მაია ბითაძე. ფოტო: თბილისის მერია

თბილისის ქუჩები, სადაც ნაგავმზიდი მანქანები ღამით იმოძრავებენ

„თბილსერვის ჯგუფი“ ნაგავშემკრები კონტეინერების დაცლას ღამის საათებში 2018 წლის 1 მარტიდან დაიწყებს. თბილისის მერის მოადგილის, მაია ბითაძის თქმით, საპილოტე პროგრამის ფარგლებში ნაგავმზიდი მანქანები თავდაპირველად იმოძრავებენ 32 ქუჩაზე. ისინი მუშაობას 22:00 სთ-დან შეუდგებიან და ყოველდღიურად 400-მდე კონტეინერს დაცლიან.

თბილისის მერის მოადგილის განცხადებით, საპილოტე პროექტი ჭავჭავაძის გამზირზე, აბაშიძის, ფალიაშვილის, ბერძენიშვილის, მუხაძის, კავსაძის, ბაზალეთის, ერისთავის, ნაფარეულის, ბარნოვის, არაყიშვილის, ტაბიძის, რადიანის, მცხეთის, შატბერაშვილის, ჯანაშვილის, ქუთათელაძის, ატენის, რაზმაძის, ელიავას, ცხვედაძის, მარუხის გმირების, ქობულეთის, ჩოლოყაშვილის, რამიშვილის, გაბაშვილის, ყიფშიძის, აბულაძის, მარაბდის, მოსეშვილის, დარიალისა და კეკელიძის ქუჩებზე განხორციელდება.

მისივე თქმით, 1 მარტამდე მერია აღნიშნულ ქუჩებზე არსებულ ნაგავმზიდ და ნაგავშემკრებ კონტეინერებს ახლით ჩაანაცვლებს, რათა რკინის კონტეინერის მოძრაობის თანმდევი ხმაურისა და დაბიძნურების საფრთხე შემცირდეს.

“აღნიშნული ქუჩების მცხოვრებლებს ძალიან ვთხოვთ, რომ მერიას ამ პროექტის  განხორციელებაში მხარში ამოუდგეს და მაქსიმალურად შეეცადოს, ნარჩენები საღამოს საათებში გაიტანოს, რათა აღნიშნული პროექტი ეფექტიანად განხორციელდეს“, – აღნიშნა ბრიფინგზე ბითაძემ.

შემდგომ პერიოდში საპილოტე პროექტი თბილისის სხვა ქუჩებსაც მოიცავს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან