრო სამართლებრივი ღონისძიებებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის გაგრძელება და მეტად გაძლიერება.
  • ძალისხმევის გაძლიერება ფულის გათეთრების წინააღმდეგ კანონის აღსრულების მიმართულებით, ასევე, დანაშაულებრივი აქტივების მიგნების, დაყაჩაღებისა და კონფისკაციის მიმართულებით, მათ შორის, საზღვრებს მიღმაც. “აქტივების აღდგენის აპარატის” ეროვნული წარმომადგენლის შერჩევა. კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანა ევროკავშირის “ფულის გათეთრების წინააღმდეგ” მეოთხე დირექტივასთან.
  • ანტიდისკრიმნაციულ კანონში ცვლილებების  დამტკიცება, რათა მისი განხორციელება გახდეს უფრო ეფექტური.

[/checklist]

ევროკომისიის ანგარიში შეაფასა საქართვლეოში ევროკავშირის ელჩმა. როგორც იანოშ ჰერმანი ამბობს, საქართველომ შეასრულა ევროკავშირის მიერ წაყენებული მოთხოვნები:

ეს მნიშვნელოვანი პროგრესია, თუმცა მის შესანარჩუნებლად აუცილებელია, რომ რეფორმები გაგრძელდეს და განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს ისეთ სფეროებს, როგორიც არის ორგანიზებული დანაშაულების აღმოფხვრა.  პირადად ჩემი შეფასებით, უმრავლესობა რეკომენდაციებისა, როგორც თქვენ ხედავთ, სწორედ ამ მიმართულებით, ორგანიზებული დანაშაულისა თუ “ფულის გათეთრების” მიმართ არის გაკეთებული. ჩვენ ვხედავთ ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობას. ამჟამად საქართველოს აქვს ამის მცდელობები, თუმცა პრობლემა იგივე რჩება “ – იანუშ ჰერმანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი