ახალი ამბები

ჯანელიძე: ჩვენი მიზანია საელჩოების შენობები შევიძინოთ ჩვენთვის პრიორიტეტულ დედაქალაქებში

20 დეკემბერი, 2017 • 1214
ჯანელიძე: ჩვენი მიზანია საელჩოების შენობები შევიძინოთ ჩვენთვის პრიორიტეტულ დედაქალაქებში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჯანელიძემ დამოუკიდებელი დეპუტატის, სალომე ზურაბიშვილის მიერ დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა, რომ ხელისუფლებას უკვე იდენტიფიცირებული აქვს ის ქვეყნები, სადაც შეიძენს შენობებს საელჩოებისთვის.

“ჩვენი მიზანია, საელჩოების შეძენა მოხდეს იმ დედაქალაქებში, სადაც პრიორიტეტია ჩვენთვის, მაგრამ ეს გადაწყვეტილება კომერციულ გადაწყვეტილებას უნდა დაეფუძნოს – რომელი მეტად სარგებლიანია – ქირით დატოვება თუ შესყიდვა? ჩვენ ჩართული გვყავს უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანიები, ვცდილობთ აღმოვაჩინოთ ისეთი უძრავი ქონება, რომელიც კომერციულად მისაღები იქნება. ეს პრიორიტეტი არსებობს”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მისივე თქმით, საგარეო უწყება ფინანსთა სამინისტროსთან აგრძელებს მუშაობას საელჩოების შენობების საკითხზე:

“ჩვენ იდენტიფიცირებული გვაქვს ის დედაქალაქები, სადაც შეძენა არის პრიორიტეტული და ვმუშაობთ კონკრეტულ წინადადებებზე. ჩვენ ვფიქრობთ არა მხოლოდ საელჩოს შენობაზე, არამედ ისეთ ქონებაზე, რომელიც იქნება პრეზენტაციული, იქნება სივრცე, სადაც ყველა დაინტერესებული პირი მიიღებს ინფორმაციას ქვეყნის შესახებ. მომავალი წლიდან ვგეგმავთ გაკეთდეს სპეციალური კუთხე, სადაც მოეწყობა დიასპორისთვის საინფორმაციო კუთხე,” – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

საქართველოს პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატის, მიხეილ ჯანელიძის პროგრამულ პრიორიტეტებს მოუსმინეს, რის შემდეგაც დეპუტატებსა და კანდიდატს შორის კითხვა-პასუხი გაიმართა.

დღეს პარლამენტში საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის საკომიტეტო განხილვები დაიწყო. ხოლო ახალ მთავრობას პარლამენტმა ნდობა ხვალ, 21 დეკემბერს უნდა გამოუცხადოს.

მიხეილ ჯანელიძე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა, ევროპასთან ინტეგრაციის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე წარდგა მოხსენებით.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი