მეფე, ქეთათოს საჩივრები და ქართული ალტერნატიული მუსიკის იუთუბარხების წაშლის საფრთხე

ვიდეოპორტალ YouTube-ზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქართული ალტერნატიული და ელექტრონული მუსიკის არხი, რომელიც წლების წინ ჯაბა შავიშვილმა გააკეთა შესაძლოა მალე წაიშალოს.

საქმე ის არის, რომ ძალიან ბევრ კომპოზიციას შორის იყო ირაკლი ჩარკვიანის რამდენიმე სიმღერაც, რომელიც მისმა ცოლმა და ასევე მუსიკოსმა ქეთათო პოპიაშვილმა დაარეპორტა. გარდა იმისა, რომ საჩივრის შემდეგ იუთუბმა ჩარკვიანის შესახებ მასალები წაუშალა ჯაბას, თუ ქეთათო ხუთშაბათამდე იუთუბს არ მიმართავს თავიდან, ეს არხი მთლიანად გაუქმდება.

ირაკლი ჩარკვიანის შემოქმედებაზე საავტორო უფლებებს ქეთათო ფლობს. შესაბამისად, იურიდიულად, ქეთათოს სრული უფლება ჰქონდა მოეთხოვა ირაკლი ჩარკვიანის ამა თუ იმ კომპოზიციის იუთუბიდან აღება. მოსწონს თუ არა ინტერნეტმომხმარებელს ეს, მოქმედი კანონმდებლობა ქეთათო პოპიაშვილის მხარესაა, თუმცა ჯაბა შავიშვილი ამბობს, რომ მიმართვის შემთხვევაში (დარეპორტების გარეშე), თავადვე აიღებდნენ/გადასცემდნენ ირაკლი ჩარკვიანის ცოლს ამ მასალებს.

სოციალურ ქსელში ქეთათო პოპიაშვილს არაერთი მელომანი სთხოვს, რომ უკან გაიხმოს ხუთშაბათამდე საჩივარი, რაც ერთადერთი გზაა ჯაბა შავიშვილის არხის გადასარჩენად, თუმცა ირაკლი ჩარკვიანის ცოლს ეს ჯერ არ გაუკეთებია.

ჯაბა შავიშვილის განცხადებით, გასულ კვირას იუთუბიდან მიუვიდა წერილი, რომელიც იუწყებოდა, რომ მის მიერ ატვირთული ვიდეო წაიშალა ქეთათო პოპიაშვილის მოთხოვნით. მისი თქმით, მსგავსი წერილი ორი დღის განმავლობაში იუთუბიდან ზედიზედ 3-ჯერ მიიღო და სიტუაციაში გარკვევაც კი ვერ მოასწრო წესიერად. მსგავსი 3 საჩივარის მიღების შემთხვევაში იუთუბი 7 დღის ვადაში მთლიან შლის არხს. ამ სიტუაციიდან თავის დაღწევის ერთადერთი საშუალება ქეთათოს მიერ საჩივრების უკან გამოხმობაა, რის შემდეგაც, მელომანები მზად არიან, მუსიკოსის მოთხოვნის შესაბამისად,  ირაკლი ჩარკვიანის ჩანაწერები აიღონ მათი არხებიდან.

“რამდენიმე დღის განმავლობაში უშედეგოდ მასთან დაკავშირების მცდელობების შემდეგ, შუამავლობით დავუკავშირდი მისსავე ადვოკატს და ავუხსენი სიტუაცია და მისი კრიტიკულობა (ვინაიდან მალევე უქმდებოდა არხი და მოქმედებაც მალევე უნდა მომხდარიყო). 2 დღის განმავლობაში მისგანაც უშედეგოდ ვეცადე მიმეღო რაიმე შემხვედრი პასუხი. მხოლოდ ამის შემდეგ გადავწყვიტე ამ საკითხის გასაჯაროება, ვინაიდან ამ არხს ჰყავს თავისი ლოიალური მსმენელი და აუდიტორია და ჩემს გარდა მისი მდგომარეობა ბევრს აწუხებს. როგორც აღვნიშნე, არხის გადარჩენა შესაძლებელია ქ-ნი ქეთევანის მიერ მისივე საჩივრის უკან გამოხმობით, რომელზეც როგორც ბოლო კომუნიკაციიდან ჩანს, უარზეა – მისი აზრით 1000-ზე მეტი ვიდეოს თავიდან ატვირთვა და მათი ანოტაცია უფრო ადვილი და სწორი საქმეა, ვიდრე მისი მხრიდან უბრალო საჩივრის უკან გამოხმობა, რომელსაც 15 წუთი სჭირდება,” – ამბობს ჯაბა შავიშვილი.

ჯაბა შავიშვილის არხზე შემონახულია საქართველოს დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ ჩაწერილი საკმაოდ უნიკალური ჩანაწერები, რომელთა ცალ-ცალკე შეგროვებასაც, როგორც თავად ამბობს, მთელი მისი თინეიჯერობის პერიოდი შეალია. მელომანის თქმით, ამ არხზე არსებობს ისეთი ჩანაწერებიც, რომლებიც შეიძლება მხოლოდ მის პერსონალურ კომპიუტერში მოიძებნებოდეს, ვინაიდან თავის დროზე თავად ავტორებმაც კი დაკარგეს ეს მონაცემები:

“შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ ეს ბაზა შეიცავდა ძირითადად ქართულ ალტერნატიულ და ელექტრონულ მუსიკას – რაც თავის მხრივ არ არის პოპკულტურის ნაწილი და 6 წლის განმავლობაში ჩემივე ხელით მიწევდა ზოგი მუსიკოსისთვის არარსებული ბიოგრაფიის შედგენა და თარგმნა ინგლისურ ენაზე (რომ უცხოურ აუდიტორიასაც ჰქონოდა ინფორმაცია), საბოლოო ჯამში, 20 000 000 ნახვას მიაღწია, რაც ვფიქრობ, სწორედ მათი ინტერესიცაა, რომ უფრო ფართო საზოგადოებამ გაიცნოს.

პირველ რიგში, სწორედ მსმენელი დარჩება წაგებული, ვინაიდან ჩემი მხრიდან იგივე მასალები PC-ში მოიძებნება, რასაც ვერ ვიტყვი სხვებზე. ვერავის ვხედავ “მოგებულს” ამ არხის წაშლის შემდეგ. ჩემი 6-წლიანი შრომა წყალში იყრება, მსმენელი ვერ უსმენს საყვარელ მუსიკას – ქალბატონი ქეთევანიც ვერანაირ სარგებელს ვერ ნახავს – ვერც რეპუტაციულს და ვერც ფინანსურს.”

როგორც ჯაბა შავიშვილი აცხადებს, ეს მასალები მის კომპიუტერში ინახება და აუცილებლად ეცდება, რომ კვლავ საჯარო გახადოს ყველაფერი, თუნდაც სხვა გზებით და არა იუთუბზე.

“ხელოვნება ჩემთვის თავისუფლებასთან ასოცირდება, პირველ რიგში, და ვერანაირ გზას ვერ ვხედავ, რომ რომელიმე კონკრეტულმა პიროვნებამ ეს თავისუფლება (მათ შორის ინფორმაციული) შეზღუდოს. პატივს ვცემ საკუთრების უფლებას და ამ შემთხვევაში ირაკლის მუსიკაზე არ ვაკეთებ აქცენტს. სხვა უამრავი მასალაა (კიდევ ბევრია დარჩენილი), რომელმაც დღის შუქი და მსმენელი უნდა იპოვოს. თუ ინფორმაციული ალტერნატივა არ იარსებებს, ახალი თაობაც განწირული იქნება უხარისხო კონტენტისთვის, რისგანაც თავის დაღწევას ყველანი ერთად უნდა ვცდილობდეთ და არა პირიქით – ვუშლიდეთ ხელს,” – ამბობს ჯაბა შავიშვილი.

