ახალი ამბები

წიაღისეულის მოპოვების გაზრდა და ეკონომიკის სეტორის სხვა რეფორმები

20 დეკემბერი, 2017 • 1385
წიაღისეულის მოპოვების გაზრდა და ეკონომიკის სეტორის სხვა რეფორმები

საქართველოს ვიცეპრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დღეს, 20 დეკემბერს დარგობრივ კომიტეტებში მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების ეკონომიკური ნაწილი წარადგინა.

მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების გეგმის თანახმად, ეკონომიკის სამინისტროს უერთდება ეკონომიკის სამინისტრო და გარემოს დაცვის სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი.

“აღნიშნული გაერთიანება არ განხორციელებულა მექანიკურად, მას უძღოდა მსჯელობა და ანალიზი, როგორ გაგვეხადა უფრო მოქნილი და ეფექტიანი ამ უწყებებში შემავალი დარგების მენეჯმენტი, კერძო სექტორისთვის კიდევ უფრო გაგვეიოლებინა კომუნიკაცია საჯარო სექტორთან, მაქსიმალურად შეგვემცირებინა ბიუროკრატიული ბარიერები ისე, რომ ყველას, ბიზნესსა და საზოგადოებას მაქსიმალურად ჰქონოდა განვითარების შესაძლებლობა,”- განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

გარემოს დაცვის სამინისტროს ნაწილის შერწყმაზე დიმიტრი ქუმსიშვილს კომიტეტის ტრიბუნასთან სიტყვით გამოსვლისას სხვა განცხადებები არ გაუკეთებია. ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტის ეკონომიკის სამინისტროსთვის გადაცემას ეწინააღმდეგებიან როგორც გარემოსდამცველები, ასევე გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეც.

ქუმსიშვილმა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა წიაღის სექტორის რეფორმაზე. მისი განცხადებით, ამ სექტორს ექსპორტში 35%-იანი წილი აქვს და გაზრდის პოტენციალი არსებობს.

“ამოცანა, ერთი მხრივ, არის მდგრადი გამოყენება ამ წიაღისეული რესურსის, რომელიც ქვეყანაში გაგვაჩნია და, მეორე მხრივ, ინდუსტრიალუზაციის პოლიტიკის ნაწილი – რაც შეიძლება მეტი დამატებითი ღირებულება შეიქმნას იმ წიაღისეულზე, რომელიც ამ ქვეყანაში სწორად უნდა იქნას მიპოვებული იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში, ქვეყანაში მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას და მეტი დამატებითი ღირებულება შეიქმნას. 25 ათასზე მეტი ადამიანია დღეს აქ დასაქმებული და პოტენციალი გვაქვს, რომ პრაქტიკულად გავაორმაგოთ ეს მიმართულება. დღეს შესწავლის მიზნით ლიცენზირებულია ტერიტორიის 3.8% და გამომდინარე ჩვენი ტერიტორიის რელიეფიდან, ვფიქრობთ, რომ სადღაც 10%-მდე შესაძლებელია აღნიშნული ტერიტორია გაიზარდოს,”- განაცხადა მან.

მისივე თქმით, EBRD-თან ერთად შემუშავდება პოლიტიკის დოკუმენტი და სტრატეგია, თუ როგორ უნდა განვითარდეს ეს დარგი.

თუმცა, ქუმსიშვილის განცხადებით, მანამდე სახელმწიფოს შეუძლია გარკვეული გადაწყვეტილებები სწრაფად მიიღოს, მაგალითად, შეამციროს გადასახადი. მისივე თქმით, ამ დრომდე მეწარმე ერთი ჰექტარი ფართობის შესასწავლად 500 ლარს იხდიდა, რაც კომპანიისთვის იყო ბარიერი, რომ შესულიყო და კონკრეტული უბანი შეესწავლა. ქუმსიშვილის თქმით, ეს საფასური კომპანიების სტიმულირების მიზნით მნიშვნელოვნად შემცირდება. მან ასევე განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია,  შესწავლა სწორი მეთოდოლოგიით მოხდეს, რათა სახელმწიფომაც და კერძო სექტორმაც იცოდეს, რა მარაგები გააჩნია სახელმწიფოს.

მან ასვე ვრცლად ისაუბრა 2017 წელს ტურიზმის სტატიტიკაზე. კერძოდ, მის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის თანახმად, 11 თვეში 2.564 მილიარდი დოლარი მიიღო საქართველომ ტურიზმიდან. მისივე თქმით, ელოდებიან, რომ წლის ბოლოს ეს ციფრი 2.7 მილიარდ დოლარზე მეტად გაიზრდება. მისივე თქმით, 11 თვეში საქართველომ 6. 994 მილიონი საერთაშორისისო ვიზიტორი მიიღო, წლის ბოლომდე ამ ციფრის 7.250 მილიონამდე მატებას ელოდებიან.

“683 ჟურნალისტი და 99 პრესტური მოეწყო საქართველოში და ეს ხდება იმისათვის, რომ შემდეგში ამ ჟურბალისტებმა პოზიტიურად წერონ საქართელოზე და პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვან გამოცემაში საქართელოზე მოხდა მნიშვნელოვანი პუბლიკაციების გამოქვეყნება. მოხდა როგორც სატელევიზოო გადაცემების გაკეთება, ასევე ონლაინ კამპანიების წარმოება. 239 უცხოელი ტურ-ოპერატორი და 14 ინფო-ტური გატარდა,”- განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მინისტრთა კაბინეტის ეკონომიკური გუნდი პარლამენტის დარგობრივ კომიტეტებში. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 20.12.2017

სხვა საკითხებს შორის, რომლებზეც ქუმსიშვილმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა, არის ლარიზაციის რეფორმა. იგი აცხადებს, რომ ეს რეფორმა წარმატებული იყო.

“მათ შორის, დღეს უკვე გატარებული საკანონმდებლო ინიციატივით მოვახერხეთ ის, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში პრაქტიკულად 70% ლარში არის გადასული და ძალიან მალე, თითქმის მთელი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების დაკრედიტება იქნება ლარში გადასული. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველაზე მოწყვლად ფენას არ ექნება შესაბამისი რისკის ფაქტორი საგარეო ფაქტორებიდან გამომდინარე. ზოგადად, ლარიზაციის ან ეროვნულ ვალუტაზე ეკონომიკის გადაყვანის პროცესი ქვეყნებში გრძელდება 5-7 წელი. გვაქვს მაგალითებიც, როდესაც 10 წელიც გაგრძელდა. თუმცა ჩვენ მოკლე პერიოდში საკმაოდ საგრძნობი შედეგები მივიღეთ. ჩვენ მხოლოდ ფიზიკური პირების სესხების ლარიზაციის მიმართულებით მთლიანი პორტფელი 54,6 %-მდე გავზარდეთ,” – განაცხადა ქუმსიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი