სასულიერო პირებს აზერბაიჯანში ხელფასს დაუნიშნავენ

APA.AZ-ის ინფორმაციით,  2018 წლის თებერვლიდან აზერბაიჯანში სასულიერო პირები მორალური ღირებულებების პროპაგანდის ფონდის მეშვეობით ხელფასებს მიიღებენ. ამის შესახებ აზერბაიჯანის რელიგიური ორგანიზაციების მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის თავჯდომარემ, მუბარიზ გურბანლიმ განაცხადა.

მისი თქმით, ხელფასის ოდენობა და ის პირები, რომელთაც ხელფასი დაენიშნებათ,  ამ დროისთვის უცნობია.

“კავკასიის მუსლიმთა ადმინისტრაციის მიერ მეჩეთში დანიშნული იმამები და სხვა რელიგიური ფიგურები ხელფასებს მიიღებენ თავად ადმინისტრაციის რეკომენდაციით. ეს მნიშვნელოვანია სოციალურ-პოლიტიკური თვალსაზრისით”, – განაცხადა მან.

კომიტეტის თავჯდომარის თქმით, ახლო მომავალში, მორალური ღირებულებების პროპაგანდის ფონდის დირექტორისა და სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევა მოხდება:

“ეს პროცესი იანვრის ბოლოს დასრულდება. ამის შემდეგ ფონდის სრულყოფილი საქმიანობისთვის სამართლებრივი ბაზა შეიქმნება და ფინანსები გამოიყოფა”, – განაცხადა მუბარიზ გურბანლიმ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
დავით ოქროპირიძე