ახალი ამბები

აშშ-ის უსაფრთოების ახალი სტრატეგია და საქართველო

19 დეკემბერი, 2017 • 1537
აშშ-ის უსაფრთოების ახალი სტრატეგია და საქართველო

თეთრმა სახლმა ამერიკის უსაფრთხოების ახალი სტრატეგია გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოცაა ნახსენები რუსეთის კონტექსტში. სტრატეგიის ერთ-ერთი უმთავრესი თემა გეოპოლიტიკაა.

თეთრი სახლი აცხადებს, რომ მსოფლიოში დიდ ძალაუფლებებს შორის გეოპოლიტიკური კონკურენცია დაბრუნდა. დოკუმენტის მიხედვით რუსეთმა და ჩინეთმა საკუთარი გავლენის განმტკიცება დაიწყეს, როგორც რეგიონული, ასევე გლობალური თვალსაზრისით. თეთრი სახლის განცხადებით, ჩინეთი და რუსეთი ცდილობენ საერთაშორისო წესრიგის მათ სასარგებლოდ შეცვლას.

“უკრაინასა და საქართველოში განხორციელებული თავდასხმით რუსეთმა სახელმწიფოების სუვერენიტეტის დარღვევის მზადყოფნის დემონსტრირება მოახდინა. რუსეთი აგრძელებს მეზობლების დაშინებას მისი საფრთხის შემცველი საქციელით”, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

ევრაზიანეტის ავტორი ჯოშუა კუცერა იმ განსხვავებაზე წერს, რომელიც ტრამპისა და ობამას სტრატეგიებს შორის არსებობს. კუცერას თქმით, რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ ობამას სტრატეგიაშიც იყო განხილული, თუმცა, არა გლობალურ შკალაზე. კუცერას აზრით, გეოპოლიტიკურ კონკურენციაზე, რაზეც ტრამპის ადმინისტრაცია ღიად საუბრობს 18 დეკემბერს გამოქვეყნებულ დოკუმენტში, ობამას 2015 წლის სტრატეგიაში უფრო ნაკლები აქცენტი იყო გაკეთებული.

“2017 წლის დოკუმენტი გამოქვეყნდა იმ გაურკვევლეობის ფონზე, რომელიც ტრამპის პირობებში აშშ-ის  საგარეო პოლიტიკის რეალურ ბუნებას ახასიათებს. მართალია, ამ სტრატეგიას ტრამპი აწერს ხელს და წინამორბედებისაგან განსხავვებით, პირადად წარუდგინა საზოგადოებას, მაგრამ მისი საჯარო რემარკები ამ დოკუმენტისაგან განსხვავებულ ტონს შეიცავს. მაგალითად, ის საუბრობს ვლადიმირ პუტინთან დიდ თანამშრომლობაზე”, – წერს კუცერა.

დოკუმენტში საუბარია ნატოს საკითხებზეც და თეთრი სახლის ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ ადასტურებას თავის ერთგულებას მე-5 მუხლის მიმართ, რომლის მიხედვითაც, ნატოს რომელიმე წევრ ქვეყანაზე თავდასხმა მთელ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსზე შეტევას ნიშნავს. სტრატეგიაში ასევე ხაზგასმულია, რომ თავდაცვაზე ნატოს ყველა წევრმა ქვეყანამ აღებული ვალდებულების შესაბამისი რესურსები უნდა დახარჯოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი