ახალი ამბებიეკონომიკა

ეროვნული ბანკი კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს

20 დეკემბერი, 2017 • 5769
ეროვნული ბანკი კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს

ეროვნული ბანკი კრიპტოვალუტასთან  დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს და მათ მოუწოდებს, ვირტუალური ვალუტების გამოყენებისას  სიფრთხილე გამოიჩინონ. სებ-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ვირტუალური ვალუტა საქართველოში არ წარმოადგენს გადახდის კანონიერ საშუალებას და ის არ რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. შესაბამისად, კრიპტოვალუტა არ რეგულირდება ეროვნული ბანკის მიერ. ბანკი მოსახლეობას ურჩევს, კრიპტოვალუტის გამოყენების შემთხვევაში შემდეგი გარემოებები მიიღოს მხედველობაში:

  • დღეს არსებულ ვირტუალურ ვალუტებს ახასიათებს ფასების დიდი მერყეობა, რაზეც დიდი ალბათობით, გავლენას სპეკულაციური მოლოდინები ახდენს. ამდენად, ვირტუალური ვალუტების ფასების არასტაბილურობის გამო მათი მომხმარებლები პოტენციური ფინანსური ზარალის წინაშე შეიძლება დადგნენ.
  • ვირტუალური ვალუტების შემთხვევაში არ არსებობს ცენტრალური ორგანო, რის გამოც მომხმარებელთა პრობლემების/დავების გადაჭრის პროცესი მნიშვნელოვნად იქნება გართულებული.
  • ვირტუალური ვალუტებით ვაჭრობის მნიშვნელოვანი ნაწილი გაცვლითი პლატფორმების და ციფრული საფულეების საშუალებით ხდება, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაშია შექმნილი და მათი სამართლებრივი სტატუსი რიგ შემთხვევებში გაურკვეველია. აქედან გამომდინარე, მომხმარებლები, რომლებიც ასეთ პლატფორმებს იყენებენ სხვადასხვა ოპერაციების შესასრულებლად, შესაძლოა აღმოჩნდნენ როგორც სამართლებრივი, ასევე ფინანსური რისკების წინაშე. ამასთანავე, ასეთი პლატფორმები კიბერშეტევის პოტენციური სამიზნეა.
  • ვირტუალური ვალუტის ანონიმურობა/ფსევდოანონიმურობა მიმზიდველს ხდის მას არაკანონიერი საქმიანობისთვის, მათ შორის ფულის გათეთრებისთვის.

ბრიტანული გამოცემა Guardian წერს, რომ კრიპტოვალუტა ფინანსური კრიზის შემდეგ გამოჩნდა. ვირტუალური ვალუტა ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს, ბანკებისა და სხვა გადახდის ტრადიციული მეთოდების გვერდის ავლით, განახორციელონ გადახდები, მიიღონ მომსახურება, შეიძინონ პროდუქტი და ა.შ. კრიპტოვლუტის გამომუშავება ხდება კომპიუტერების მეშვეობით, რომლებიც რთულ მათემატიკურ პრობლემებს ხსნიან. Guardian-ის სტატიაში ცენტრალური ბანკირები კრიპტოვალუტის არასტაბილურობის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებენ. ანალიტიკოსები ვირტუალური ვალუტის არასტაბილურობის მთავარ არგუმენტად ბაზარზე მისი ღირებულების ხშირ ცვლილებას ასახელებენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ფუნქციონირებს კომპანია “ბითფური”, რომელმაც ათეულობით მილიონი დოლარის დაფინანსება მიიღო ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით შექმნილი საქართველოს თანაინვესტირების ფონდიდან და რომელიც აწარმოებს კრიპტოვალუტის ერთერთ სახეობას – ბიტკოინს.

ვრცლად ამ კომპანიაზე წაიკითხეთ ნეტგაზეთის მასალები:

საქართველოში დაბალ ფასად წარმოებული მომგებიანი ბიტკოინი

საქართველო – საგადასახადო სამოთხე “ბიტფურისთვის”

მასალების გადაბეჭდვის წესი