ახალი ამბები

ჩხენკელი: 2018 წლიდან მასწავლებლების ნაწილს სახელფასო დანამატები გაეზრდება

20 დეკემბერი, 2017 • 5943
ჩხენკელი: 2018 წლიდან მასწავლებლების ნაწილს სახელფასო დანამატები გაეზრდება

განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის კანდიდატის, მიხეილ ჩხენკელის თქმით, უწყების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლება იქნება. ჩხენკელმა განათლებისა და მეცნიერების, სპორტისა და ჯანდაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საკუთარ ხედვებზე საუბრისას აღნიშნა, რომ პროფესიული განვითარების კუთხით სამინისტროს მხრიდან გადადგმული ნაბიჯებიდან ერთ-ერთი იქნება მასწავლებლებისთვის სახელფასო დანამატების გაზრდა.

“განათლების პროცესში უმთავრეს როლს პედაგოგი ასრულებს. მასწავლებლის კვალიფიკაციის ასამაღლებლად ყველა პირობას შევქმნით, რომელიც ორიენტირებული იქნება არა მხოლოდ თეორიაზე, არამედ პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებაზე. პროფესიული განვითარების წახალისების მიზნით, 2018 წლიდან მნიშვნელოვნად გაიზრდება წამყვანი და მენტორი მასწავლებლების დანამატები. ამასთან, მინიმუმამდე დავიყვანთ ბიუროკრატიულ პროცედურებს, რათა მასწავლებლებმა დრო მთლიანად პროფესიულ განვითარებას დაუთმონ”.

ჩხენკელის განცხადებით, სამინისტრო პედაგოგთა კვალიფიკაციის მონიტორინგზეც იმუშავებს.

“დაიხვეწება გარე და შიდა მექნიზმები, რომელთა მიზანია საუკეთესოთა გამოვლენა და მათი დაფასება”, – აღნიშნა ჩხენკელმა.

განათლებისა და მეცნიერების, სპორტისა და ჯანდაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. შესაბამისი უწყებების მინისტრობის კანდიდატები კომიტეტების წევრებს პრეზენტაციებს წარუდგენენ. ისინი მათ მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშსა და სამომავლო ხედვებზე საუბრობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი