ახალი ამბები

მანანა კობახიძე: არ ვერევით ეკლესიის საქმიანობაში, როგორც – ეკლესია არ ერევა

29 ივლისი, 2013 • • 1249
მანანა კობახიძე: არ ვერევით ეკლესიის საქმიანობაში, როგორც – ეკლესია არ ერევა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მანანა კობახიძე აცხადებს, რომ მნიშვნელოვანი იქნება, თუ ეკლესია დევნილების დაბრუნებას ხელს შეუწყობს: 

 

„ზოგადად, ეკლესიას ყოველთვის ისტორიულად ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი როლი ქვეყნის პრობლემების მოგვარების საკითხში, პოლიტიკურ ჭრილში. ამ შემთხვევაში, თუ ეკლესიებს შორის ურთიერთობა ხელს შეუწყობს პრობლემის გადაჭრას და ადამიანების დაბრუნებას აფხაზეთში და დევნილების დაბრუნებას, რა თქმა აუნდა, ეს მნიშვნელოვანია, თუმცა რელიგიური ნიშნით დაყოფა მაინც საფრთხილოა, იმიტომ, რომ ყველა დევნილს, მიუხედავად თავისი რელიგიური მრწამსისა, უფლება აქვს დაბრუნდეს თავის საცხოვრებელ ადგილზე და ეს პროცესები, ადრე თუ გვიან, უნდა დაიწყოს და ეს არის ჩვენი ამოცანა. თუ ეკლესია შეასრულებს დადებით როლს ამ ურთიერთობაში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. მე ხაზს ვუსვამ ორივე ქვეყნის ეკლესიებს.”

 

მისივე თქმით, ეკლესიებს შორის ურთიერთობაში სახელმწიფო არ ჩაერევა:

 

“ეს არის ძალიან ფაქიზი თემა და ალბათ აქ ძალიან ფაქიზად უნდა მიუდგეს პოლიტიკური სპექტრი ამ ყველაფერს, იმიტომ, რომ ეს არის რელიგიური საკითხები, ეკლესიებს შორის ურთიერთობა არის მათი ავტონომიური საკითხი. სახელმწიფო და ეკლესია არის ცალ-ცალკე სუბიექტები. ჩვენ არ ვერევით ეკლესიის საქმიანობაში, როგორც ეკლესია არ ერევა, ამიტომ ამ შემთხვევაში ძალიან ფაქიზი უნდა ვიყოთ ჩვენ და ფრთხილი უნდა ვიყოთ, უფრო სწორად, ამ შეფასებებში. ზოგადად, ის, რომ ამ თემებზე საუბარი შედგა, ძალიან მნიშვნელოვანია.”

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პატრიარქის რუსეთში ვიზიტი 22 ივლისს დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ის შეხვდა რუსეთის პატრიარქს, რუსეთის პრეზიდენტს, ასევე, არაოფიციალური შეხვედრა გამართა აჭარის მთავრობის ყოფილ მეთაურ ასლან აბაშიძესთან და მის ოჯახთან. ილია მეორე ვიზიტს 30 ივლისს დაასრულებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი