ახალი ამბები

სააპელაციომ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში მსჯავრდებული ყოფილი პოლიციელი გაამართლა

20 დეკემბერი, 2017 • 1164
სააპელაციომ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში მსჯავრდებული ყოფილი პოლიციელი გაამართლა

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, უწყების სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შუამდგომლობით, 2017 წლის 19 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ მამუკა ქარდავას მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.

მამუკა ქარდავას, რომელიც შსს-ის დაბა ჯვარის პოლიციის ქვეგანყოფილების ინსფექტორად მუშაობდა, ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების გასაღება ედებოდა. მას 2005 წლის 27 ივლისს 4 წელი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა და გათავისუფლდა პოლიციის რიგებიდან.

 “გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას საფუძვლად დაედო ერთადერთი მტკიცებულება – თავად მამუკა ქარდავას აღიარებითი ჩვენება, რომელიც მან ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად მისცა, რა დროსაც მას იძულებით დააწერინეს, თითქოს მის ნათესავს, დაბა ჯვარიდან საქართველოს არაკონტროლირებად ტერიტორიამდე გადააყვანინა დანაშაულებრივი გზით დაუფლებული ავტომანქანა, მაშინ, როდესაც მსჯავრდებულმა არაფერი იცოდა ავტომანქანის დანაშაულებრივად დაუფლების თაობაზე და მისი ქმედება არ შეიცავდა რაიმე სახის დანაშაულის ნიშნებს.

ამრიგად, როგორც ახალი გამოძიების პროცესში, ასევე ხელახალი სასამართლო განხილვისას მოპოვებული ახალი მტკიცებულებებით  დადასტურდა, რომ მამუკა ქარდავას მიმართ ბრალად შერაცხულ დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც თბილისის სააპელაციო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი ახლად გამოვლენილი გარემოებების საფუძველზე მსჯავრდებული სრულად გაამართლა” – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი