ახალი ამბები

ბოკერიას თქმით, კანონპროექტით საზოგადოებრივი მაუწყებლობის პრინციპი ირღვევა

19 დეკემბერი, 2017 • 1280
ბოკერიას თქმით, კანონპროექტით საზოგადოებრივი მაუწყებლობის პრინციპი ირღვევა

პარლამენტარი გიგა ბოკერია, “ევროპული საქართველოს” წევრი, ამბობს, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონის ცვლილებით საზოგადოებრივი მაუწყებლობის პრინციპი ირღვევა.

“უფრო სწორი იქნება სახელი “სახელმწიფო ტელევიზია”. თუ ხართ მომხრე, უფრო გულწრფელი, უფრო პირდაპირი პოზიცია ექნება. ვიცი, რომ კომიტეტს უარყოფითი პოზიცია ჰქონდა წინაზე. იმედი მაქვს, რომ იგივე პოზიცია შენარჩუნებული იქნება. იმედი მაქვს, რომ კომიტეტის ხელმძღვანელობაც და კომიტეტის წევრებიც უმრავლესობასთან ერთად უფრო აქტიურად დააყენებენ ამ საკითხს, რომ ეს კანონპროექტი არ იქნას მიღებული. მას აქვს წინააღმდეგობა უმრავლესობის შიგნით, აქვს წინააღმდეგობა სამოქალაქო საზოგადოების, ყველა მაუწყებლის. ყველა ხვდება მარტივ საკითხს, საზოგადოებრივი მაუწყებლის მოდელი გულისხმობს იმას, რომ ჩვენი გადასახადებიდან ვუხდით ფულს, ოღონდ ისინი ამ ფულით კონკურენციაში არ შედიან სხვა კერძო მაუწყებლებთან. ეს პრინციპი ირღვევა, ამიტომ სახელი გადავუკეთოთ, თუ შეიძლება”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დღეს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა მესამე მოსმენითაც ჩააგდო მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები, თუმცა ეს კანონპროექტი ორი მოსმენით უკვე მიღებული აქვს პარლამენტს და სავარაუდოდ მესამე მოსმენითაც დაამტკიცებს. არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები პრეზიდენტისგან მოითხოვენ, ამ შემთხვევაში კანონს დაადოს ვეტო.

მასალების გადაბეჭდვის წესი