ახალი ამბები

ნათია მეზვრიშვილი: გამოვყავით სკოლები, სადაც საპატრულო ეკიპაჟების პატრულირება გაძლიერდება

18 დეკემბერი, 2017 • 2257
ნათია მეზვრიშვილი: გამოვყავით სკოლები, სადაც საპატრულო ეკიპაჟების პატრულირება გაძლიერდება

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, იდენტიფიცირდა სკოლების სია, სადაც საპატრულო ეკიპაჟების პატრულირება გაძლიერდება.

ეს განცხადება შს მინისტრის მოადგილემ სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დაწყებამდე გააკეთა.

“ჩვენ ამ ჯგუფის ფარგლებში სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით და მანდატურის სამსახურის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით უკვე მოვახდინეთ იმ სკოლების იდენტიფიცირება, სადაც განსაკუთრებით იქნება გაძლიერებული საპატრულო ეკიპაჟების პატრულირება და უფრო მჭიდრო კონტაქტში იქნებიან მანდატურის სამსახური და საპატრულო პოლიცია…. ამ ეტაპზე, საპატრულო პოლიცია იქნება სრულ კოორდინაციაში მანდატურის სამსახურთან, ანუ, როგორც კი გახდება პოლიციის ჩართულობა საჭირო, მაშინვე მოხდება მანდატურის სამსახურისგან შემთხვევის გადამისამართება საპატრულო პოლიციასთან”.

ნეტგაზეთის კითხვაზე, რის საფუძველზე გამოყოფენ ასეთ სკოლებს, მან განაცხადა, რომ სკოლები წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე შეარჩიეს:

“მაგალითად, რომელი არის სკოლები, სადაც უფრო მეტი ასოციალური ქცევის ბავშვი სწავლობს, რომელი არის სკოლები, სადაც ხშირად ხდება სამართალდარღვევები ან დისციპლინური გადაცდომები, ასევე, სტატისტიკური მონაცემები,”- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

გარდა ამისა, მეზვრიშვილმა ჟურნალისტებთან მანდატურის სამსახურის გაძლიერებაზე ისაუბრა.

“ჩვენ ალბათ ვიმუშავებთ მანდატურების და გადამზადების მიმართულებით, რომ გადამზადების კურსი გაცილებით ეფექტური გახდეს და დაიხვეწოს. გადავხედავთ მანდატურის სამსახურში მიღების კრიტერიუმებს, ასევე გადავხედავთ, კოორდინაცია რამდენად ეფექტურია მანდატურსა და საპატრულო პოლიციას შორის, რამდენად დეტალურად არის გაწერილი მანდატურის ფუნქციები, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ეფექტიანი რეაგირება მოახდინონ ჩადენილ სამართალდარღვევაზე სკოლაში,” – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მისივე თქმით, მანდატურის სამსახურსა და საპატრულო პოლიციას შორის კოორდინაციის გასაზრდელად საკანონმდებლო ინიციატივა მომზადდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი