ახალი ამბები

ბრალდებულ აიუფ ბორჩაშვილის ახლობლები მის გათავისუფლებას ითხოვენ

19 დეკემბერი, 2017 • 1566
ბრალდებულ აიუფ ბორჩაშვილის ახლობლები მის გათავისუფლებას ითხოვენ

პანკისის სოფელ ჯოყოლოში აიუფ ბორჩაშვილის ნათესავებმა და ახლობლებმა აქცია გამართეს და მისი გათავისუფლება ითხოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია იმედი ავრცელებს.

ბორჩაშვილის ახლობლები დარწმუნებული არიან ამ უკანასკნელის უდანაშაულობაში და სასამართლოს გადაწყვეტილების გადახედვას ითხოვენ. მათი თქმით, ისინი, ვინც საქართველოდან სირიაში ადამიანების გაგზავნას უწყობდა ხელს, დღემდე გარეთ არიან, ხოლო ბორჩაშვილის დაპატიმრების მიზეზი მისი თარხან ბათირაშვილთან მეგობრობის ფაქტი გახდა.

აქცია ჯოყოლოში © იმედი

“მე მგონი, ბორჩაშვილის ბრალი არ არის, თუ ჩვენს ხელისუფლებას აეროპორტში გაეპარა არასრუწლოვანი, რომელსაც არც პასპორტი ჰქონდა და არც მშობლების თანხმობა”, – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

7 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა ტერორისტული დანაშაულის ჩადენისათვის ბრალდებულების: აიუფ ბორჩაშვილის, გიორგი ხუტუნიშვილის, დავით ფირისებიას და გიორგი კუპრავას მიმართ.

აიუფ ბორჩაშვილს 14 წლით, გიორგი ხუტუნიშვილს 11 წლით, ხოლო დავით ფირისებიას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ხოლო გიორგი კუპრავას, რადგან მან აღიარა ბრალი, საპროცესო შეთანხმების საფუძელზე სასჯელის სახედ და ზომად 6 წელი განესაზღვრა, საიდანაც 1 წელს სასჯელაღსრულების დეპარტამენტში მოიხდის, ხოლო 5 წელი ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით.

საქმის არსებითი განხილვა დაიწყო 2015 წლის 10 ნოემბერს და მოცემულ საქმეზე დაიკითხა 37 მოწმე და თავად ბრალდებულები.

საქმის არსებითი განხილვა ღია სასამართლო სხდომებზე მიმდინარეობდა,  გარდა საქმის იმ ნაწილისა, სადაც დაიკითხნენ კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლები. პანკისის ხეობაში საზოგადოებრივი წესრიგის უსაფრთხოებისა და მოწმედ დასაკითხ პირთა და მათი ოჯახის წევრთა უსაფრთხოების მიზნით რამდენიმე სხდომა ნაწილობრივ დაიხურა.

აიუფ ბორჩაშვილი, გიორგი ხუტუნიშვილი და დავით ფირისებია თავს დამნაშავედ არ ცნობდნენ წარდგენულ ბრალდებაში. სასამართლომ მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ მტკიცებულებათა საფუძველზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო მათ მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენაში, ხოლო დავით ფირისებიასა და გიორგი ხუტუნიშვილის მიმართ წარდგენილი ბრალი ტერორისტულ საქმიანობაში მათი დახმარების ნაწილში არ დადასტურდა, აცხადებს სასამართლო.

აიუფ ბორჩაშვილი და სამი პიროვნება 2015 წლის 15 ივნისს დააკავეს. შსს-ს ცნობით, ისინი “ისლამური სახელმწიფოს” სასარგებლოდ მოქმედებდნენ. გამოძიება მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე პრიმა და 328-ე მუხლების მიხედვით დაიწყო.

სასამართლოს განმარტებით, მათ ბრალად ედებოდათ უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარება, ხოლო აიუფ ბორჩაშვილს, აგრეთვე, ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანებისათვის პირების გადაბირება.

“საქმის მასალების თანახმად, აიუფ ბორჩაშვილი გაერთიანდა ორგანიზაციაში ,,ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო”, რომელიც გაეროს 1999 წლის 15 ოქტომბრის რეზოლუციით, აღიარებულია ტერორისტულ ორგანიზაციად. ბორჩაშვილმა განიზრახა, ადამიანური რესურსებით დახმარებოდა ორგანიზაციას და სხვადასხვა საშუალების გამოყენებით გადაიბირა მასთან ერთად ბრალდებული პირები ისლამური სახელმწიფოს ერთგულების ფიცის, ე.წ ბაიათის მიღების გზით და გააერთიანა ამავე ორგანიზაციაში. მანვე ტერორისტულ საქმიანობაში მონაწილეობის მიზნით სირიაში გაგზავნა არასრულწლოვანი მუსლიმ კ. და რამზან ბ”, – აცხადებს სასამართლო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი