ახალი ამბები

როგორი იქნება საქართველოს გადაწყვეტილება იერუსალიმზე – ჯანელიძის პასუხი

20 დეკემბერი, 2017 • 1947
როგორი იქნება საქართველოს გადაწყვეტილება იერუსალიმზე – ჯანელიძის პასუხი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძეს “ნეტგაზეთმა” შეკითხვა დაუსვა, თუ როგორი იქნება საქართველოს პოზიცია იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების საკითხზე, ვინაიდან აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებაა, რომ მომავალში თანამშრომლობის კუთხით გაითვალისწინებს იმ გარემოებას, თუ რა პოზიცია დაიჭირა ამა თუ იმ ქვეყანამ იერუსალიმის საკითხზე გაეროში, სადაც კენჭისყრა ხუთშაბათს უნდა გაიმართოს.

“საინტერესოა, როგორი იქნება საქართველოს პოზიცია და ტრამპის რომელ სიაში მოხვდება ის?” – ჩვენს კითხვაზე მიხეილ ჯანელიძემ უპასუხა:

“საქართველოს პოზიცია იქნა გაცხადებული საჯაროდ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში”.

ეს განცხადება საგარეო უწყებამ 7 დეკემბერს გამოაქვეყნა და მასში ვკითხულობთ:

“ჩვენ ყურადღებით გავეცანით საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას იერუსალიმის თაობაზე, ასევე ინფორმაციას, რომ ამჟამად მიმდინარეობს აღნიშნული საკითხის ფართო საერთაშორისო განხილვა, მათ შორის გაეროშიც.

საქართველო მხარს უჭერს საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას, რათა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოგვარება მოხდეს მშვიდობიანად, დიალოგით მიღწეული შეთანხმების საფუძველზე.

ამის გათვალისწინებით, ჩვენ ვაკვირდებით მოვლენების შემდგომ განვითარებას და გავაგრძელებთ კონსულტაციებს”.

ამ განცხადებაში არაფერია ნათქვამი, თუ კონკრეტულად რა პოზიცია ექნება საქართველოს, გაიზიარებს აშშ-ის გადაწყვეტილებას თუ არა.

აშშ გაეროს წევრი იმ ქვეყნების შესახებ ინფორმაციას ჩაინიშნავს, რომლებიც ხუთშაბათის სხდომაზე, კენჭს უყრიან იურუსალიმის საკითხს. კერძოდ, საუბარია, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებაზე, იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიაროს და თელავივიდან იქ გადაიტანოს აშშ-ის საელჩო. ხუთშაბათს გაერო ამის საწინააღმდეგო რეზოლუციის მიღებას აპირებს, თუმცა ორშაბათს აშშ-მა ამ საკითხზე უკვე გამოიყენა ვეტოს უფლება.

მასალების გადაბეჭდვის წესი