ქუმსიშვილი: საქართველო აღმოსავლეთ ევროპას ცხოვრების დონით 2025-2027 წელს გაუტოლდება

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა და ვიცეპრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ 7%-იანი ეკონომიკური ზრდა თუ იქნება, საქართველო 2025-2027 წელს გაუთანაბრდება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ცხოვრების დონეს.

ამ საკითხზე მინისტრმა მას შემდეგ ისაუბრა, რაც “ევროპული საქართველოს” წევრმა, აკაკი ბობოხიძემ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დაუსვა კითხვა, მთლიანი შიდა პროდუქტი დოლართან მიმართებაში თუ იზრდებოდა.

“ერთ სულზე 2011 წელს იყო 3 231 დოლარი, 2012 წელს იყო 3 523, 2013 წელს იყო 3 600, 2014 წელს იყო 3 676, 2015 წელს- 3 767, 2016 წელს- 3 853, 2017 წელს  ჩვენ რეგიონში ლიდერები გავხდით ამ მიმართულებითაც და 4 057 დოლარზე გავედით. თუ ავიღებთ მსყიდველუნარიანობის პარიტეტით, იქაც ასევე ნახავთ ტრენდს, რომელი ტრენდიც ჩვენ გაგვაჩნია ერთ სულ მოსახლეზე ზრდასთან დაკავშირებით.

აქ იყო დასმული კითხვა, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს როდის შეიძლება რომ გავუტოლდეთ მათი ცხოვრების დონით დღევანდელი ჩვენი ცხოვრების დონეო. თუ ჩავთვლით, რომ ის ცხოვრების დონე, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში დღეს აქვთ და საშუალოდ თუ ჩვენ გვექნება 7%-იანი ზრდა, 2025-2027 წელში,”- განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი