ახალი ამბები

რას ითვალისწინებს კანონპროექტი სოციალური მუშაობის შესახებ

20 დეკემბერი, 2017 • 2259
რას ითვალისწინებს კანონპროექტი სოციალური მუშაობის შესახებ

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა ფრიდრიხ ებერტის ფონდთან თანამშრომლობით, სოციალური მუშაობის შესახებ კანონპროექტი მოამზადა. როგორც პროექტის ავტორები აცხადებენ, ჯერჯერობით მხოლოდ ცვლილებების სამუშაო ვერსიაა შემუშავებული, თუმცა პროფესიული თემის მხრიდან კრიტიკა კანონპროექტმა უკვე გამოიწვია.

სოციალური მუშაკებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ძირითადი პრეტენზია შეეხებოდა პარლამენტში, კომიტეტთან გამართულ პირველ შეხვედრაზე, კანონპროექტის ჩარჩოს პროფესული თემის ჩართულობის გარეშე შექმნას.

“ეს კანონპროექტი ემსახურება როგორც  ინდივიდების დაცულობას და გაძლიერებას, ასევე ემსახურება თავად სოციალური მუშაკის უფლებების დაცვას და მისი როლის გაძლიერებას, მის სოციალურ გარანტიებს. აქედან გამომდინარე, ძალიან მნისვნელოვანია, რომ ჩვენ სწორად განვახორციელოთ ეს რეფორმა.

რეფორმა იქნება დროში საკმაოდ ხანგრძლივ პერიოდზე გათვლილი, დაახლოებით 5 წელს ვვარაუდობთ,  ეტაპობრივად რომ მოხდეს გადამზადება სოციალური მუშაკების, ეტაპობრივად მოხდეს იმ მიმართულებების გაძლიერება და უფრო დახვეწა, რომელიც კანონქვემდებარე აქტების დონეზე იქნება  ჩასაშლელი სხვადასხვა სამინისტროების მიერ” – ამბობს სოფიო კილაძე.

კანონპროექტის მიხედვით, უნდა შეიქმნას სოციალურ მუშაკთა პროფესიული კავშირი, რომელიც ავტორების აზრით, გააძლიერებს სოციალური მუშაკების პროფესიას და შექმნის სოციალური მუშაკის შრომითი უსაფრთხოებისა და დაცულობის გარანტიებს. გარდა ამისა, კანონრპოექტი ადგენს სოციალური მუშაობის ძირითად პრინციპებს და ამ სფეროში დასაქმებულებისთვის დარგობრივ სპეციალიზაციას სავალდებულოს ხდის:

“კანონპროექტი ასევე ადგენს დარგობრივ სპეციალიზაციებს. ეს დარგობრივი სპეციალიზაციები ჩვენთვის გასაგებია, რომ ცოტა ადრეა, რადგან სპეციალიზაციაზე საუბარი კარგია მაშინ, როდესაც ჩვენ გვაქვს უკვე გაძლიერებული პროფესია. შესაბამისად, ეს გადატანილი არის რამდენიმე წლის შემდეგ.

მაგალითად, ეს კანონში ასახული თემის სოციალური მუშაკი, აღსრულების სოციალური მუშაკი, პენიტენციური და პრობაციის სისტემის სოციალური მუშაკი, ბავშვის სოციალური მუშაკი, დანაშაულის პრევენციის სოციალური მუშაკი და სხვა” – ამბობს ანა ფირცხალაშვილი, რომელიც კანონპროექტზე მუშაობდა.

კანონრპროექტის ავტორთა აზრით, სპეციალიზაციის მიზანია, სოციალურ მუშაკს მუშაობა გაუამრტივდეს და ბენეფიციარმაც კვალიფიციური მომსახურება მიიღოს. კანონით ასევე განსაზღვრულია სოციალური მუშაკის საქმიანობის გარკვეული დეცენტრალიზაცია. კანონპროექტით ასევე განსაზღვრულია ქეისების რაოდენობა, რომელზე მუშაობაც ერთ სოციალურ მუშაკს თვის განმავლობაში შეეძლება. სოფიო კილაძის თქმით, კანონპროექტის ავტორები ვარაუდობენ, რომ ერთ სოციალურ მუშაკზე ეს რიცხვი 50 იქნება.

ამასთანავე, იგეგმება ამ მიმართულებით ბიუჯეტის ეტაპობრივი ზრდაც, რათა პროფესიის მიმართ ინტერესი გაიზარდოს და დაიძლიოს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რაც ამ მიმართულებით დგას- ამ პროფესიით დასაქმებულთა მცირე რაოდენობა. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, დაიგეგმება სტუდენტებთან და აბიტურიენტებთან შეხვედრები, რათა ახალგაზრდების სოციალური მუშაკის პროფესიით დაინტერესება მოხდეს.

“ერთ-ერთი მთავარი ნაწილი კანონპროექტისა არის ის, რომ უნდა იყოს გარკვეული სტანდარტი დაწესებული, რომელ შემთხვევებზე მეტი არ უნდა აიღოს სოციალურმა მუშკმა თვის განმავლობაში, და სწორედ ეს იქნება  ერთ-ერთი მექანიზმი იმისა, რომ სოციალური მუშაკის რაოდენობა გაიზარდოს.

როდესაც ვსაუბრობთ 5 წელზე, ერთ-ერთ მიმართულებად ამას ვიტოვებთ სწორედ, რომ  უცებ სოციალური მუშაკების რაოდენობის გაზრდა ვერ მოხერხდება, რადგან ფიზიკურად არ არის ქვეყანაში ამდენი სოციალური მუშაკი, რომ ჩვენ იმ სტანდარტს მივაღწიოთ, რომელიც აუცილებელია. ჩვენ ვგეგმავთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად, რომ ვაწარმოოთ შესაბამისი კამპანიები, მოვიზიდოთ ადამიანები ამ პროფესიისთვის და გავზარდოთ ამის მეშვეობით სოციალური მუშაკების რაოდენობა” – ამბობს კილაძე.

კანონპროექტი პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა სოციალურ მუშაკებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნო. როგორც პროფესიული თემის წარმომადგენლები აცხადებენ, რეფორმა დროულია, თუმცა ფიქრობენ, რომ პროცესში ამ პროფესიის წარმომადგენლების ჩართვა უფრო ადრე უნდა მომხდარიყო:

რასაკვირველია, მისასალმებელია ის, რომ ამ პროფესიის ბედი საქართველოში სახელმწიფოებრივი ზრუნვის ფარგლებში ექცევა, სამართლებრივი რეგულირების ვალდებულება შემოდის, რაც პრაქტიკასაც მოაწესრიგებს. უბრალოდ, როგორც ჩანს, პარლამენტს და პროფესიულ თემს აღმოაჩნდა  სოციალური მუშაობის შესახებ კანონის შემუშვების განსხვავებული სტრატეგია. პროფესიული თემი ითხოვს და, ჩემი აზრით, სამართლიანად, რომ თუნდაც სამუშაო ვერსიის შექმნის პროცესში აქტიურად ყოფილიყვნენ ჩართული სოციალური მუშაკები, როგორც აკადემიურ სივრცეში მოღვაწე, ასევე პრაქტიკოსი სოციალური მუშაკები” – ამბობს იაგო კაჭკაჭიშვილი.

მისი თქმით, საკანონმდებლო ინიციატივის ჩონჩხი პროფესიული თემისგან დამოუკიდებლად შეიქმნა და იმედს გამოთქვამს, რომ შემდგომ ეტაპზე კანონის ძირითადი პრინციპების დახვეწა მათი მოსაზრების გათვალისწინებით მოხდება:

“ამ დროს, პროფესიული თემისაგან დამოუკიდებლად შემუშავდა თუნდაც ეს ჩონჩხი საკანონმდებლო ინიციატივის. მეორე მხრივ, არა უშვს იმ თვალსაზრისით, თუ მომავალში მოხდება კანონის ძირითადი პრინციპების დახვეწა სწორედ ამ პროფესიაში ჩართული ადამიანების მოთხოვნილებების და ღირებულებების გათვალისწინებით ეს კანონი უფრო დაიხვეწება და მართლაც მიიღებს სასურველ სახეს.

პირველ რიგში, უნდა ვთქვა, რომ ჩვენ არც გვქონდა შესაძლებლობა, სამუშო ვარიანტი გვენახა ამ კანონის. ჩვენი ბევრი თხოვნის მიუხედავად, პარლამენტიდან ეს კანონი არ გადმოგვიგზავნეს, არც ვიცით დეტალები. ახლა მხოლოდ მოვისმინეთ ის პრინციპები, რაც ამ კანონში შეიძლება ჩაიდოს. ამ პრინციპებს ნამდვილად სჭირდება რევიზია და თუ ამ რევიზიის პროცესში პროფესიული თემი იქნება აქტიურად ჩართული, ეს მხოლოდ წაადგება საქმეს” – ამბობს სოციოლოგი. 

კანონპროექტთან შენიშვნები აქვს  “საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის” თავმჯდომარესაც. როგორც ნინო შატბერაშვილი ამბობს, დოკუმენტი ბევრ ლაფსუსს შეიცავს, რომელთა თავიდან აცილება პროფესიონალების პროცესის საწყის ეტაპზე ჩართვით იქნებოდა შესაძლებელი:

“ავირიდებდით ამდენი ფუჭი დროის ხარჯვას და კანონი იქნებოდა უფრო გამართული. ასეთი კრიტიკული ასპექტები არ იქნებოდა და ნაკლებ დროს დავხარჯავდით შემდგომ პროცესში. იმის გამო, რომ დეპუტატებს არ ესმით, რა არის თანამონაწილეობითი პროცესი, პროცესი უფრო გახანგრძლივდება, ვიდრე შესაძლებელი იყო იმ შემთხვევაში, თუ პროფესიული თემი მოამზადებდა კონცეფციას” – ამბობს შატბერაშვილი.

სფეროს სპეციალისტების კრიტიკა დარგობრივი სპეციალიზაციის ნაწილმაც გამოიწვია. როგორც მათ შეხვედრაზე განაცხადეს, ქვეყანაში არსებული საგანმანათლებლო პროგრამები არ მოიცავს ამ კომპონენტს, პროფესია კი საქართველოში ზედმეტად ახალგაზრდაა საიმისოდ, რომ სპეციალისტების დარგობრივად მომზადება იყოს შესაძლებელი.

როგორც, “საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის” თავმჯდომარე ამბობს,  წარმოდგენილი კანონრპექტი რიგ შემთხვევებში ბუნდოვანია, მათ შორის მისთვის გაუგებარია სპეციალიზაციის საკითხიც:

“ბუნდოვანი ასპექტები არის უამრავი – მაგალითად, სპეციალიზაცია, რომელიც ძალიან საფრთხილო თემაა, განსაზღვრული არის უწყებების მიხედვით. ეს წარმოუდგენელია- ან სფეროების მიხედვით იყოს, ან სამიზნე ჯგუფების მიხედვით. ეს გაუგონარია, უწყებების მიხედვით გააკეთონ სპეციალიზაცია. რეგულირების პროცესი როგორც არის წარმოდგენილი, ვერ მივხვდით, რას ნიშნავს. ამგვარად რატომ არის რეგულირების პროცესი წარმოდგენილი, ვერ ვიგებთ, ვინ სერტიფიცირდება, რატომ, ვის მიერ, უწყვეტ განათლებაზე რას ვამბობთ. მოკლედ, ძალიან ბევრი ბუნდოვანი ასპექტია” – ამბობს შატბერაშვილი. 

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, დაინტერესებულ მხარეებთან შემდეგი შეხვედრა დაახლოებით ერთ თვეში დაინიშნება და კანონპროექტს უფრო დეტალურად, მუხლობრივად განიხილივან. სფეროში დასაქმებულები კი იმედს იტოვებენ, რომ კანონპროექტის ავტორები მათ შენიშნვებს დოკუმენტში ასახავენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი