ახალი ამბები

მოზარდს გულ-მკერდისა და წელის არეში დანით 4 ჭრილობა აქვს მიყენებული – ექიმი

19 დეკემბერი, 2017 • 2181
მოზარდს გულ-მკერდისა და წელის არეში დანით 4 ჭრილობა აქვს მიყენებული – ექიმი

ინგოროყვას კლინიკის ექიმის, კონსტანტინე მუმლაძის განცხადებით, თბილისში, პირველი რესპუბლიკის სახელობის ბაღის ტერიტორიაზე ცივი იარაღით დაჭრილ მოზარდს ამ დრომდე უკეთდება ოპერაცია და მიმდინარეობს მისი სასიცოცხლო ფუნქციების ხელოვნურად ჩანაცვლება. როგორც ექიმი ამბობს, მოზარდს დანით მიყენებული აქვს ოთხი ჭრილობა, მათ შორის, გულისა და წელის მიდამოში.

შემთხვევის ადგილიდან მოზარდი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ინგოროყვას კლინიკაში მიიყვანა. როგორც ექიმი ამბობს, პაციენტი, დაახლოებით 15-16 წლისაა. კონსტანტინე მუმლაძის თქმით, კლინიკაში მიყვანისას გამოხატული იყო ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობა გულ-მკერდის არეში და წელის მიდამოში.

“აღენიშნება ტრავმული ჰემოპლემო თერაპიული – პლევრის და პერიკარდის დაზიანება. პაციენტი ამჟამად იმყოფება საოპერაციო ბლოკში და მიმდინარეობს ოპერაცია. მიღებული აქვს 4 ჭრილობა. ჰემორაგიული შოკი აქვს და მიმდინარეობს სასიცოცხლო ფუნქციების ხელოვნური ჩანაცვლება. წინასწარ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ვერ გეტყვით. ის სასწრაფომ მოიყვანა ქუჩიდან და სხვა არავინ მინახავს ჯერჯერობით,” – განუცხადა ჟურნალისტებს კონსტანტინე მუმლაძემ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა სხვა დეტალების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში არ საუბრობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი