ახალი ამბები

საგზაო რუკა – ახალი მიმართულება ევროინტეგრაციისთვის და საგარეო უწყების პრიორიტეტები

20 დეკემბერი, 2017 • 1994
საგზაო რუკა – ახალი მიმართულება ევროინტეგრაციისთვის და საგარეო უწყების პრიორიტეტები

საქართველოს პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატის, მიხეილ ჯანელიძის პროგრამულ პრიორიტეტებს უსმენენ და განიხილავენ.

დღეს პარლამენტში საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის საკომიტეტო განხილვები დაიწყო. ხოლო ახალ მთავრობას პარლამენტმა ნდობა ხვალ, 21 დეკემბერს უნდა გამოუცხადოს.

მიხეილ ჯანელიძე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა, ევროპასთან ინტეგრაციის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე წარდგა მოხსენებით.

ჯანელიძემ ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს და პრიორიტეტულად გამოაცხადა ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი. ამ მხრივ გამოყო ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით გადადგმული პოზიტიური ნაბიჯები, ასევე, აშშ-თან მჭიდრო თანამშრომლობა.

“ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი – ჩვენი საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია,” – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. ამ მხრივ მინისტრმა პრიორიტეტულად დაასახელა სამი მიმართულებით მუშაობა: 1. საერთაშორისო თანამეგობრობის მონაწილეობა (კერძოდ, ჟენევის მოლაპარაკებები, გაეროს უშიშროების საბჭოს ფარგლებში განხილვები, გაეროს რეზოლუციები, აშშ-ის საკანონმდებლო აქტი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ და ა.შ.) საქართველოში კონფლიქტების დარეგულირების პროცესი; 2. რუსეთთან რაციონალური პოლიტიკის წარმართვა და 3. მშვიდობის პოლიტიკის წარმართვა და დიალოგი სოხუმთან და ცხინვალთან.

“ევროპული ინტეგრაცია ჩვენი მეორე პრიორიტეტული მიმართულებაა”, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა. მიხეილ ჯანელიძის თქმით, ამ მიმართულებით ახალი ინიციატივა საგზაო რუკის შემუშავებას უკავშირდება, რომელსაც დეტალურად პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ისაუბრებს. თუმცა მინისტრმა ზოგადი პრინციპები აღწერა, თუ რას გულისხმობს საგზაო რუკა. კერძოდ, საუბარი ეხება ევროკავშირის სტრუქტურებთან მაქსიმალურ დაახლოებას და ევროკავშირის პროგრამებში მაქსიმალურად ჩართვას, ევროკავშირთან დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავებას, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობას, ევროკავშირთან ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ვაჭრობის საკითხებში თანამშრომლობას.

ევროატლანტიკური ინტეგრაცია, საქართველოს ნატოში გაწევრიანება – ეს არის კიდევ ერთი პრიორიტეტული საკითხი საქართველოს მთავრობისთვის – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე. მინისტრმა ამ მიმართულებით გადადგმულ პოზიტიურ ნაბიჯებზე ისაუბრა, როგორიცაა ნატოს მაღალჩინოსნების ვიზიტი საქართველოში, ნატო-საქართველოს კომისიის ინტენსიური შეხვედრები, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის საჯარო განცხადებები საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერის კუთხით.

აშშ-თან თანამშრომლობის გაღრმავება – ეს არის კიდევ ერთი საკითხი, რომელიც მინისტრმა პრიორიტეტულ მიმართულებად გამოყო და ამ მხრივ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა.

“ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებას ევროპულ ქვეყნებთან,” – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. მინისტრის თქმით, უმაღლესი და მაღალი დონის 100-მდე ვიზიტი განხორციელდა საქართველოში, რაც მნიშვნელოვანია.

მინისტრმა ასევე ისაუბრა ურთიერთობის გაუმჯობესების აუცილებლობაზე მეზობელ და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან. ამ კუთხით რამდენიმე პოზიტიური ნაბიჯის შესახებ ისაუბრა. მაგალითად, ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის დაწყების შესახებ კონკრეტული მოლაპარაკებები, იაპონიასთან თანამშრომლობის გაძლიერება და ა.შ.

მასალების გადაბეჭდვის წესი