ახალი ამბები

ჯანელიძე: ევროსაბჭოში რუსეთის საკითხზე ჩვენი ელჩი იმოქმედებს ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე

20 დეკემბერი, 2017 • 1579
ჯანელიძე: ევროსაბჭოში რუსეთის საკითხზე ჩვენი ელჩი იმოქმედებს ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე

საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჯანილიძემ გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, გიორგი კანდელაკმა ჯანელიძეს ჰკითხა, თუ რა დირექტივა აქვს მიღებული საქართველოს ელჩს ევროსაბჭოში რუსეთის საკითხზე. საქმე ის არის, რომ რუსეთს აღნიშნულ ორგანიზაციაში ხმის უფლება შეჩერებული აქვს, მათ შორის, საქართველოში განხორციელებული საოკუპაციო ქმედებების გამო. კანდელაკის თქმით, მას აქვს ინფორმაცია, რომ ევროსაბჭოში ახლა მიმდინარეობს განხილვები, რომ აღუდგეს რუსეთს ხმის უფლება, ამ საკითხზე კი საქართველოს ელჩს თავისი პოზიციები არ დაუფიქსირებია, რამაც, კანდელაკის თქმით, საქართველოს პარტნიორი ქვეყნების გაოცება გამოიწვია. დეპუტატმა ჰკითხა მინისტრობის კანდიდატს, თუ რა დავალება აქვს ხელისუფლებისგან ელჩს ამ საკითხთან დაკავშირებით.

“ინსტრუქცია არის ის, რომ მან იმოქმედოს ორგანიზაციის პრინციპებიდაც და ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული, ჩვენ გვყავს ძალიან წარმატებული ახალი ელჩი ევროპის საბჭოში და მისი მეშვეობით ძლიან მჭიდრო თანაშრომლობა მიმდინარეობს ევროსაბჭოსთან, ვემზადებით 2019 წელს თავმჯდომარეობისთვის”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

საქართველოს პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატის, მიხეილ ჯანელიძის პროგრამულ პრიორიტეტებს მოუსმინეს, რის შემდეგაც დეპუტატებსა და კანდიდატს შორის კითხვა-პასუხი გაიმართა.

დღეს პარლამენტში საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის საკომიტეტო განხილვები დაიწყო. ხოლო ახალ მთავრობას პარლამენტმა ნდობა ხვალ, 21 დეკემბერს უნდა გამოუცხადოს.

მიხეილ ჯანელიძე დისპორისა და კავკასიის საკითხთა, ევროპასთან ინტეგრაციის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე წარდგა მოხსენებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი