ადამიანის უფლებათა ცენტრი ეკა ნაქევხრიშვილის საქმის დროულ გამოძიებას მოითხოვს

ადამიანის უფლებათა ცენტრი ყვარელში, სოფელ შილდაში 24 წლის ეკა ნაქევხრიშვილის გარდაცვალების დროულად გამოძიებას ითხოვს.

უკვე ორი თვე გავიდა, რაც 18 ოქტომბერს საცხოვრებელ სახლში იპოვეს ახალგაზრდა ქალის ნახევრად შიშველი ცხედარი, რომელიც ყელზე გამობმული თოკით ჩამოკიდებული იყო სახურავის კოჭზე, ხოლო სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა. ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებით, მრავლობითი დაზიანებები აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ეკა ნაქევხრიშვილზე იძალადეს.

ორგანიზაციის ცნობით, დღემდე გამოძიება სსკ-ს 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მათვე ინფრმაციით, დანაშაულს წინ უსწრებდა ოჯახში ძალადობის ფაქტები”

“2017 წლის 18 ოქტომბრამდე ოჯახში არსებული კონფლიქტებისა და ძალადობრივი გარემოს შესახებ არაერთხელ იყო ინფორმირებული ყვარლის შინაგან საქმეთა სამმართველო. ოჯახში ხშირი იყო პოლიციის გამოძახება. უფრო მეტიც, 2017 წლის 12 ოქტომბერს, შსს ყვარლის რაიონულ სამმართველოში ე.ნ-ს შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის  საქმეზე, სოფელ შილდაში განხორციელებული ოჯახში ძალადობის ფაქტზე, სსკ–ის 126 1 მუხლის პირველი ნაწილის ნიშნებით. მოპოვებული ინფორმაციით, კონფლიქტი მოხდა ე.ნ-სა და მის დედამთილს შორის. ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას. მოცემულ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება და შემაჯამებელი გადაწყვეტილება დღემდე არ არის მიღებული,”- აცხადებს ორგანიზაცია.

ადამიანის უფლებათა ცენტრი იურიდიულ დახმარებას გარდაცვლილი ქალის დედას უწევს. იგი ადვოკატის თანდასწრებით უკვე დაიკითხა მოწმის სახით. ორგანიზაცია აცხადებს, რომ დღემდე ჭიანურდება გარდაცვლილის დედისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება, უზრუნველყოფილი არ არის გამოძიების პროცესში გარდაცვლილის ოჯახის ჩართულობა, გარდაცვლილის დედას და მის ადვოკატს არა აქვთ ინფორმაცია გამოძიების მსვლელობაზე და გატარებულ ღონისძიებებზე.

“მიუხედავად იმისა, რომ უკვე ორი თვეა მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, დღეის მდგომარეობით რაიმე კონკრეტული დანაშაულის ნიშნები ამ ეტაპზე გამოკვეთილი არ არის,”- აცხადებს ორგანიზაცია.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს მთავარ პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს, გამოძიება წარიმართოს დროულად და ეფექტიანად; დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი მიენიჭოს გარდაცვლილის დედას და მიეწოდოს მას ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი