ახალი ამბები

რას ჰყვებიან არასრულწლოვანი ბიჭის დაჭრის თვითმხილველები

19 დეკემბერი, 2017 • 1842
რას ჰყვებიან არასრულწლოვანი ბიჭის დაჭრის თვითმხილველები

დღეს, 19 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე არასრულწლოვანი ბიჭის დაჭრის შემსწრეები აცხადებენ, რომ იგი სავარაუდოდ სხვა მოზარდებთან ერთად იმყოფებოდა.

გარემოვაჭრეები, რომლებსაც საახალწლოდ სახელდახელო დახლები აქვთ მოწყობილი პირველი რესპუბლიკის სახელობის სკვერის წინ, დაინახეს, როგორ გამოვიდა სკვერიდან არასრულწლოვანი გოგონა და პოლიციელებს დახმარება სთხოვა. ერთ-ერთი გამოვაჭრე საუბრობს:

“პატარა გოგო, 15 წლის გამოვარდა, სთხოვა [პოლიციელებს], წამოდით ბიჭს დანა დაარტყესო. გაიქცა პატრული, მერე მანქანიდან ყველა გადმოხტა, [პოლიციის] სამი ეკიპაჟი მოვიდა, მერე იყო დარეკვა სასწრაფოში. ვინ იყო ეს გოგო, არ ვიცით. ის ბიჭი რომ გამოიყვანეს და წაიყვანეს… მერე გამოვიდნენ, რამდენიმე ბიჭი იყო, მაგისხელა ბიჭები, ორი ბიჭი ჩასვეს მანქანაში და წაიყვანეს. პოლიციელი ეჩხუბებოდა, კიდევ ენას ატლიკინებო? არც დაკავებული იყო ხელბორკილებით”, – ამბობს თვითმხილველი.

თვითმხილველის თქმით, პოლიციელებთან ერთად კიდევ 5–6 არასრულწლოვანიც გამოვიდა მას შემდეგ, რაც დაჭრილი ბიჭი წაიყვანეს სკვერიდან.

“5-6 [ბიჭი] იყო, პოლიციელებთან ერთად გამოვიდნენ. ერთი ბიჭი ტიროდა, ალბათ, ერთად იყვნენ, რადგან ტიროდა”, – განაცხადა თვითმხილველმა.

დღეს, პირველი რესპუბლიკის სახელობის სკვერში მოზარდი დაჭრეს. იგი ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს და სასიცოცხლო ფუნქციების შესანარჩუნებლად ოპერაცია გაუკეთეს. როგორც ექიმი ამბობს, მოზარდს დანით მიყენებული აქვს ოთხი ჭრილობა, მათ შორის, გულისა და წელის მიდამოში.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა სხვა დეტალების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში არ საუბრობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი