ახალი ამბები

“მძევლების” მთავარი როლის შემსრულებელი ევროპაში “10 ყველაზე იმედისმომცემ მსახიობს” შორის მოხვდა

19 დეკემბერი, 2017 • 5364
“მძევლების” მთავარი როლის შემსრულებელი ევროპაში “10 ყველაზე იმედისმომცემ მსახიობს” შორის მოხვდა

ფილმის “მძევლები” მთავარი როლის შემსრულებელი ირაკლი კვირიკაძე ევროპის მასშტაბით ერთ-ერთ “იმედისმომცემ” მსახიობად დაასახელეს. მას სხვა 10 მსახიობთან ერთად ბერლინის კინოფესტივალის ფარგლებში ჯილდოს გადასცემენ.

ირაკლი კვირიკაძე “EUROPEAN SHOOTING STARS 2018″–ის მონაწილეა. კვირიკაძე სპეციალურად შექმნილმა ჟიურიმ დაასახელა. როგორც პროგრამის პრესრელიზში ვკითხულობთ, ჟიურიმ ამოარჩია “10 ყველაზე ნიჭიერი, იმედის მომცემი მსახიობი ევროპის მასშტაბით, რომლებიც მზად არიან შეაბიჯონ მსოფლიოს კინოსამყაროში.”

პროგრამის ჟიური ირაკლი კვირიკაძეს ასე ახასიათებს:

“ირაკლი არის ნიჭიერი მსახიობი, რომელმაც “მძევლებში” შთამბეჭდავად ითამაშა. “მძევლები” არის დრამა, რომელშიც ირაკლი ბრწყინავს ღრმა ემოციურობის წყალობით. ახალგაზრდაა, თუმცა მისი მომხიბლავი შესაძლებლობები, როგორც გაწრთვნილ მსახიობს, საშუალებას აძლევს გამოხატოს ვნება, ბრაზი და მგრძნობიარობა.”

კვირიკაძესთან ერთად დასახელებული მსახიობები არიან:

[checklist]

  • ეილი ჰარბო ნორვეგიიდან
  • ალბა აუგუსტი შევდეთიდან
  • მატილდა დე ანჯელისი იტალიიდან
  • ფრანც როგორვსკი გერმანიიდან
  • მატეო სიმონი ბელგიიდან
  • იონას სმულდერსი ნიდერლანდიდან
  • რეკა ტენკი უნგრეთიდან
  • ლუნა ვედლერი შვეიცარიიდან

[/checklist]

EUROPEAN SHOOTING STARS–ის ორგანიზატორები შერჩეულ მსახიობებს წარუდგენენ კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს, საზოგადეობასა და საერთაშორისო პრესას ბერლინის 68–ე კინოფესტივალზე, რომელიც 2018 წლის 15–25 თებერვალს გაიმართება.

16–19 თებერვალს ბერლინში, ოთხდღიანი პროგრამის ფარგლებში, მსახიობები მონაწილეობას მიიღებენ სპეციალურად მათთვის შექმნილ პროგრამაში, რომელიც აერთიანებს ვორქშოფების სერიას, რომლის მიზანიც იქნება მათი პროფესიული წრის გაფართოება, შეხვედრები კინოინდუსტრიის წარმომადგენლებთან და სპეციალისტებთან, მათ შორის, ქასთინგის დირექტორთა საერთაშორისო ქსელის წარმომადგენლებთან, რეჟისორებთან, პროდუსერებთან.

ბერლინალეს დაჯილდოების ცერემონიაზე მათ გადასცემენ EUROPEAN SHOOTING STARS-ის ჯილდოს.

EUROPEAN SHOOTING STARS პროექტია, რომლის მიზანიც ახალგაზრდა მსახიობების მხარდაჭერაა. ის 1998 წელს შეიქმნა, 293 მსახიობი აღმოაჩინა და არაერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო კინოფესტივალზე მიიწვია. ამ პროექტის მონაწილეები იყვნენ დენიელ ქრეიგი, რეიჩელ ვაისი, ალისია ვიკანდერი, მათიას შოენაერთსი.

2018 წლის ჟიურის წევრები არიან პროგრამის ყოფილი მონაწილე ედუარდო ნორიეგა ესპანეთიდან, რეჟიოსორი მაიკე დე იონგი ნიდერლანდიდან, ქასთინგის დირექტორი ნიკოლ შმიდტი ავსტრიიდან, პროდიუსერი ანრიკა იურიკ ტილიკი ხორვატიიდან, კინოკრიტიკოსი მოდ სტაინშარი ნორვეგიიდან.

პროგრამის მხარდამჭერია “შემოქმედები ევროპა – მედიის” პროგრამა – ევროკავშირის პროექტი.

რეზო გიგინეიშვილის ფილმი “მძევლები” საქართველოში 1983 წელს განვითარებულ რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული და 7 ქართველი ახალგაზრდის მიერ საბჭოთა კავშირის დატოვების სურვილით თვითმფრინავის გატაცების მცდელობის შესახებ გვიყვება.

“მძევლების” პრემიერა თბილისში 2017 წლის 20 აპრილს შედგა. “მძევლები” საქართველოს, რუსეთისა და პოლონეთის საერთო პროდუქციაა. მისი ღირებულება კი, ჯამში, 2 მლნ. დოლარამდეა.

მასალების გადაბეჭდვის წესი