ახალი ამბები

კაკულია: მაუწყებლობის კანონში ცვლილებები ეწინააღმდეგება კონკურენციის პირობებს

19 დეკემბერი, 2017 • 2121
კაკულია: მაუწყებლობის კანონში ცვლილებები ეწინააღმდეგება კონკურენციის პირობებს

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია აცხადებს, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები ეწინააღმდეგება სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს.

“ჩემი მიზანია, რომ ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილება იყოს სრულ შესაბამისობაში იმ ძირითად პრინციპებთან, რასაც ეფუძნება ჩვენი გუნდის ხედვა და მისი სტრატეგია. მინდა წარმატებები ვუსურვო საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომ მისი განვითარების გზა იყოს სამართლიანობაზე, იმ ეკონომიკის განვითარების პრინციპებზე დაფუძნებული, რაც არის გაცხადებული ჩვენი გუნდის მიერ. ჯანსაღი კონკურენცია არის ის მთავარი ფუნდამენტი, რაზეც ჩვენი ეკონომიკის მთავარი პრინციპები ეფუძნება. ტელევიზიას, რომელსაც ამხელა უპირატესობა აქვს იმ თანხებით, რომელსაც იღებს [ამას მინდა ხაზი გავუსვა იმიტომ, რომ ხშირად არის ხოლმე საერთაშორისო პრაქტიკაზე აპელირება, სადაც სხვა მოცემულობაა], სხვა პირობებში არიან კერძო ტელევიზიები, დღევანდელ მოცემულობაში ეს არ არის სამართლიანი გადაწყვეტილება, განსაკუთრებით სხვა ტელევიზიების მიმართ. ეს იყო ერთერთი მთავარი პრინციპი. ასევე სტარტაპების თემა. არასოდეს ეჭვი არ შემიტანია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი რა საჭიროებასაც ხედავს ბიზნესის ამ სფეროში, არსებობს, მაგრამ ყველა ამ ტიპის ბიზნესების მიმართ მთავრობას უნდა ჰქონდეს ერთგვაროვანი მიდგომა, რათა ორმაგი სტანდარტების წინაშე არ მოგვიწიოს დადგომა სხვა ანალოგიური საკითხების შემთხვევაში. იყო საკითხები შესყიდვებთან დაკავშირებით, იქ მეტ-ნაკლებად მივაღწიეთ კონსენსუსს, მაგრამ ეს ორი საკითხი დარჩა საკითხად, რომლის საფუძველზეც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ”, – განაცხადა რომან კაკულიამ.

ეს განცხადება რომან კაკულიამ კომიტეტის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, სადაც მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტს მესამე მოსმენით განიხილავენ. კომიტეტმა მეორე მოსმენაზე უკვე ჩააგდო კანონპროექტი.

რაც შეეხება პარლამენტს, მან ორი მოსმენით დაუჭირა მხარი კანონპროექტს. კითხვაზე, ხომ არ აპირებს კომიტეტი, რომ მიმართოს პარლამენტს და მეორე მოსმენაზე დააბრუნოს კანონპროექტი ცვლილებების შესატანად, კაკულია პასუხობს, რომ ამის აზრს ვერ ხედავს.

“[კანონპროექტის სამუშაო ჯგუფის] ყველა წევრი თუ ერთობლივად გადაწყვეტს ამას, იდეაში ეს შესაძლებლობა არსებობს. [კომიტეტის სხდომაზე] არ დადგება ეს იმიტომ, რომ წევრებს შორის პოზიციები გარკვეულია და ამას აზრი აქვს იმ შემთხვევაში, როდესაც უნდა ელოდე პოზიციების ცვლილებას ამ პირებს შორის. თუ იგივე შედეგი უნდა დადგეს შემდეგი განხილვისას, რა აზრი აქვს ამას?!” – ამბობს კაკულია.

კანონპროექტის მიხედვით, საზოგადოებრივ მაუწყებელს შესაძლებლობა მიეცემა, შინაარსთან დაკავშირებული შესყიდვები ტენდერების გარეშე განახორციელოს, ეზრდება კომერციული რეკლამისთვის განკუთვნილი დრო, იზრდება დირექტორის უფლებამოსილებები.
კანონპროექტი უარყოფითად შეაფასეს არასამთავრობოებმა და მედიის წარმომადგენლებმა. ისინი მიიჩნევენ, რომ დამოუკიდებელ ტელევიზიებს შემოსავალი შეუმცირდება, მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილებები შემცირდება, გაიზრდება კორუფციული გარიგებების რისკი.

მასალების გადაბეჭდვის წესი