ჯაბა შავიშვილი ფიქრობს, რომ თავიდანვე არსებობდა მარტივი გამოსავალი: “მას შემდეგ, რაც პოსტი გამოვაქვეყნე, 20 წუთში მისი კომენტარიც გაჩნდა. თავიდანვე შეეძლო ქალბატონ ქეთევანს, რომ ჩემს კორექტულ თხოვნაზე ეპასუხა და დროებით უკან წაეღო საჩივრები, რათა არ წაშლილიყო მთლიანი არხი – პოზიტიურად მიდგომოდა და გაეკეთებინა. ამის შემდეგ, ვფიქრობ, მის მიმართ ბევრად პოზიტიურად განეწყობოდა საზოგადოება, თუმცა მან სხვა არჩია, სამწუხაროდ.”

ჯაბა შავიშვილის გარდა, ქეთათო პოპიაშვილმა დაარეპორტა კიდევ ერთი მელომანის, ლექსო მაჭავარიანის მიერ ატვირთული მასალებიც, თუმცა მის არხს გაუქმების საფრთხე არ ემუქრება, რადგან იუთუბიდან მხოლოდ ორი საჩივარი მიუვიდა საავტორო უფლებების დარღვევისთვის.

ლექსო მაჭავარიანის თქმით, გასაგებია, რომ საავტორო უფლებების მფლობელის სურვილის შემთხვევაში, ერთ მშვენიერ დღეს, ფართო მსმენელისთვის შეიძლება უბრალოდ მიუწვდომელი აღმოჩნდეს ირაკლის შემოქმედება, მაგრამ ვერაფერს ვიზამთ – კანონი კანონია.

“სხვა საკითხია ის, თუ რა ხერხით მოხდა უფლებების აღსრულება. მაშინ, როდესაც ყველა შესაძლებლობა არსებობდა იმისთვის, რომ ეს მომხდარიყო მშვიდობიანი გზით და არავინ დაზარალებულიყო, სამწუხაროდ, ქეთათომ აირჩია რადიკალური გზა, რაც საფრთხეს უქმნის იმ უნიკალურ მუსიკალურ არქივს, რომელზეც არანაირი უფლებები მას არ გააჩნია და რომლის დაკარგვაც უამრავ ადამიანს ხარისხიანი ქართული მუსიკის მოსმენის საშუალებას მოუსპობს,” – აცხადებს ლექსო მაჭავარიანი.

ქეთათო ჯაბა შავიშვილის მიერ ფეისბუკში გამოქვეყნებული საჯარო წერილის ქვეშ აღნიშნავს, რომ იუთუბზე მონეტიზაციით ბევრმა იხეირა და აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ შესაძლოა ირაკლი ჩარკვიანის მასალებით მან ფინანსური სარგებელი ნახოს. ლექსო მაჭავარიანის თქმით, ეს მოტივი და არგუმენტი ვერანაირ კრიტიკას უძლებს.

რაც შეეხება ლექსო მაჭავარიანის მიერ ატვირთულ ირაკლი ჩარკვიანის მასალებს, რომლებიც ქეთათომ დაარეპორტა, მელომანი აცხადებს, რომ მიმართვის შემთხვევაში, ულაპარაკოდ მიაწოდებდა მის ხელთ არსებულ ირაკლის მთელ არქივს.

“სიმართლე რომ გითხრათ, ჩემთვის სულერთია, სად განთავსდება ესა თუ ის ვიდეო. მთავარია, ხელმისაწვდომი იყოს და ბევრ ადამიანს შეეძლოს უპრობლემოდ ნახვა. დარეპორტების შედეგად მოხდა ის, რომ 1993 წელს კიოლნში, “Svan Songs”-ის ჩაწერისას გადაღებული უნიკალური კადრები იუთუბიდან წაიშალა და რომ არა იუთუბის ერთ-ერთი იუზერი, რომელსაც ეს ვიდეო ასევე ჰქონდა ატვირთული საკუთარ არხზე, ამ მასალას უბრალოდ დავკარგავდით.

ის, თუ რამდენად ვრცელდება ქეთათოს ხელთ არსებული საავტორო უფლებები ამ ტიპის ვიდეომასალაზე, ცალკე თემაა. ამ ლოგიკით, ჩემთან ოფისში გაკრული ირაკლის პოსტერიც ქეთათოს საკუთრებაა. ჩამოვხსნა უნდა, ნეტა?” – ამბობს ლექსო მაჭავარიანი.

ირაკლი ჩარკვიანის პოსტერი ლექსო მაჭავარიანის ოფისში

ქეთათო პოპიაშვილმა ამ საკითხთან დაკავშირებით ფეისბუკში გამოაქვეყნა განცხადება. როგორც მუსიკოსი განმარტავს, კეთდება ირაკლის და მისი ოფიციალური არხი იუთუბზე, MepeKetato Official, სადაც აიტვირთება ყველა მასალა, რაც გამოსცეს ირაკლის სიცოცხლეში და მისი გარდაცვალების შემდგომ, ხოლო იუთუბის ყველა სხვა არხზე მასალა განთავსდება მხოლოდ მისი თანხმობით, ვინაიდან ის არის საავტორო უფლების მფლობელი.

“ასეთია წესი მთელ მსოფლიოში და ყველას შეუძლია გაეცნოს იუთუბის ინსტრუქციას ვიდეომასალის ატვირთვის წინ, ასევე, საქართველოს კანონს საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ, ბერნის კონვენციას, საავტორო უფლებების შესახებ ისმოს ხელშეკრულებას და სხვა სამართლებრივ დოკუმენტებს საავტორო უფლებების დაცვის შესახებ.

ნებისმიერ საავტორო უფლებების მატარებელ ვიდეოზე, რომელსაც ტვირთავთ იუთუბზე, იღებთ პასუხისმგებლობას, რომ ფლობთ საავტორო უფლებას და საჩივრის შემთხვევაში მზად ხართ დაიცვათ თქვენი უფლებები; საპირისპიროს აღმოჩენის შემთხვევაში, იუთუბი უფლებამოსილია და ვალდებულია, საავტორო უფლებების კანონმდებლობის შესაბამისად მოახდინოს რეაგირება, რაც შეიძლება გამოიხატოს კონკრეტული ვიდეოს, ან მთლიანად არხის დაბლოკვაში. ამას ყველა კეთილსინდისიერი არხის მფლობელი აცნობიერებს,” – აცხადებს ქეთათო.

მუსიკოსის განცხადებით, როდესაც დაიწყო ირაკლი ჩარკვიანისა და მისი ნამუშევრების ატვირთვა, რამდენიმე კომპოზიციაზე მასაც მიუვიდა საჩივარი, რომ თითქოსდა ამის გაკეთების უფლება არ ჰქონდა: “რადგან სხვის მიერ იყო ატვირთული და მითვისებული საავტორო უფლება, რის სანაცვლოდაც სხვადასხვა არხები იღებდნენ და ჯერ კიდევ იღებენ სარეკლამო შემოსავალს იუთუბისგან. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, იუთუბისთვის მომიწია მტკიცებულებების წარდგენა, რომ ამ სიმღერებზე საავტორო უფლებები მე მეკუთვნის. ყველას შევახსენებ, რომ არტისტის გარდაცვალების შემდეგ 70 წლის განმავლობაში საავტორო უფლება ეკუთვნის მის ოჯახს; მხოლოდ ამ დროის გასვლის შემდგომ ხდება ის საყოველთაო.”

ქეთათო მიუთითებს იმაზე, თუ როგორი რეაგირების პროცედურაა იუთუბზე საავტორო უფლებების თაობაზე საჩივრის მიღებაზე, რითაც ჯაბა შავიშვილს, ლექსო მაჭავარიანსა და სხვა არხების მფლობელებს უნდა ეხელმძღვანელათ, ვისაც ირაკლი ჩარკვიანის მასალები აქვთ ატვირთული:

“როდესაც იუთუბზე შექმნილ რომელიმე არხის მფლობელს მისდის საჩივარი საავტორო უფლებების დარღვევის თაობაზე, მას ეძლევა 7-დღიანი გონივრული ვადა იმისთვის, რომ ან დაამტკიცოს საკუთარი საავტორო უფლება ამა თუ იმ კომპოზიციაზე, ან აიღოს არალიცენზირებული პროდუქცია იუთუბიდან, ან მიმართოს იუთუბზე მითითებული მეილის საშუალებით საავტორო უფლებების მფლობელს და სთხოვოს უნებართვოდ განთავსებული ვიდეოს აღების სანაცვლოდ საჩივრის გამოთხოვა.

ეს პროცედურა არ გულისხმობს საავტორო უფლებების მფლობელთან პირად შეხვედრას, ან ნაცნობ-მეგობრულად მასთან პირად კონტაქტზე გასვლას. პროცედურის დაცვით, მართებულად და კეთილსინდისიერად მოიქცა რამდენიმე არხის მფლობელი, რომლებმაც მეილის საშუალებით მთხოვეს ვიდეოს აღების სანაცვლოდ საჩივრის გამოთხოვა, რაც გავაკეთე არაერთი არხის შემთხვევაში.”

ქეთათო ამბობს, რომ ჯაბა შავიშვილმა ამ პროცედურებით არ იხელმძღვანელა და იუთუბისგან მიცემულ ვადაში პირველ 2 საჩივარზე რეაგირება არ მოახდინა, ხოლო მესამე საჩივარზე უკვე იუთუბმა ავტომატურად მისი არხი დაბლოკა. მუსიკოსი მიიჩნევს, რომ ამის გამო მისი დადანაშაულება უადგილოა.

“არხის დაბლოკვის მიუხედავად, მას კიდევ ჰქონდა საშუალება, რომ მოეწერა ამ საკითხთან დაკავშირებით, რაც მან, სამწუხაროდ, არ გააკეთა. ამ კონკრეტული არხის მფლობელმა რატომღაც გადაწყვიტა გაესაჯაროებინა ეს საკითხი სოციალურ ქსელში და ექცია ისტერიული შეურაცხყოფის თემად. უკაცრავად, რომ ვფლობ და ვიცავ საავტორო უფლებას ირაკლი ჩარკვიანის შემოქმედებაზე და როდესაც ოფიციალური არხის გახსნა გადავწყვიტე იუთუბზე, ყველასგან სათითაოდ არ ავიღე ნებართვა,” – აცხადებს ქეთათო.

ჯაბა შავიშვილი და ლექსო მაჭავარიანიც აღიარებენ, რომ კანონი ქეთათოს მხარესაა და ამ მხრივ საერთოდ არ ედავებიან მას. ჯაბა შავიშვილის თქმით, მეტიც – ქეთათოს საერთოდ არაფერზე ედავება. მელომანს მხოლოდ ის სურს, რომ საკუთარი არხი გადაარჩინოს იუთუბზე, ხოლო ქეთათო პოპიაშვილთან არაფერი აქვს სადავო – “ამას იმიტომ ვამბობ, რომ მინიშნებები იყო ქეთათოს მხრიდან, თითქოს სპეციალურად ავტეხე ამხელა ამბავი.”

Update: ნეტგაზეთი ქეთათო პოპიაშვილს ესაუბრა. კითხვაზე, აპირებს თუ არა საჩივრის გამოხმობას ხუთშაბათამდე, მუსიკოსი გვპასუხობს: “არაფერს არ ვაპირებ.”

“სხვა მასალა, რაც აქვს ამ ადამიანს [ჯაბა შავიშვილს] ატვირთული, ყველაფერი არალიცენზირებულია. თვითონვე თავის კომენტარებში გუშინვე დაწერა. წინა არხი წაეშალა იმიტომ, რომ უცხოურ მასალას იყენებდა არალიცენზირებულად და მონეტიზაცია ჰქონდა ჩართული. ეტყობა, მერე გადაწყვიტა, რომ აქ სიბნელეა და ქართველი მუსიკოსები რეაგირებას არ მოახდენდნენ,” – ამბობს ქეთათო პოპიაშვილი.

მისი თქმით, დაახლოებით ერთი კვირაა ვიდეო პორტალზე საჩივრების წერა დაიწყო – მას შემდეგ, რაც მის მიერ ახლად შექმნილ ოფიციალურ არხზე დაიწყო მასალების განთავსება, ხოლო მანამდე იუთუბთან არანაირი შეხება ჰქონია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.